მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი, ეს ჰუმანიტარული საკითხია და არა პოლიტიკური - ევროკავშირის მხრიდან ზეწოლა უნდა გაძლიერდეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პერსონალურად ივანიშვილზე, რადგან ყველას ესმის, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, გაცილებით უფრო დიდი ეფექტი აქვს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, ვიდრე იმ აქტივობას, რომელიც ერთი დღის ნიუსად რჩება.
„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ძალაუფლების გულისთვის, პოლიტიკური კონკურენტების გასანადგურებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად დიდი ქვაბი აიღო და ყველა ჩაყარა მასში - პირველი მიხეილ სააკაშვილი, ზიზღი და პროპაგანდა მის მიმართ, „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა დანარჩენი პარტია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ბოლოს უკრაინა, ევროკავშირი და გადაწყვიტა, რომ პროპაგანდისტულად მოურიოს ამ ქვაბს, მოხარშოს, მიიღოს ერთფეროვანი მასა და თქვას, რომ ყველა ერთია, ვინც არის ჩემს წინააღმდეგ. მიშა, ნიკა -[გვარამია] , 12 პუნქტი, ომბუდსმენის არჩევა, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია - გამოაცხვეს ანტიდასავლური ნამცხვარი და ბოლოს დაადეს ახალი კანონპროექტი, რუსული ძალა. ეს ყველაფერი არის ძალიან კომპლექსური.
ბიძინა ივანიშვილს სჯერა ერთი რამის, რაც არის ძალიან მცდარი, რომ რუსეთი და პუტინი გაცილებით უფრო ძლევამოსილია ახლა, ვიდრე დასავლეთი. დასავლეთს უფრო დიდი ბერკეტი აქვს უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კანონმდებლობა, ამიტომ ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოებრივი მიდგომა არ აწუხებს, ეს ადამიანი ხედავს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის რა გამოიყენოს და იყენებს რუსულ მეთოდებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"