ბაჩო დოლიძე - პარტიის ახალ მენეჯმენტთან კომუნიკაცია ჯერ არ არის დალაგებული - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალები გაერთიანდეს, ხელისუფლება არ დაიხევს უკან დამოუკიდებლად

სამწუხაროდ, პარტიის ახალ მენეჯმენტთან კომუნიკაცია ჯერ არ არის დალაგებული. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხების წერტილები გვქონდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დოლიძის თქმით, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ძალები გაერთიანდეს, რადგან ხელისუფლება უკან დამოუკიდებლად არ დაიხევს.

მისივე განცხადებით, ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიიდან გასვლას არ აპირებენ, რადგან ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

„იმ კონკრეტულ მოცემულობაში ყველაზე ეფექტური თავმჯდომარე, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ნიკა მელია იყო. გამომდინარე იქიდან, რომ სხვანაირად დასრულდა არჩევნები, 52% აიღო ლევან ხაბეიშვილმა, ეს მოცემულობა მივიღეთ და ეს არის დემოკრატიის მთავარი არსი. გასაგებია, რომ არ მომწონს შედეგი, მაგრამ ახლა ყველაზე მარტივი იქნება წასვლა, ყველაზე მარტივი იქნება ამ პრობლემებისგან გაქცევა - ასე არ იქცევიან. 52% აიღო ლევანმა, მაგრამ მეორე ნახევარი განსხვავებულად ფიქრობს, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის დაახლოებით, ნახევარს და ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ.

(პარტიის ახალ მენეჯმენტთან) სამწუხაროდ, ჯერჯერობით (კომუნიკაციის) გამოსწორების ვერაფერს ვერ ვამჩნევ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება. მაშინ, როდესაც მე ვაკეთებდი განცხადებას, რომ არავითარ გასვლაზე არ შეიძლება იყოს ფიქრი, მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარმა დაიკავა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვეკავა. შესაბამისად, ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ და პასუხისმგებლები ვართ ამ ადამიანების მიმართ და არანაკლებ პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ამომრჩევლების მიმართ, ვინც ლევანის მხარე დაიჭირა. საერთოდ კავშირში არ არის ის, რომ თუ ახალ მენეჯმენტთან კომუნიკაცია დალაგდება, ჩვენ გასვლაზე არ ვიფიქრებთ, ან პირიქით - ეს ძალიან არასწორი ნარატივია. სამწუხაროდ, კომუნიკაცია ჯერ არ არის დალაგებული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეხების წერტილები გვქონდეს.

საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რადგან მმართველი გუნდი ცდილობს, რომ რუსული პოლიტიკა მოგვახვიოს თავს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს და ჩვენი ამოცანაა, რომ არა თუ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდეს და პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოება უნდა დადგეს ძალიან პრინციპულ და სწორ პოზიციაზე, რომ არ დავუშვათ რუსული პოლიტიკის კიდევ უფრო შემოდინება. ამ ყველაფერს სჭირდება კომუნიკაცია, მეტი მუშაობა და ეს პარტიული საკითხები - ვინ არის ახალ მენეჯმენტში, კომუნიკაცია იყო, თუ არ იყო, რა თქმა უნდა, გადადის მეორე პლანზე და ამ ეტაპისთვის არ არის აქტუალური. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალები გაერთიანდეს. ხელისუფლება არ დაიხევს უკან დამოუკიდებლად.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის შედგება კომუნიკაცია და შევძლებთ გამოვნახოთ შეხების წერტილები, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქციებთან იქნება, თუ სხვა ტაქტიკასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიციაც იყოს ცნობილი.

ჩვენ ვპოზიციონირებთ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ჩვენ ამ პლატფორმიდან გამოვდივართ და ჩვენი შეხედულებები არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს გაზიარებული, არამედ ფართო პოლიტიკურ სპექტრში და ჩვენ ამისთვის არ დავიშურებთ არც ენერგიას და არც დროს. დღეს თუ ახალ მენეჯმენტთან კომუნიკაციის დეფიციტია, მე ვფიქრობ, რომ ეს გადალახვადია. მე ვფიქრობ ახალ მენეჯმენტს უნდა გადაედგა უფრო მეტი ნაბიჯი ამ თვალსაზრისით. საერთო „ჩათი“ რაც გვქონდა იქ კომუნიკაცია საერთოდ არ არის, ჯერჯერობით სიჩუმე გვაქვს“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა