მოწმემ დაადასტურა, რომ ივერი მელაშვილი ყოველთვის დაჟინებით ცდილობდა საქართველოს ინტერესები დაეცვა, მათ შორის, მოლაპარაკებების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ, რომელიც კომისიის ყოფილი წევრია, ვერ გაიხსენა ვერც ერთი შემთხვევა, როცა რომელიმე გადაწყვეტილება კომისიის მხრიდან, საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო გამოყენებული.
"2005-2007 წლებში, როცა მოწმე კომისიაში საქმიანობდა, რუკები, რომელზეც საუბარია, საქართველოს მხარეს უკვე ჰქონდა 2000-იან წლებში, ქალბატონ ნატალიას მიერ მოძიებულიც იქნა, კომისიის ექსპერტების მიერ შეფასებულიც იქნა და მისი გამოუსადეგარობაც დადგინდა და სახელმწიფო საზღვრის დადგენის დეპარტამენტში ინახებოდა. თუკი, სხვა კარტოგრაფიულ ან დოკუმენტურ მასალაზე იყო საუბარი, ნებისმიერ ქვეყანაში - ეს იქნებოდა აზერბაიჯანი, სომხეთი, თუ რუსეთი, ცხადია, ქართული მხარე ამ მასალის მოძიებით დაინტერესებული იყო. გასათვალისწინებელია დროც, ეს 2008 წლის ომამდე პერიოდი იყო, როცა რუსეთის სახელმწიფოსთან ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული ურთიერთობა. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, მან ცალსახად დაადასტურა, რომ ეს აპელირება, თითქოს, ბრალდებულები ითხოვდნენ საზღვრის ხაზის გავლებას თხემზე, ტყუილია, ეს ასე არ ყოფილა. პირიქით, მოწმე ჩვენებაში ამბობდა და კითხვაზეც არაერთხელ დააზუსტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუკებზე მოცემულობა იყო, რომ საზღვარი თხემზე გადიოდა, ქართული მხარის პოზიცია უცვლელი იყო და ყოველთვის მათ შორის, ბრალდებულების მონაწილეობით, დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩენილიყო არამხოლოდ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი მონასტრები, რომელიც თხემზეა, არამედ ბერთუბნის მონასტერი. ძალიან ვწუხვართ, რომ ეს პოზიცია დღეს სახელმწიფოს გადახედილი აქვს და არაფერი ისმის ბერთუბნის მონასტერთან დაკავშირებით.
მოწმემ დაადასტურა, რომ ივერი მელაშვილი ყოველთვის დაჟინებით ცდილობდა საქართველოს ინტერესები დაეცვა, მათ შორის, მოლაპარაკებების პროცესში. მოწმემ ვერ გაიხსენა ვერც ერთი ეპიზოდი ან შემთხვევა, როცა რომელიმე გადაწყვეტილება კომისიის მხრიდან, შეიძლება საქართველოს ინტერესების საზიანოდ ყოფილიყო მიმართული",- განაცხადა მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"