„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტშია და ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება

პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტშია და ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს. ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონის მოქმედი რედაქცია უცვლელად შენარჩუნდეს, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ წარსულში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრა პრობლემა არასდროს ყოფილა.

„დაუშვებელია მსგავსი პერსონიფიცირებული კანონის მიღება, რადგან ცვლილება კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის მმართველობაში უხეშ ჩარევას განაპირობებს და მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აღიქმება“, - ნათქვამია მოტივირებულ შენიშვნებში.

პრეზიდენტი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ეროვნულ ბანკში დამატებით კიდევ ერთი აღმასრულებელი თანამდებობის დაჩქარებული წესით შემოღება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ემთხვევა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრას უკავშირდება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იმ მიუღებელი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის თანახმად, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოებს დროებითი მოვალეობის შემსრულებლები განუსაზღვრელი ვადით ხელმძღვანელობენ.

“პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრიდან ხუთი აღმასრულებელი იქნება, ხოლო ოთხი - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად გარკვეული პერიოდში საბჭოს აღმასრულებელი და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი ირღვევა. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის შეფასებითაც, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების რეალური საჭიროება არ არსებობდა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი უფლებამოსილია კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადაში ხელი არ მოაწეროს კანონს და მოტივირებული შენიშვნებით იგი პარლამენტს დაუბრუნოს.

პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა