აშშ-მა, გერმანიამ და პოლონეთმა, შესაძლოა, ერთობლივი სამხედრო მანევრები გამართონ

ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხი ამჟამად "განხილვის პროცესშია".
ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის ნატო-ს მოკავშირეებს, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს,
„ნატო შორს არის ისეთი სუსტისგან, როგორიც დიდი ხანი მიაჩნდა პუტინს“, -განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ალიანსი ბევრად ძლიერი და შეკრულია, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.
„თუმცა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, ასრულებენ თავდაცვით ვალდებულებებს“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

























