გორის სასამართლომ ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკა საბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

როგორც სხდომაზე პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, ბრალდებული ორმაგი მოქალაქეობის მქონეა (საქართველოს და რუსეთის ფედერაციის), რამდენჯერმე ფიქსირდება მისი მხრიდან საზღვრის კვეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბაშვილს აქვს გარკვეული კონტაქტები და შესაბამისად, არსებობს მიმალვის საფრთხე, აღნიშნულის გარდა, ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების სხვა საფუძვლებიც დაასახელა.

,,საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ასაბუთებენ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძვლებს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული. მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პატიმრობის გამოყენების საფუძვლად უთითებს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ შემთხვევაში, სამივე საფრთხე სრულიად დასაბუთებულია, დაცვის მხრის მხრიდან საუბარი იყო გამოძალვაზე, მაგრამ ეს პირი არჩევანს არ აკეთებს კანონის სასარგებლოდ და თავად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ უალტერნატივოდ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. ნიკა საბაშვილის ინტერესებს სამი ადვოკატი იცავს - ნოდარ ცინცაძე, სულხან კომახიძე და გოჩა გოჩიტაშვილი.

დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ საბაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეფარდებოდა.

,,თუ ფაქტებს სწორად წარმოვაჩენთ, ის საფრთხეები, რაზეც ბრალდების მხარე საუბრობდა, ავტომატურად ნეიტრალდება. ბრალის ფორმულირება ბრალდების მხარემ არაობიექტურად მოგვაწოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ ადამიანების მოკვლის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია. მისი კუთვნილი, მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი, რომელიც ავტომანქანის უკანა სავარძელზე იდო, საბრძოლო მდგომარეობაშიც კი არ იყო მოყვანილი და მხოლოდ მას შემდეგ მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, როდესაც ამ პირების მხრიდან შეურაცხყოფის და მუქარის კორიანტელი წამოვიდა, სწორედ მათ დასანახავად მოიყვანა იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში, რომ აღნიშნული პირები მოეგერიებინა. სასამართლოს წინაშე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად საერთოდ არ იყოს გამოყენებულ პატიმრობა და ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ გამოყენებულ იქნას შემდეგი შეზღუდვები: ყველა სახის საბუთის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ჩამორთმევა;

მოწმეებთან მიახლოების აკრძალვა; ელექტრონული მონიტორინგი (ელექტროსამაჯურის გამოყენებით); პოლიციის განყოფილებაში ყოველდღიურად გამოცხადების ვალდებულება; გირაო“, - განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

საქმის ერთ-ერთი პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოკვეთილია შურისძიების მოტივი, ფულის გამოძალვის ფაქტზე კი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებს, საბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს ჩაინიშნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს