„ლელო“ - “აგენტებად” დარეგისტრირების მოთხოვნაზე კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ანალოგია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია

უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების “აგენტებად” დარეგისტრირების მოთხოვნის შესახებ კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ანალოგია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია. ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლელო“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის მიერ 23 თებერვალს გავრცელებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და, ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, ამის ნათელი დასტურია.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნებისგან დახმარების შეჩერება გამოიწვიოს, რასაც მოწმობს გაერო-ს და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების განცხადებები. დახმარების შეჩერება კი, პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობა, ხელისუფლების ვალდებულებაა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან მის მიღებამდეც ცნობილია, რომ ის დააბრკოლებს ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს.

პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება”, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

პარტია აღნიშნავს, რომ „ლელომ" აქტიური მოქმედება დაიწყო აღნიშნული კანონპროექტის მიღების შეჩერების მიზნით.

„გრძელდება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ვიწყებთ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას საქართველოს ევროპული მომავალის დაცვის და ამ ინიცატივის შეჩერების მიზნით; „ლელოს" წარმომადგენლები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომარდგენლებთან იმ მიზნით, რომ მაქსიმალური დაბრკოლება შეუქმნან კანონპროექტის მიღებას.

ახლა საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეებისმაქსიმალურად გააქტიურების და გაერთიანების დროა. „ქართულმა ოცნებამ" ღიად გადაუხვია საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის გზიდან, რისთვისაც უახლოეს არჩევნებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს”, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა