მამუკა გამყრელიძე - ჩინეთი უფრო და უფრო იხრება რუსეთისკენ, მათთვის მომგებიანია უკრაინაში ომის გაწელვა, რომლითაც ჩინეთი მოიგებს დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალი, გარდაუვალი  დაპირისპირების წინ

ჩინეთის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულ 12-პუნქტიან გეგმაზე, რომლითაც ჩინეთმა მსოფლიოს მშვიდობის დამყარების საკუთარი მოდელი შესთავაზა, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე საუბრობს.

- რა თამაში წამოიწყო ჩინეთმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის ერთი წლის თავზე საეჭვოდ გააქტიურდა და მსოფლიოს მშვიდობის დამყარების 12-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა?

- ჩინეთმა ჩვეულებისამებრ საკუთარი თამაში წამოიწყო. მას ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ჩამოეყალიბებინა პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით. უკვე ღიად გამოჩნდა, რომ ჩინეთი ნელ-ნელა იხრება რუსეთის მხარეს. თავიდან უკმაყოფილო იყო ომის დაწყებით, უპირველესად კი იმით, რომ რუსეთმა, როგორც მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ვერ მოახერხა სწრაფი გამარჯვების მიღწევა, გაება გრძელვადიან ომში, რომელიც იმ მომენტისთვის ჩინეთისთვის მისაღები არ იყო, ამას გარდა, მისი სტრატეგიული პარტნიორი გამოჩნდა იმაზე სუსტი, ვიდრე ჩინეთი წარმოიდგენდა. შემდეგ იყო ხანგრძლივი სიჩუმის პერიოდი, ჩინეთი თითქოს დაკვირვების რეჟიმში გადავიდა, თუმცა მაინც ჩანდა, რომ ერთი მხრივ, არ ამართლებდა ომს, მეორე მხრივ კი, ომის გამომწვევ ფაქტორად მოიაზრებდა ნატო-ს გაფართოებას და ადანაშაულებდა დასავლეთს. ჩინეთი დღესაც რჩება იგივე პოზიციაზე, რაც ძალიან კარგად დავინახეთ მის 12-პუნქტიან გეგმაში, რომელიც რეალურად არის ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ექვსპუნქტიანი კონცეფციის ერთგვარი გაგრძელება. ორივე ამ დოკუმენტის ძირითად ღერძად გამოკვეთილია მთავარი: ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამაგიეროდ, დანარჩენი პუნქტები არის ბუნდოვანი და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მთავარ პუნქტს. ჩემი მოსაზრებით, ორივე დოკუმენტში კონკრეტიზებულია ჩინეთის ნეგატიური პოზიცია გაეროს ცალმხრივი სანქციებისა და დასავლეთის სამხედრო ალიანსების, პირველ რიგში, ნატო-ს და ასევე aukus-ის მიმართ, რომელიც შექმნილია წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის შესაკავებლად.

- ჩინეთის მიერ 12 პუნქტიანი გეგმის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა ჩინეთის მთავარი დიპლომატის ვან ის ვიზიტი და შეხვედრები ევროპაში, მოგვიანებით კი - მოსკოვში. ახლა გაცხადდა, რომ ჩინეთში ჩადის ბელარუსის პრეზიდენტი. რატომ გააქტიურდა ჩინეთის დიპლომატია და რა მიზნებს ემსახურება ეს შეხვედრები?

- ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტზე ცოტა მოგვიანებით, რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, ის მიუნხენში დააანონსა ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრმა და მთავარმა დიპლომატმა ვან იმ. ამ დოკუმენტის მიმართ იყო დიდი მოლოდინი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის „დოკუმენტი დოკუმენტისთვის“. ვინაიდან ჩინეთს აქვს ტაივანის პრობლემა და ასევე შიდა სეპარატისტული მოძრაობა სინ ძიან - უიგურის და ტიბეტის რეგიონებში, ის იძულებული იყო ამ დოკუმენტში მთავარ პუნქტად გამოეტანა მისი ურყევი მხარდაჭერა ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმის, რომ ეს პუნქტი მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის აგრესიასთან უკრაინაში, დანარჩენ პუნქტებში ჩინეთი ცდილობს ამ ომში პასუხისმგებლობა დააკისროს დასავლეთის მხრიდან რუსეთის პროვოცირებას და ნატოს გაფართოებას. ასეთი ორმაგი სტანდარტი გამოწვეულია იმით, რუსეთი ჩინეთისთვის არის ისტორიული და სტრატეგიული პარტნიორი, როგორც ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით. განსაკუთრებით თვალშისაცემია იდეოლოგიური თანხვედრა. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია კრემლის ავტოკრატიული რეჟიმის შენარჩუნება, მათ არ აქვთ სენტიმენტები პერსონალურად პუტინის მიმართ, მთავარია რუსეთში შენარჩუნდეს დიქტატორული ტიპის რეჟიმი.

ამავე დროს, ჩინეთი ძალიან მოწყვლადია ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ამიტომ მისთვის აუცილებელია დასავლეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. ჩინეთი დიდწილად დამოკიდებულია ამერიკის და ევროპის ბაზრებზე, გარდა ამისა, ჩინეთს სჭირდება ტექნოლოგიები, დასავლური ინვესტიციები, ამიტომაც ცდილობს დასავლეთთან შეინარჩუნოს ნელ-თბილი ურთიერთობები. ჩინეთმა იცის, რომ მომავალში გარდაუვალია დაპირისპირება ამერიკასთან, რისთვისაც ის აქტიურად ემზადება. ჩინეთმა 2015 წელს დაიწყო ფუნდამენტური სამხედრო რეფორმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2035 წელს, ამ დროისთვის მოხდება არმიის სრული მოდერნიზება და რეორგანიზება. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დაპირისპირებისთვის ემზადება ამერიკაც. როგორც CIA ის დირექტორის მოადგილემ დევიდ კოენმა განაცხადა, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით ჩინეთი 2027 წელს აუცილებლად შეიჭრება ტაივანში და თუ ეს მოხდა, ტაივანი გახდება ამერიკა - ჩინეთის დაპირისპირების ცენტრი, მსოფლიოსთვის მომავალი ცხელი წერტილი, ამიტომაც ჩინეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომის მაქსიმალური გაწელვა უკიდურესად მომგებიანია.

- რატომ შედის ამ ომის გაჭიანურება ჩინეთის ინტერესებში?

- რადგან მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ვერ მოახერხა სწრაფი გამარჯვება უკრაინაში, ახლა ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ომის მაქსიმალურად გაწელვა. რადგანაც ამერიკის და მთლიანად დასავლეთის ყურადღება გადატანილია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, ჩინეთი იყენებს ამ დროს იმისთვის, რომ გაძლიერდეს სამხედრო თვალსაზრისით, დაამთავროს თავისი არმიის რეფორმირება. მეორეს მხრივ, ჩინეთისთვის მომგებიანია დასუსტებული რუსეთი, რომელიც დამოკიდებული იქნება ჩინეთზე ეკონომიკურად. ომის შედეგად დასუსტებული რუსეთი და ევროპა მთლიანად ჯდება იმ კონცეფციაში, რომელიც ჩინეთმა წარმოადგინა G-20-ზე ინდონეზიაში, რომელიც პრინციპში მიიღო ამერიკამ როგორც თამაშის ახალი წესი - მსოფლიოს ორი ძირითადი ცენტრი: ჩინეთი და ამერიკა და მათ ირგვლივ შეკრებილი თანამოაზრეები.

როგორც ყოველთვის, ჩინეთი ახლაც კარგად გრძნობს მსოფლიოს პოლიტიკურ განწყობებს, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ნეგატივი დაგროვდა მსოფლიოში ამ ომის მიმართ, რაც გამოიხატა ორი დღის წინ გაეროს რეზოლუციაში, რომელიც ეხებოდა ზელენსკის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პუნქტების მხარდაჭერას, ამ რეზოლუციის მიღებაზე მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ თქვა უარი, მათ შორის იყო ჩინეთი. ჩინეთი ასევე აცნობიერებს, რომ ომის პერიოდში ნატო მნიშვნელოვნად გაძლიერდა და მოხდა ევროპის უსაფრთხოების სისტემის სრული ინკორპორირება ნატოში. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე ჩინეთი იძულებული გახდა გადაედგა ფსევდონაბიჯი 12-პუნქტიანი დოკუმენტის სახით, ე. წ. სამშვიდობო მოწოდებით, რომელიც რეალურად არ წაადგება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, უფრო მეტიც, ღიად ჩანს რომ ჩინეთი აბსოლუტურად არ არის განწყობილი იმისთვის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. ვან ის ვოიაჟით დასავლეთში, შეხვედრებით ბლინკენთან, ორბანთან, პუტინთან, კულებასთან, ჩინეთმა აჩვენა, რომ ის მზად არის ესაუბროს ყველა მხარეს. სწორედ ამ შეხვედრების შედეგად დაიდო ე.წ. ჩინეთის სამშვიდობო გეგმა. რეალურად, ეს გეგმა უფრო ადრე იყო მზად. ტურნე დასავლეთში და შეხვედრები იყო მხოლოდ პიარის ნაწილი. ჩინელები ხვდებიან, რომ კონფლიქტის არც ერთი მხარე არ არის მზად იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, რადგანაც არ არსებობს კომპრომისის საგანი, რაც კარგად ესმის დასავლეთსაც. ზელენსკის 10-პუნქტიან გეგმაში არის სწორედ ის მთავარი პუნქტი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული - უკრაინის ტერიტორიის სრული განთავისუფლება და რუსული ჯარების გაყვანა, ამ პუნქტის გარეშე არანაირი მოლაპარაკება არ შედგება, რაც მშვენივრად ესმის დასავლეთს. ჩინეთმა თავისი საქმე გააკეთა, შემოაგდო გეგმა, როგორც სატყუარა და გადავიდა მოლოდინის რეჟიმში, რაც ჩინეთს ზოგადად ახასიათებს. ახლა ჩინეთი დადგება განაწყენებულის პოზაში და განაცხადებს, რომ დასავლეთმა უნდა აიძულოს კიევი, დათანხმდეს მოლაპარაკებებზე. რეალურად ჩინეთს არანაირი მოლაპარაკება არ სჭირდება. ეს არის დიპლომატიური სატყუარა იმისთვის, რომ ითამაშოს მშვიდობისმყოფელის როლი. ძალიან საინტერესო იყო ნეგატიური გამოხმაურებები, რაც მოჰყვა ამ გეგმას დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა და ევროპელმა ლიდერებმა ეს გეგმა გააკრიტიკეს და არარეალურად მიიჩნიეს, უკრაინის მხარე ფრთხილი პოზიტივით შეხვდა მას და გამოთქვა მზადყოფნა, გაიმართოს შეხვედრა სი ძინპინთან ამ გეგმის განსახილველად.

- პეკინში შედგება სი ძინპინის და ბელარუსის პრეზიდენტის შეხვედრა. იმ მოცემულობაში რაც შეიქმნა, რა შეიძლება იყოს ამ შეხვედრის მიზანი?

- ამ დღეებში მედიაში გამოჩნდა თეთრი სახლის, ამერიკის დაზვერვის, პენტაგონის და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების განცხადებები. შეშფოთება იმის გამო, რომ ჩინეთი აპირებს დახმარება გაუწიოს რუსეთს ლეტალური იარაღით, მათ შორის საუბარია პერსონალურ იარაღზე, ტყვია-წამალზე და 150-152 მმ იან ჭურვებზე არტილერიისთვის. ჩინეთი ასევე ფიქრობს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას, რაზეც მას ამერიკა ძალიან მკაცრად აფრთხილებს, რომ ეს იქნება წითელი ხაზის გადაკვეთა. აქამდე ჩინეთი ღიად არ არღვევდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის მიმართ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მაინც ახერხებდა მისთვის ეკონომიკური და ტექნოლოგიური დახმარების გაწევას.

ლუკაშენკოს ვიზიტი გვაფიქრებინებს, რომ ჩინეთი მართლაც ემზადება რუსეთის დასახმარებლად. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოხდება ბელარუსის გამოყენება, როგორც შემოვლითი გზის სამხედრო დახმარების რუსეთამდე მისაღწევად. როგორც ცნობილია, ბელარუსი არის არა თუ რუსეთზე ნაკლები, პირიქით, უფრო ახლო პარტნიორი ჩინეთისთვის. მათ გაფორმებული აქვთ ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობების ხელშეკრულება. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ტექნოლოგიები. არ არის გამორიცხული, ასეთი ურთიერთობების გამოყენება მოხდეს იმისთვის, რომ რუსებმა მიიღონ ჩინეთისგან ტექნოლოგიური დახმარება, რისი პრობლემაც რუსეთს სერიოზულად აქვს მაღალტექნოლოგიური იარაღის, კერძოდ რაკეტების დამზადებაში. როგორც ვხედავთ, ჩინეთი უფრო და უფრო იხრება რუსეთისკენ, არ არის გამორიცხული ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგან ახლა მათთვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, გაიწელოს ეს ომი და მეორეს მხრივ - ჩინეთი ყველანაირად შეეცდება დაიჭიროს თავისი სტრატეგიული პარტნიორების მხარე, მომავალი დაპირისპირების წინ, რომელიც მას ელის ამერიკის შეერთებულ შტატებთან წყნარი ოკეანის აუზში. იწყება დიდი და ძალიან საშიში გლობალური თამაში, რომელმაც შესაძლოა მიგვიყვანოს არა რეგიონულ, არამედ ფართომასშტაბიან დაპირისპირებამდე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს