სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა.
„სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, წინა ჯერზე, ჩვენ სპეციალური პროცედურა შემოვიღეთ რეგლამენტში, რომელიც მრავალსაფეხურიანი იყო და გარკვეული ვადებით გაწერილი, მაშინ, სამწუხაროდ, შედეგიანად ვერ დასრულდა. ეს იყო ერთჯერადი პროცედურა, შესაბამისად, პარლამენტი დაუბრუნდა რეგულარულ, რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის შვიდ წევრს შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატი. ეს არის მთელი პროცედურა დასახელების და ამ კანდიდატის დასახელების საკითხს შემდეგ განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და უკვე შემდეგ პლენარულ სხდომაზე ჭირდება 90 ხმა.
ეს არის პროცედურა რომელიც მოქმედებს, ვადები და რაიმე ჩარჩო არ არსებობს. ჩვენ 1 იანვრიდან ამ სისტემაზე ვართ და ახლა დასახელდა კანდიდატი და არ ვიცი სხვებს თუ აქვთ სურვილი კანდიდატის დასახელების, შეიძლება, თუმცა ვადები არ არის და ვერ შევზღუდავთ და ჩარჩოებში ვერ მოვაქცევთ. რაც შეეხება ლევან იოსელიანის კანდიდატურას, გადაეცემა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და კომიტეტი განიხილავს და შემდეგ წავა პლენარულ სხდომაზე. მნიშვნელოვანია, რომ საკითხიც მალე იქნას განხილული, ვინაიდან ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია და ჩვენი საზოგადოების ინტერესის ქვეშაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.