თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. წვრთნების საქმეზე დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. წვრთნების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ე.წ. წვრთნების საქმეზე, დავით კეზერაშვილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებიან.

კეზერაშვილთან ერთად საქმეზე ბრალდებულია თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა.

ბრალდების მტკიცებით, კეზერაშვილს მისი მინისტრობის დროს, 2008 წელს, სამინისტროს ცალკეულ დანაყოფებში წვრთნები უნდა ჩაეტარებინა, რაც არ ჩატარდა, შედეგად დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზარალი მიადგა.

სასამართლოს დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. ადვოკატებმა სხდომაზე წარმოადგინეს ვიდეოკადრები, რომლებიც მათივე თქმით, ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში 2008 წელს სამხედრო წვრთნები ნამდვილად ჩატარდა, რაც შემდეგ ვერ გაგრძელდა იმ მიზეზით, რომ საქართველოს რუსეთი დაესხა თავს.

სამხედრო წვრთნების ამსახველი ვიდეომასალის გარდა, ადვოკატებმა სხდომაზე წარმოადგინეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარსულში, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები. კერძოდ, ამ ვიდეომტკიცებულების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამდა იმას, რომ ქვეყანაში რეალურად არავითარი სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა და რომ კეზერაშვილმა “ჯარი გაძარცვა”. ჩანაწერის მიხედვით, ღარიბაშვილის ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი იყო საქართველოში ელიტური კორუფციის ფუძემდებელი, რომელსაც 300-400%-იანი ფასნამატით აქვს შეძენილი შეიარაღება. იდებოდა ფიქტიური ხელშეკრულებები. მისივე თქმით,

კორუფციული ფაქტებს კეზერაშვილის შემდგომი მინისტრების დროსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კორუფციული სქემების ყველაზე დიდი მასშტაბი სწორედ დავით კეზერაშვილის დროს დაფიქსირდა თავდაცვის უწყებაში. ადვოკატების განმარტებით, ეს ვიდეომასალები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით, წარმოადგინეს იმის საილუსტრაციოდ, რომ კეზერაშვილის ბრალდების საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და რომ მის წინააღმდეგ სიცრუის პროპაგანდა მუშაობს. შესაბამისად დაცვის მხარე ხაზს უსვამს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების ფაქტს არ იზიარებს. ანალოგიური პოზიცია აქვს ალექსანდრე ნინუას ადვოკატს, ოთარ კახიძესაც.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის, პოზიციას, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია იმ ზიანის ოდენობა, რაც ე.წ. წვრთნების საქმით თავდაცვის სამინისტროს მიადგა. დღევანდელ პროცესზე კი, მათი თქმით, შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ დაცვის მხარის მიერ უზენაესი სასამართლოს ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე 2022 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება - წვრთნები არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.

ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა