პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები პარლამენტს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე ინიცირებული კანონპროექტების ალტერნატიულ პროექტებს სთავაზობენ

პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატები პარლამენტს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე ინიცირებული კანონპროექტების ალტერნატიულ პროექტებს სთავაზობენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგლამენტის 108-ე მუხლი გამოიყენეს, რომლის მიხედვით, კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე, პარლამენტის წევრმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინოს. რეგლამენტის თანახმად, ალტერნატიული კანონპროექტი ძირითადი კანონპროექტისგან არსებითად უნდა განსხვავდებოდეს. მას წამყვანი კომიტეტი იხილავს.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების ალტერნატიული კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი და იკრძალება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას. გარდა ამისა, მათ მიერ წარდგენილია „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ოთხიდან რვა წლამდე. ხოლო იგივე ქმედება, რაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგს გამოიწვევს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით - ვადით 6-დან 12-წლამდე.

დეპუტატებმა ბექა ლილუაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ბიუროს მათ მიერ მომზადებული კანონპროექტების ალტერნატიული პროექტების სტატუსით ინიცირება დღევანდელ სხდომაზე შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

როგორც მათ განემარტათ, კანონპროექტები ორშაბათის ბიუროს სხდომაზე იქნება წარდგენილი, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითხოვს და განსახილველად წამყვან - იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, რომელიც ასევე ორშაბათს უნდა გაიმართოს.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით უნდა განიხილონ, 5 მარტს, 09:30-საათისთვის არის ჩანიშნული.

რაც შეეხება ორშაბათის ბიუროს სხდომას, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ინიცირდება და განსახილველად კომიტეტებს გადაეცემა, პარლამენტის ვებ-გვერდზე მისი გამართვის დრო ჯერ მითითებული არ არის, თუმცა ტრადიციულად, ორშაბათს ბიუროს სხდომა 15:00 საათისთვის იმართება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს