ქართული პრესის მიმოხილვა 06.03.2023

თენგიზ ფხალაძე - “დასავლეთი ცდილობს, არ დაგვაშვებინოს საბედისწერო შეცდომა”

დიდი დაპირისპირების მოლოდინში - გამოიწვევს თუ არა სადავო კანონპროექტი ახალ პოლიტიკურ კრიზისს

რატი ამაღლობელი - ისტორიამ არ იცის დანდობა, სერგო ორჯონიკიძეებს არ ინდობს ისტორია

ქართველების როლი ბახმუტის დაცვაში და პრიგოჟინის პესიმისტური პროგნოზი

კახა გოგოლაშვილი - “პროექტი ნათარგმნია ამერიკული კანონიდან, მაგრამ...”

ყოველკვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” 2023 წლის გაზაფხულის (მარტის) N1 (285) ნომრის მიმოხილვა

* * *

თენგიზ ფხალაძე - “დასავლეთი ცდილობს, არ დაგვაშვებინოს საბედისწერო შეცდომა”

“დღეს, როდესაც ხელის ერთ გაწვდენაზეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამგვარი საკითხის წამოჭრა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების ცდა. იმის ნაცვლად, ყველაფერი გაკეთდეს იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს დაუწესა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან გვესმის, თითქოს კანდიდატობა ბევრს არაფერს ნიშნავს, რაც სიცრუეა და ვერ დავიჯერებ, რომ ვინმეს ხელისუფლებაში ეს არ ესმოდეს. იმ 12 პუნქტიდან 2 საკითხს ეს კანონპროექტები პირდაპირ ეწინააღმდეგება, ესენია: მედიის გაძლიერება და გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის გაძლიერება. მეტიც, ეს ინიციატივა სრულ წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებებთან, რაზეც დგას ევროკავშირი აცხადებს ექსპერტი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთი ცდილობს, არ დაგვაშვებინოს საბედისწერო შეცდომა”.

“ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ვინმეს შემთხვევით მოუვიდა ან შეეშალა, დიდი გულუბრყვილობაა, მით უფრო, რომ აღარ დარჩა ორგანიზაცია თუ სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც პირდაპირ არ ეთქვას, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ეს ეწინააღმდეგება თქვენივე ეროვნულ ინტერესებსო. ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში მიიყვანს. ამის თაობაზე უაღრესად მკაფიოდ მიანიშნეს ხელისუფლებას როგორც ევროკავშირმა, ასევე ნატომ, ევროსაბჭომ და პარტნიორმა ქვეყნებმა, გაერომ და ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი, რომ ამგვარი კანონის მიღება არ შეიძლება. რაც მთავარია, ქართველი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა განაცხადა, რომ ეს ე.წ. ინიციატივა მისთვის მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს იმ გზაზე სიარულს, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს და ქართველი საზოგადოების ნებას. ეს თემა ყურით მოთრეულია და არავითარი კავშირი არა აქვს უცხოური დონორებისგან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ჯერ ერთი, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ისედაც გამჭვირვალეა. მათ წელიწადში რამდენჯერმე სახელმწიფოსთვის ანგარიშის ჩაბარება ევალებათ თითოეულ იმ თეთრზე, რომელსაც იღებენ და ხარჯავენ. მოკლედ, ესა თუ ის დაფინანსების წყარო, თანხის მიზნობრიობა და ხარჯვა სავსებით გამჭვირვალეა. ეს ხდება წელიწადის განმავლობაში რამდენჯერმე მომზადებული ანგარიშის საფუძველზე და დაინტერესებულ პირებს ყოველთვის შეუძლიათ მისი ნახვა. გარდა ამისა, ამ კანონპროექტის ავტორებსა და მხარდამჭერებს რატომღაც დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი გრანტების თაობაზე, რომლითაც განსაზღვრულია, ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი. გრანტს ვერ მიიღებთ ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც სახელმწიფოს არ უღიარებია როგორც დაფინანსების წყარო”, - განმარტავს რესპონდენტი

“იცით, გასაოცარი რა არის, სახელმწიფო ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეუბნება, მე თქვენ ფულთან კი არა მაქვს პრეტენზია, არამედ იმასთან, რომ ფულს სხვა ორგანიზაციებს აძლევთ, მხოლოდ მე მომეცით და ეს უცხო ძალის გავლენად არ ჩაითვლებაო. კიდევ ერთი საკითხი, რაც გამჭვირვალობას შეეხება, ის არის, რომ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსურ ანგარიშს აბარებს დონორ ორგანიზაციებს, რომლებისგანაც დაფინანსებას იღებს. ასე რომ, ორივე კანონპროექტი, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს, არაფრით არ უკავშირდება გამჭვირვალობას. ეს არის სრულიად პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომლის ამოცანაც თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და ახალი ბარიერის შექმნაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ცოტა ხანში მივალთ იქამდე, რომ “ქართული ოცნება”, ალბათ, ლექციებს ჩაუტარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკულ კანონმდებლობაში, ან ასწავლის ევროკავშირს, რა არის ევროკავშირი. ეს ყველაფერი აბსურდამდე მიდის. რაც შეეხება ე.წ. ამერიკული კანონის თემას, ჯერ ერთი, საკანონმდებლო დოკუმენტების პირდაპირ გადმოწერა არც ერთ შემთხვევაში არ ვარგა, რადგან ნებისმიერი კანონი მიღებულია კონკრეტულ მოცემულობაში, სივრცესა და საზოგადოებაში. კანონი, რომელზეც აპელირებენ, არის 1938 წელს მიღებული, ანუ საუკუნის წინანდელი ნორმა, როდესაც შტატებში დიდი იყო ფაშიზმისა და კომუნიზმის საფრთხე. ეს იყო კანონი არა გამჭვირვალობისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის. რაც მთავარია და რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები რატომღაც არ ლაპარაკობენ, ის არის, რომ ამ კანონმა გასული საუკუნის 60-იან წლებში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და რეალურად პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელ ნორმად იქცა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკის შეერთებული შტატების კანონი რატომ უნდა გადმოვიტანოთ პირდაპირ? იქ ბევრი ისეთი კანონია, რომლებიც იმ სივრცისთვის შესაძლოა კარგია, მაგრამ სხვაგან არ გადმოდგეს. მაგალითად, ზოგიერთ შტატში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, მაიმუნის საჭესთან დასმა აკრძალულია. რა ვქნათ, ჩვენც ხომ არ გადმოვიღოთ?” - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

“კიდევ ერთი - სამართლიანობის არსი ემყარება უდანაშაულობის პრეზუმფციას, ანუ მე კი არ უნდა ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, თუ ბრალს მდებ, შენ უნდა დამიმტკიცო. ამერიკული კანონმდებლობის არსი სწორედ ის არის, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ რომელიმე პირი თუ ორგანიზაცია მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჩვენი კანონპროექტის თანახმად კი მოგაკერებენ აგენტის იარლიყს და მერე უნდა ამტკიცო, რომ აქლემი არა ხარ. დღეს საქართველოს მართლაც უდგას პრობლემა, როდესაც ჩვენი არამეგობრული ქვეყნები გავლენის მოპოვებას ცდილობენ და მე-5 კოლონა გააქტიურებული ჰყავთ, მაგრამ ე.წ. ხალხის ძალის მომზადებული არც ერთი კანონპროექტი არ ეხება არც რუსეთიდან შემოსულ შავ ფულს, არც საქართველოში თავისუფლად მოთარეშე ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არც მათ ბიზნესსაქმიანობას და არც ამ საქმიანობიდან დაფინანსებულ ანტიქართულ ორგანიზაციებს. ამაზე ამ კანონპროექტებში ლაპარაკი არც არის. სამაგიეროდ, ლაპარაკია იმ კანონმორჩილ დონორებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც სრულად ექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობას და რომელთა საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“საქმე ის კი არ არის, ესა თუ ის კანონი პირველად სად შეიქმნა, არამედ ის არის მნიშვნელოვანი, ვინ როგორ იყენებს. ეს ინიციატივა რუსულია იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც იმავე მიზნით ქმნის, რისთვისაც პუტინის რეჟიმმა მიიღო. გავიხსენოთ, როცა პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, განაცხადა, დასავლეთიდან უნდა ავიღოთ მაგალითიო, და მართლაც არაერთი კარგი დასავლური კანონი გადმოთარგმნეს რუსულად, მაგრამ თანდათან მასში შეტანილი ცვლილებებით სრულად შეცვალეს იმ კანონმდებლობის არსი და რაც ყველაზე სამწუხაროა, გამოიყენეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად მედიისა და თავისუფალი აზრის შესაზღუდად. ანალოგიურადვე მოქმედებს “ქართული ოცნება”. გასულ კვირას პარლამენტში ვიხილეთ სამარცხვინო პროცესი - შეიძლება ითქვას, ხელისუფლებამ საკომიტეტო მოსმენაზე ამ კანონპროექტებისთვის მხარდაჭერით თვითლუსტრაცია დაიწყო”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“დღეს ამ საკითხზე დუმილი ნიშნავს თანხმობას, მით უფრო, როდესაც საქმე უმაღლესი თანამდებობის პირებს შეეხება. ამასთანავე, როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირის გაწევრების განაცხადზე, ნუ გვექნება მოკლე მეხსიერება და გავიხსენოთ, რა ხდებოდა შარშან საქართველოში და როგორ გაიგზავნა ეს განაცხადი. რომ არა ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლა, თითქმის დარწმუნებული ვარ, განაცხადს არც გააკეთებდნენ. ასე რომ, არავისგან არაფერი გვაქვს დასამადლებელი, ხელისუფლების ვალდებულებაა შეასრულოს ქართველი ხალხის პოლიტიკური დაკვეთა და ის, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა გასულ კვირას გავხდით ამის საწინააღმდეგო პროცესის მოწმენი. მეტიც, პირდაპირ ანტიკონსტიტუციური განცხადებაც კი მოვისმინეთ, როდესაც ერთმა დეპუტატმა გაბედა და თქვა, თურმე ევროკავშირში გაწევრება თვითმიზანი არ ყოფილა და დაიწყო ჩვენი ევროპული მისწრაფების რევიზია!”- დაასკვნის თენგიზ ფხალაძე

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასეთი ღია ტექსტებით ძალიან უკიდურეს შემთხვევებში ლაპარაკობენ ხოლმე. სამწუხაროდ, დღეს აშკარაა, რომ სწორედ ამგვარ უკიდურეს ვითარებაშია საქართველო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაგვეხმარონ. დღეს გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სრულად გამოვიდეს ოკუპანტი რუსეთის გავლენიდან და გაერთიანდეს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების იმ ისტორიულ ოჯახში, რომლის წევრიც ვიყავით და საიდანაც ისტორიული უსამართლობის შედეგად ამოგვგლიჯეს. ეს დღეს გახდა რეალური და ჩვენს პარტნიორებს არ სურთ საქართველომ დაკარგოს ეს შანსი. ბუნებრივია, ჩვენს გასაკეთებელს ისინი ვერ გააკეთებენ. ამიტომ ყველა ღონეს ხმარობენ, რომ არ დაგვაშვებინონ საბედისწერო შეცდომა. ვერ დავიჯერებ, რომ დღეს ხელისუფლებაში ვინმეს ეს არ ესმის. რაც შეეხება იმას, თუ რამ შეიძლება გააჩეროს ეს პროცესი, სამწუხაროდ, ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოების მასშტაბური პროტესტი აფრთხობს. ე.წ. საპარლამენტო განხილვებმა დაგვანახა, რომ არგუმენტირებული დისკუსია ხელისუფლების ამ კონკრეტულ წარმომადგენლებთან ნამდვილად უშედეგოა, რაც ძალიან ცუდია”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “რამდენად ელით კონკრეტული პირებისა თუ სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებას?” - პასუხობს:

“დარწმუნებული ვარ ის პირები, რომლებიც ხელს აწერენ ამ კანონპროექტებს სანქციებისთვის უკვე მზად არიან. მათ მონახული აქვთ გზები იმისთვის, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში არ დაზიანდეს მათი და მათი ოჯახების პირადი კეთილდღეობა...

“ის ლოგიკა, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება დონორებს ელაპარაკება, ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას სპობს. თავისთავად ცხადია, რომ ძალიან ბევრი დონორი დაფრთხება, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროგრამები დაიხურება. აქ დონორები ფულს დებენ იმიტომ, რომ საქართველოს განიხილავენ იმავე ღირებულების სახელმწიფოდ, რომელზეც დგას დემოკრატიული სამყარო, და ხელს უწყობენ მის განვითარებას. თუ ხელისუფლება ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების შესაძლებლობას, ბუნებრივია, ისინი ვერ ითანამშრომლებენ ასეთ სახელმწიფოსთან. ქვეყანაში რამდენიმე ათეული ათასი ასეთი ორგანიზაცია არსებობს, მათში დასაქმებულია არაერთი ჩვენი მოქალაქე და თუ დაფინანსება შეწყდება, მათი ბედი ჰაერში გამოეკიდება. უამრავი პროგრამა ხორციელდება დევნილებისთვის, ბავშვებისთვის, ფინანსდება სოციალური საწარმოების, შშმ პირთა თუ უფასო იურიდიული დახმარების პროგრამები - რიგ შემთხვევაში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, მაგრამ არ და ვერ აკეთებს. უპირველესად ვგულისხმობ მოქალაქეების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას. გამოდის, ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს...”- დასძენს კახა თენგიზ ფხალაძე.

დიდი დაპირისპირების მოლოდინში - გამოიწვევს თუ არა სადავო კანონპროექტი ახალ პოლიტიკურ კრიზისს

“ხალხი ძალის” საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ორშაბათს, იურიდიულ კომიტეტზე კვლავ გაგრძელდება და ოპოზიცია საგანგებოდ ემზადება ამ დღისათვის. საპროტესტო აქცია დილიდანვე დაიწყება. კვლავ მოსალოდნელია დიდი ვნებათაღელვა და ფიზიკური დაპირისპირებაც კი როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამჯერად ოპოზიციას, ქვეყნის ევროპული მომავალის დაცვის მოტივით, მასშტაბური პროტესტი ორგანიზების კარგი შანსი ეძლევა, თუმცა მეორეა როგორ გამოიყენებენ ამ შანსს. 2 მარტს საგარეო თავდაცვის და უშიშროების გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე “ხალხის ძალის” მიერ “უცხოური გავლენის აგენტებთან” დაკავშირებით მომზადებულ ორ კანონპროექტზე მსჯელობა 6 საათზე მეტს ხანს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით მიმდინარეობდა. რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი. განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოშიც და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. შეკრებას დაკავებები მოჰყვა. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით სულ 36 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი უკვე თავისუფალია, ნაწილი სასამართლოს ელის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი დაპირისპირების მოლოდინში - გამოიწვევს თუ არა სადავო კანონპროექტი ახალ პოლიტიკურ კრიზისს.

“ეს პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათსაც გაგრძელდება და ოპოზიციამ ამისთვის წინასწარ დაიყო მზადება. კოორდინაციასა და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კვირას პარლამენტში “ლელოს” კაბინეტში მსჯელობდნენ, თუმცა ამ გეგმის დეტალებს საიდუმლოდ ინახავენ იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას მისი ჩაშლის საშუალება არ მისცენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იურიდიულ კომიტეტში განხილვა დილით 10-ის ნახევარზე დაიწყება, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერები დილის 9 საათიდან აპირებენ პარლამენტთან შეკრებას. შეძლებს თუ არა ოპოზიცია ორშაბათს ხალხის ქუჩაში გამოყვანას და საპორტესტო ტალღის აგორებას? არის თუ არა შესაძლებელი, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ პირველი შანსი უკვე ხელიდან გაუშვა, რადგან ხუთშაბათს ხალხის მობილიზება ვერ შეძლო. ხელისუფლებას კი იმედი აქვს, რომ ოპოზიცია სუსტია და ამის ფონზე ქვეყანაში აქციების ორგანიზებას ვერ შეძლებს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ორშაბათს, 2 მარტის მსგავსად, კვლავ იქნება ფიზიკური დაპირისპირება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება შეეცდება ოპოზიციისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. “ქართული ოცნება” ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას დეტალურად ავუხსნათ პრინციპი რამდენად დამანგრეველია. დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა”, - აღნიშნავს სამნიძე. ენმ-ის წარმომადგენელი პეტრე ცისკარიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ ორშაბათს პარლამენტის შენობა ძალოვნების მიერ იქნება ბლოკირებული და კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. “თავისი ზონდერჯგუფებით, სუს-ით, სხვადასხვა რესურსით ეცდებიან, ალყაში მოაქციონ პარლამენტი, საკომიტეტო დარბაზი და ისევ ფარულად ჩაატარონ მოსმენა. სხვა პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ კანონის განხილვას”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. “ლელოს” წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი კი მომავალი კვირიდან უფრო მწვავე და მასშტაბურ პროტესტს აანონსებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“იცით, რომ ჩვენ მოვუწოდეთ საზოგადოებას, შეიკრიბონ და, შესაბამისად, მომავალ კვირას, ვფიქრობთ, რომ იქნება კიდევ უფრო მწვავე პროტესტი ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, უამრავი ადამიანი ხმამაღლა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ბიძინა ივანიშვილი მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, როდესაც ცდილობს ამ კანონის გატანას საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ქალაქის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი იმდენად “განულებულია”, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ და ვერც ორშაბათს შეძლებენ მასშტაბური აქციის ორგანიზებას. “იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ საერთოდ აღარ აქვთ. შეუძლებელია, ყველაფერთან მიმართებით ის დამოკიდებულება ჰქონდეთ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მათდამი შესაბამისი დამოკიდებულება აქვს. არ მინდა მათ გეგმასა და ხედვებში შევიდე. აქციების დაანონსება მათი გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა კახა კალაძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას 2 მარტს მასშტაბური პროტესტი აგორების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ხელიდან გაუშვა.”, - დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტების გაგზავნა ფარსი და თვალის ახვევაა. შესაძლოა რაღაცეები ჩაასწორონ, მაგრამ რეალურად მასზე უარის თქმას არ აპირებენ. ამისთვის ხელისუფლებას რამდენიმე მიზეზი აქვს და ეს ყველაფერი ამ თავის ტკივილად უღირს. პირველ რიგში კარგად ხედავს ენმ-ში რაც ხდება - პარტიაში ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ხედავს, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია და ხალხის გამოყვანას ქუჩაში ვერ ახერხებს. კი, ბატონო, ევროკავშირის თემის ირგვლივ ხალხი გამოდის, უკრაინის სოლიდარობის გამოცხადების მიზნითაც იკრიბებიან, მაგრამ როგორც კი ოპოზიცა ისევ ხელისუფლების დამხობაზე, რადიკალიზმზე, გადატრიალებაზე და ა.შ. იწყებს საუბარს, ხალხი მაშინვე გარბის. ამის მიზეზი ოპოზიციის მიმართ უნდობლობაა. ეს თემა კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ხალთან კარდაკარ უნდა ევლო. მიშას ჯანმრთელობაზე კი არ უნდა ელაპარაკათ და პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება დაეწყოთ, უნდა ეჯაჯგურებინათ ყველაფერი. ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ იბრძვიან არა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, არამედ მათი კეთილდღეობისთვის, რადგან ევროკავშირის კარი არ დაგვიხურონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ საპროტესტო ტალღა მოსახლეობაში გაჩნდა, ოპოზიცია ამას ჭკვიანურად უნდა მიუდგეს. ხელისუფლებას ამ კანონს მიღება 2024 წლის არჩევნებისთვის სჭირდება. პირველ რიგში ამას არასამთავრობო ორგანიზაციებზე შურისძიებისთვის გამოიყენებს. არჩევნების დღეს თუკი რომელიმე მათგანი ხმას ამოიღებს, ყველა უცხო ქვეყნის აგენტებად ეყოლება გამოცხადებული. “ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდის. ალბათ დაელოდება უკრაინის ომს, რუსეთი რას იზამს. მაინც ბოლომდე ვერ იჯერებენ, რომ რუსები ამ ომს არ მოიგებენ. ეს არის მათი მთავარი აზრი - რუსებს აჩვენონ, რომ მათ მხარეს არიან. პარტნირებს ერთი ხელით ეუბნებიან, რომ პარტნიორები არიან და მეორე ხელით ე.წ. აგენტებად აცხადებენ. ამიტომ ოპოზიციამ სასწრაფოდ საპროტესტო მუხტის ორგანიზება უნდა დაიწყოს. რას ელოდებიან, მართლა არ ვიცი”, - დასძენს ძაბირაძე.

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიიცის მხრიდან პარლამენტში ისტერიკის დრო აღარ არის. ზაქარეიშვილის აზრით პოლიტიკოსებისგანაც და სამოქალაქო სექტორისგანაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოცხადდეს. “ახლა არის მშვენიერი დრო იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ რეალურად სამოქალაქო სექტორი რა ძალას წარმოადგენს. პირადად მე მზად ვარ რეგისტრაცია არ გავიარო და გადასახადი არ გადავიხადო, პირდაპირ წავიდე ციხეში. თუ სია იქნება წინასწარ ცნობილი - ვინ ვართ მზად ამ კანონის მიღების შემთხვევაში არ დავემორჩილოთ - ეს სერიოზული დაუმორჩილებლობა და პროტესტის ფორმა იქნება. პროსახელისუფლებო ძალები, რა თქმა უნდა, რეგისტრაციას გაივლიან, მაგრამ დიდი რაოდენობით ადამიანებმა არ უნდა გაიარონ. სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ ის არაა, რაც ჩანს, რეგიონების მასშტაბით სხვადასხვა სფეროებშია გაშლილი. ამიტომ ერთთვიანი გაფიცვა უნდა გამოცხადდეს და არაფერი გაკეთდეს. ხალხს რეგიონებში ჰგონია, რომ (არასამთავრობოები) მართლა მხოლოდ ფულს აკეთებენ. ამ დროის განმავლობაში გაფიცვა რომ გამოცხადდეს და ყველა მიხვდეს რა ძალა აქვს ამ სეგმენტს, ხალხი გაიაზრებს რაშია საქმე. მარტო პარლამენტში ისტერიკების მოწყობა ხელისუფლებას ვერ შეაშინებს”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, `ყვირილით და ხმაურით სამოქალაქო სექტორის უფრო დისკრედიტაცია ხდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ოცნებას” ამ კანონის მიღებით ორი მიზანი აქვს. პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციების სრული დისკრედიტაცია მოახდინოს. ისინი ევროკავშირში წასვლას არ აპირებენ. მილიონჯერ მითქვამს, როცა 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს, რომ ესენი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი არ მივიღოთ. მეორე ამოცანაა, რომ დამოუკიდებელი საშუალო ფენა გაანადგურონ. ხელისუფლება ცალსახად ავტორიტარიზმის მორევში გადაეშვა და ამის შესაჩერებლად სასწრაფოდ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ოპოზიცია ძალიან სუსტია და ამიტომაც ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი გამოუვა. ოპოზიციამ კი საპირისპირო უნდა აჩვენოს და ორშაბათს ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლოს. ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი საკმაოდ ძლიერია, ამიტომ მათ ოპოზიციასთან ერთად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

რატი ამაღლობელი - ისტორიამ არ იცის დანდობა, სერგო ორჯონიკიძეებს არ ინდობს ისტორია

“დღეს რაც ხდება, ეს არის შეტევა სახელმწიფოებრიობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ჩვენ შეიძლება ამ 30 წლის განმავლობაში ვიღაც მოგვწონდა ან არ მოგვწონდა ხელისუფლებაში, მაგრამ დღეს სახეზეა საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრინციპების შეგნებულად და განზრახ ღალატი, მის წინააღმდეგ სვლა. ჩვენ რუსეთმა დაგვიპყრო 1921 წელს, საქართველომ 1991 წელს აღიდგინა დამოუკიდებლობა და გამოეყო საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთია, ხომ? მთელმა კაცობრიობამ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, აღიარა და ამ დამოუკიდებლობას ჩაუდგა გარანტად... 27 ქვეყანა, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი არიან, ერთხმად გვეუბნება, არ მიიღოთ ეს კანონიო და მაინც დაგიჟინია. ჩვენი ხელისუფლება არ არის ხალხთან ანგარიშვალდებული, სამყაროში არავისთან არის ანგარიშვალდებული, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ამიტომ დირექტივა იქიდან მოდის”, - აცხადებს პოეტი რატი ამაღლობელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „დაუღალავი პროტესტი უნდა იყოს ყველა სფეროში...“

“ყველა, ვინც “ქართულ ოცნებაშია”, ახლა ივანიშვილის პირადი ბუღალტერიითაა დაკავებული. ეს არის შურისძიება მის ევროპულ ანგარიშებზე - მიბლოკავთ ევროპულ ანგარიშებს, ამიტომ ახლა მე დავბლოკავ მთელ საქართველოს, დავბლოკავ თქვენს დახმარებას ქართველი ხალხისთვის, რაზეც 30 წელია დგას საქართველო. მიდის ერთი ადამიანის ვაჭრობა ქართველი ხალხის ბედით, ქართული სახელმწიფოს მომავლით. თვითონ დღის წესრიგი, რომელსაც ივანიშვილი და “ქართული ოცნება” სთავაზობს ქართველ საზოგადოებას, არაადეკვატურია, არათანადროულია და არასდროს ვხმარობდი ამ სიტყვას აქამდე, მაგრამ სხვა სიტყვები არ არის - მოღალატეობრივია ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, საკუთარი შვილებისა და მათი მომავლის მიმართ, რადგან ახლა მის ანგარიშებზეა ლაპარაკი, დანარჩენებიც ხომ იმ ანგარიშებით - პატარა ბონუსებით სარგებლობენ და ეს უნდა დაიცვან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რატი ამაღლობელი.

“აქამდე არ გადაიდგა ნაბიჯი ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად. ახლა ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რაც ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, საქართველოს იზოლაციაში მოქცევაზეა საუბარი, ეს ჩემი ბოსტანი, ეს ჩემი ყანაა, დაანებეთ ამ ქვეყანას თავიო და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია და ვხედავთ კიდეც მოქალაქეების საკმაოდ მძაფრ პროტესტს და დაუღალავი პროტესტი უნდა იყოს ყველა სფეროში. რაღაც დროში ყველაფერი სრულდება, მთავარია, შანსი არ გავუშვათ, თორემ ასეთები დასრულებულა? სტალინი, ბერია, ჰიტლერი, სადამ ჰუსეინი და უამრავი კაციჭამია დასრულდა და იმათთან შედარებით ესენი ვინ არიან? დასრულდება უცებ, 1 საათში, როგორც ხდება ხოლმე, გუშინდელი თოვლივით იქნება. მთავარია, როდის, თორემ დასრულების პროცესი როდესაც დაიწყება, დომინოს პრინციპით ჩამოიშლება ყველაფერი, რადგან აქ არანაირი პრინციპები, იდეალები, ღირებულებები არ არის, არის მხოლოდ პირადი გამორჩენა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ბაბუაჩემს ძალიან გაუკვირდა, ეროვნული მოძრაობის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტო რომ დაინახა, შოკში ჩავარდა. ბაბუა 1915 წელს იყო დაბადებული და მთელი ახალგაზრდობა სტალინი-ხრუშჩოვი-ბერიას პერიოდში გაატარა. შოკში ჩავარდა, როცა ერთ დღეში აიღეს სერგო ორჯონიკიძის საღებავებით შეღებილი ძეგლი. უცებ, ერთ დღეში, ჩამოიმსხვრა ყველაფერი თბილისში. ამას ვინ წამოიდგენდა? რას წარმოიდგენდა ბაბუაჩემი, რომ 70-წლიან რეპრესიებზე მდგარი კომუნიზმი თიხის პატარა ქანდაკებასავით ჩამოიშლებოდა? მაგრამ ჩამოიშალა. ესეც ასეთი ამბავია, ძალიან სწრაფად ჩამოიშლება. ჩემგან განსხვავებით, ამათ ასე არ ჰგონიათ... ხომ იცით, ქართული კულტურა როგორია -ყველა ყველას უღიმის, გამარჯობას მაინც ცალყბად ეუბნებიან, ძალაუფლებაში არიან და ჰგონიათ, რომ მთავარი ხალხი ეგენი არიან. ისტორიის გადასახედიდან ეს საზარელი ამბავია. უნდა უთხრან მეზობლებმა, ნათესავებმა, მყვარებლებმა, შვილებმა, რომ ყოველივე ამას სამარცხვინო დასასრული ექნება. ისტორიამ არ იცის დანდობა. შეიძლება ყოველდღიური ყოფა შენ ცალყბად გიღიმის, მაგრამ ისტორიამ ეს არ იცის, სერგო ორჯონიკიძეებსა და ფილიპე მახარაძეებს არ ინდობს ისტორია”, - დაასკვნის პოეტი.

“ოპოზიციას მართებს მოთმინება, გონიერება, შორსმჭვრეტელობა... მოთმინება არა სინდისისა და ღირსების ხარჯზე, არამედ ვნებებისა და საკუთარი ემოციების ხარჯზე, რომ პრობლემას შეხედო დიდი სუნთქვით, ღრმად ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით და არა პატარა სპრინტერული შედეგი აჩვენო. ამას გრძელვადიანი მდგრადობა სჭირდება, გათვლები, ნებისყოფა, დაუღალაობა და არა ეგოიზმი, მე იმას ვჯობივარ, ის ჩემზე უკეთესიაო. მეტი სიდინჯე, მეტი სიბრძნე სჭირდება ოპოზიციას, რომელსაც არც ლეგიტიმური ბრაზი უნდა დაავიწყდეს და თანამიმდევრულად მიჰყვეს პროტესტს - აი, ეს სჭირდება ოპოზიციურ სპექტრს და არა რაღაც დიდი დიფუზია, დაშლილობა და საკუთარ პერსონაზე ფიქრი”, - ამბობს რატი ამაღლობელი და შეკითხვაზე - “მუსირებს აზრი, რომ მართლაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზეა ყველაფერი დამოკიდებული, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური მომავალიც...” - პასუხობს:

“მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა გლობალური მოთამაშეა, დიდ გლობალურ პრობლემებს წყვეტს ძალიან მძიმე ფასად, უმნიშვნელოვანესია ის, რასაც აკეთებს გმირი უკრაინელი ხალხი, მაგრამ მხოლოდ ამაზე მინდობა უზნეობაა, სხვა თუ არაფერი, არაგონივრულიც. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენს სამშობლოსა და ხელისუფლებასთან, მინიმუმ ის, რომ ასეთი კანონები არ მივაღებინოთ, არჩევნები არ გავაყალბებინოთ, კორუფციაში არ ჩავახრჩობინოთ ეს ქვეყანა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს ტოტალური უსამართლობა. ამას უკრაინა ვერ გააკეთებს, ეს ჩვენი საქმეა. ლაპარაკია ჩვენს შიდა პრობლემებზე, სამართლიან თამაშის წესებზე, რომელიც ჩვენი დასამკვიდრებელია. ყოველი დღე ბრძოლაა და უნდა იბრძოლო”.

“კიდევ ისიც არის, რომ ქვეყანაში უნდა დაიძლიოს სიღარიბე - როცა ქვეყანა ღარიბია, როცა დაცლილია სისხლისგან, დაცლილია ახალგაზრდებისგან, პროფესიონალებისგან, ყველას დასავლეთისკენ უჭირავს თვალი, ძალიან იოლია ამ საზოგადოებას მოახვიო საკუთარი ამბიციები, საკუთარი ე.წ. პოლიტიკა. ამიტომაც მიდის დამარცხების, უძლურების კულტივაცია - რომ ჩვენ არაფერი ვართ, არაფერი შეგვიძლია, ვართ უბედურები და უნდა ვიყოთ ჩუმად, რომ გადავრჩეთ, რაღაცას თუ გადმოგვიგდებენ, ამითაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ... ეს საზარელი პოლიტიკა უკვე არა ერთი წელიწადია, “ქართული ოცნების” დროს დამკვიდრდა... პროგნოზები უმადური საქმეა, შემიძლია ვთქვა ჩემი დამოკიდებულება და სურვილი, რომ საზოგადოება უნდა იყოს განსხვავებული, დიფერენცირებული და არა ერთხმიანი გუნდი, რომელიც ყველაფერს ერთ ხმაში უნდა მღეროდეს. თანამედროვე სამყაროც ასეთია, მრავალგვარი, მრავალმხრივი, მაგრამ რაღაცებზე თანხმდება, საერთო ღირებულებებზე, საერთო სამართლიან თამაშის წესებზე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“გუნდურობა სახელმწიფოს მომავლისთვის, მთელი საზოგადოების, მათ შორის, `ქართული ოცნების~ ამომრჩევლისთვისაც გამოსავალია, რომელმაც უნდა იგრძნოს, რომ ამ ქვეყნის მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ამომრჩეველმა, საკუთარ პოლიტიკოსებს მკაცრად აგრძნობინოს უკმაყოფილება, პროტესტი ისეთი ნაბიჯების გამო, რაც ქვეყნის ტოტალურ ღალატს გულისხმობს. ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციისა და მხოლოდ პარტიული ამბავი. ეს არის ძირფესვიანი ამბავი ჩვენი ყოფნა-არყოფნისა, საფუძველთა საფუძველია, როგორ ვიურთიერთებთ გარე სამყაროსთან. და კიდევ არ დავიღლები ამის თქმით - როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩი გეუბნება,­ რომ ეს კანონი არ იქნება კარგი ჩვენი ურთიერთობისთვის, ეს ნიშნავს, რომ ეს არ იქნება კარგი საქართველოსთვის _ ეს პირდაპირ ამას ნიშნავს. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ და რასაც გვინდა, იმას ვიზამთო კი არ უნდა იძახონ. არა, ეს არ არის დამოუკიდებლობა, ეს არის ერთი კაცის ნება-სურვილი, რომელიც, თავის მხრივ, ვიღაცასთან არის ანგარიშვალდებული”, - დასძენს რატი ამაღლობელი.

ქართველების როლი ბახმუტის დაცვაში და პრიგოჟინის პესიმისტური პროგნოზი

“ბახმუტში ვითარება უკიდურესად გართულებულია, რუსებმა ქალაქში რამდენიმე ობიექტი აიღეს და თუკი უკრაინელებს ჩრდილოეთის მხრიდან მომარაგების ერთადერთი გზაც გადაუჭერეს, ალყაში ექცევიან და ამიტომაც უახლოეს პერიოდში შესაძლოა ქალაქის დატოვება მოუწიოთ. თუმცა, როგორც სამხედრო სპეციალისტები “რეზონანსთან” აცხადებენ, უკრაინელები ქალაქისთვის ბრძოლას კრიტიკულ მომენტშიც აგრძელებენ და ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილებიც კი გადაისროლეს, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება “ქართულ ლეგიონს”. 4 მარტს ე.წ. “ვაგნერის” ხელძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ვიდეომიმართვა გაგრძელდა, სადაც ის ბახმუტისთვის მიმდინარე ბრძოლასა და რუსებისთვის დრამატულ სცენარზე საუბრობს. პრიგოჟინი იმუქრება, თუ “საბრძოლო მასალების შიმშილის” პრობლემა არ მოგვარდა და “ვაგნერს” ბახმუტიდან უკან დახევა მოუწია, რუსების ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, უკრაინელები კი ქალაქ ლუგანსკსაც აიღებენ და რუსეთის ტერიტორიას მიადგებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქართველების როლი ბახმუტის დაცვაში და პრიგოჟინის პესიმისტური პროგნოზი.

“ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ “ვაგნერს” ფრონტზე მართლაც მნიშვნელოვანი როლი აქვს, ხოლო ბრძოლის ველიდან მისი გასვლის შემთხვევაში კი ორ შესაძლო სცენარზე საუბრობენ. პირველი - არაა გამორიცხული, რომ მოვლენები პრიგოჟინის პროგნოზის მიხედვით განვითარდეს და მეორე - “ვაგნერს” რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაკლებად ეფექტური დაჯგუფება ჩაანაცვლებს, რითაც მათი შეტევითი პოტენციალი მნიშნელოვნად შემცირდება, თუმცა ფრონტის შენარჩუნებას შეძლებენ. ქალაქისთვის ბრძოლა უკვე მერვე თვეა გრძელდება, თუმცა ბოლო დღეებში ბახმუტიდან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მოდის. რუსულ „ტელეგრამ” არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები ქალაქში აფეთქებენ ხიდებს და სტრატეგიულ ობიექტებს და ნაწილ-ნაწილ, მცირე ჯგუფებად ტოვებენ ბახმუტს. ამის საპირისპიროდ უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ მათი ნაწილები ქალაქში რჩებიან და პოზიციებს ამაგრებენ. რამდენიმე რუსულმა “ტელეგრამ” არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქიდან უშუალოდ უკრაინული შენაერთები პრაქტიკულად სრულად გავიდნენ და ბახმუტში მხოლოდ უცხოური ლეგიონის მებრძოლები, ძირითადად ქართველები რჩებიან. ამის დასადასტურებლად ვრცელდება ბახმუტში ქართველი ლეგიონერების მირ ჩაწერილი ვიდეო, რომელიც 3 მარტითაა დათარიღებული. ჩანაწერში ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მებრძოლი ჩანს. ისინი საქართველოს მოსახლეობას დედის დღეს ულოცავენ, რის შემდეგაც მშვიდად ჩადიან ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტის სარდაფში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ჯერჯერობით უკრაინის მხრიდან არავითარ უკანდახევაზე საუბარი არაა. პირიქით, ბახმუტში ბრძოლისუნარიანი შენაერთები გადაისროლეს და ბრძოლა გრძელდება, სადაც “ქართულ ლეგიონს” მნიშვნელოვანი როლი აქვს. “ბახმუტში “ქართული ლეგიონის” ქვედანაყოფი იმყოფება და ისინი სხვა მოხალისეებთან ერთად სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებს იცავენ. რამდენი არიან, ზუსტად არ ვიცი, თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. “ქართული ლეგიონი” ბრძოლისუნარიანი შენაერთია, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტების წარმოების და რუსეთის შეიარაღებული ძალებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს და მათი ტაქტიკური და ოპერატიული ელემენტების გამოცნობა შეუძლიათ. უკრაინის გენშტაბი საბრძოლო როტაციას ახორციელებს და ცდილობს, რომ ბრძოლისუნარიანი შენაერთების გადასროლით ქალაქისთვის ბრძოლა გააგრძელოს. არავითარ უკანდახევაზე საუბარი არაა”, ამბობს მაისაია, რომლის აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო სარდალი სმირსკი მიიჩნევს, რომ ამ თავდაცვითი ხაზის შენარჩუნება მნიშვნელოვანია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძლიერი ზეწოლის შედეგად შესაძლოა ტაქტიკური უკანდახევა მოხდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება, როცა საოკუპაციო ძალები ისე ძლიერად გამოიფიტებიან, რომ სხვა შეტევაზე ვერც იფიქრონ. ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ უბნებში “ვაგნერელები” და “კადიროველები” არიან. უკრაინელები კი ბახმუტის ცენტრში, დასავლეთ ნაწილში და სამრეწველო ზონაში გამაგრდნენ. როგორც ჩანს, რუსებს და პრიგოჟინს იმდენი ძალებიც არ ჰყავთ, რომ ქალაქი ალყაში სრულიად მოაქციონ და მომარაგება დაბლოკონ. ამიტომ მათ მოქმედება შეცვალეს და გამოძევების ტაქტიკაზე გადავიდნენ”, - ვარაუდობს მაისაია. გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა მდინარე ბახმუტკაზე მდებარე ხიდი ნამდვილად ააფეთქეს, თუმცა ქალაქისთვის კვლავ იბრძვიან”, - დასძენს გამოცემა.

“ერთი ვიცი, რომ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართველები ზუსტად სად იბრძვიან და რა როლი აქვთ ბახმუტის დაცვაში, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. უკრაინელებმა ხიდი ნამდვილად ააფეთქეს, მაგრამ ეს ხიდი ქალაქში არსებულ მდინარე ბახმუტკაზეა, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. აღმოსავლეთ ნაპირზე კერძო სახლების ზონაა, სადაც რუსები არიან. დასავლეთ ნაპირზე კი, სადაც სამრეწველო ზონა და მაღალსართულიანი სახლებია, უკრაინელები არიან. უკრაინელებს ქალაქი არ დაუტოვებიათ, ბრძოლებია, რაღაც წინ წაწევებია. როგორც ვიცი, რუსებმა ხორცის კომბინატი აიღეს. ეს ბახმუტში ჩრდილო-აღმოსავლეთითაა. კვარტალებისთვის და ქუჩებისთვის ბრძოლა მიდის, მაგრამ ჯერ უკრაინელები ქალაქს იცავენ. ამასთან, რუსები ცდილობენ, რომ ჩრდილოეთის მხრიდან ალყა შემოარტყან. იაგოდნი აიღეს და ხრომოვოსკენ მიდიან. ამასაც თუ აიღებენ, უკრაინელებს მომარაგების ერთადერთ გზას მოუჭრიან. თუ ეს გზა მოუჭრეს და რუსებმა ალყაში მოაქციეს, შეიძლება უკრაინელები იქიდან საერთოდაც ვერ გავიდნენ. გააჩნია უკრაინა როდის ჩათვლის საჭიროდ, რომ ეს გარნიზონი გაიყვანოს. ამას უკრაინელები წყვეტენ, მაგრამ, მე რომ მიკითხოთ, უკვე დიდი ხანი გაყვანილი უნდა ჰყავდეთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ვიდეო, სადაც „ვაგნერის" ხელძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ოკუპანტებისთვის პესიმისტურ სცენარზე საუბრობს, ამ დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა „ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს. პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი მებრძოლები უკრაინელების მთელ ზეწოლას საკუთარ თავზე იღებენ და რუსეთის არმია კი მათ მიჰყვება. ამბობს, რომ თუ მისი მებრძოლები ბახმუტიდან უკან დაიხევენ, რუსეთისთვის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება. ის ირწმუნება, რომ თუკი “ვაგნერი” ფრონტიდან ამოვარდება, ამოქმედდება “ზამბარის ეფექტი”. “თუ “ვაგნერი” ამოვარდა და უკრაინის არმია მარჯვნიდან, მარცხნიდან და ცენტრიდანაც შეიჭრება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წალეკავს ქალაქ ლუგანსკს, წალეკავს კრასნოდონს (ქალაქი სოროკინო ლუგანსკის ოლქში), გადავა რუსეთის ტერიტორიაზე. არმია იძულებული გახდება ფრონტის დასტაბილურება სცადოს და ჩამოიშლება ფლანგები. შემდეგ დაეცემა ყირიმი. არ ვიცი, კიდევ სხვა ბევრი კატაკლიზმა მოხდება”, - აცხადებს პრიგოჟინი. მაისაიას აზრით, “ვაგნერს” ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან დიდი როლი აქვს და თუ ეს შენაერთი ბრძოლის ველს ჩამოაცილეს, პრიგოჟინის სცენარი რეალური გახდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვაგნერს” დიდი როლი აქვს. ის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტიურად სიტუაციას აკონტროლებს “სპარტასთან”, “კადიროველებთან” და ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად. მაგრამ “ვაგნერი” კარგად შეიარაღებული და ძლიერი სტრუქტურაა, სხვა ე.წ. კერძო არმიებთან შედარებით პროფესიონალები და გამოცდილები არიან და თუ გავიდნენ, მემგონი პრიგოჟინის სიტყვები ერთი-ერთზე ასრულდება. თუმცაღა არ მგონია, რომ “ვაგნერი” სადმე წავიდეს. ეს უფრო პუტინის მიმართ ერთგვარი ირიბი მუქარა-მინიშნებაა. ბახმუტის აღება პრიგოჟინის პოზიციებს კრემლში კიდევ უფრო გაამყარებს და ამან შეიძლება გააკეთებინოს ის, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წამოაყენოს”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი აცხადებს, რომ პრიგოჟინი რამდენიმე თამაშს თამაშობს, მაგრამ თუ მისი დაჯგუფება მართლაც გავიდა ბრძოლის ველიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მას სხვა დანაყოფით ჩაანაცვლებს, რომელიც შესაძლოა ისეთი ეფექტური არ იყოს, მაგრამ ფრონტის შენარჩუნებას შეძლებს. “პრიგოჟინი რამდენიმე მიმართულებით თამაშობს. “ვაგნერი” ბახმუტისთვის ბრძოლაში აქტიურადაა ჩაბმული, მაგრამ მარტო ისინი არ არიან. სულ დაახლოებით 20 ათასამდე იყვნენ და ახლა რამდენია დარჩენილი, არ ვიცი. თუ ”ვაგნერი” გავიდა და რუსებმა ქალაქი ვერ აიღეს, ეს უკრაინელებისთვის ძალიან კარგი და წარმატების მომტანი იქნება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინელები მოსკოვს აიღებენ. ბახმუტისთვის ბრძოლაში “ვაგნერი” მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ თუ პრიგოჟინი და მისი დაჯგუფება გავიდა, რუსები მას სხვა დანაყოფებით ჩაანაცვლებენ”, - თვლის ვახტანგ კაპანაძე. მისი მტკიცებით, `შესაძლოა ამით რუსების შეტევების ეფექტურობამ დაიკლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტერიტორიებს დატოვებენ და გაიქცევიან”, - დასძენს სტატიის ავტორი.

კახა გოგოლაშვილი - “პროექტი ნათარგმნია ამერიკული კანონიდან, მაგრამ...”

“პროექტი, რომელიც წარმოადგინეს, ნათარგმნია ამერიკული კანონიდან, მაგრამ როგორც მას ფუთავენ, წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც ითვალისწინებს ამერიკული კანონი. ესენი დარწმუნებული არიან, რომ ამერიკულ კანონს მიუსადაგებენ სამოქალაქო საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. ამ დროს თავად ამერიკული კანონი, და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაშიც ეს იყო ნათქვამი, რომ ამერიკაში ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ ეხება. როგორ აპირებენ ამის მისადაგებას? ჩემი აზრით, ასეთი რამ აქვთ ჩაფიქრებული - პირველი მოსმენით ამერიკულის ასლს მიიღებენ და შემდეგ განხილვების დროს შეეცდებიან ისეთი ცვლილებები შეიტანონ, რომლებიც უზრუნველყოფს ამერიკული კანონის გავრცელებას სავსებით სხვა მიმართულებით, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის უმეტესობაზე. ეს არის ამ პროექტიდან გამომდინარე ყველაზე დიდი ხიფათი”, - აცხადებს ექსპერტი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პროექტი ნათარგმნია ამერიკული კანონიდან, მაგრამ...”

“ის სრულიად არ პასუხობს ამერიკული კანონის კონტექსტს და იმ მიზნებს, რომელთა გამოც თითქოს ამ კანონის ინიცირება მოხდა, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა გახდეს - ანუ სხვა ინტერპრეტაციას აძლევენ. საინტერესოა, როგორ მოახერხებენ ამერიკული კანონის შეჭრა-შემოჭრას და რაღაცების დამატებას, მაგრამ მიზანი აშკარად ჩანს. მაგალითად, გენპროკურორს ავალებენ დაარეგისტრიროს ის ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ არ დარეგისტრირდებიან - ანუ გაიძულებს, თუ არადა, გამოიყენებს სანქციას - ჯერ დაგაჯარიმებს, მერე კი ციხეშიც ჩაგსვამს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან გაუჭირდებათ სიმართლის დამტკიცება. ამერიკაში სასამართლო თავისუფალია და ნებისმიერი ცდა, დაარეგისტრირონ ორგანიზაცია უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად, მთავრდება სასამართლო განხილვით და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, მართლა უნდა დარეგისტრირდეს თუ არა. ჩემი აზრით, “ოცნება” ფიქრობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკულ კანონს მიიღებენ, ბრიტანულს თუ ავსტრალიურს, ნებისმიერ შემთხვევაში არ გაუჭირდებათ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირება “უცხო ქვეყნის აგენტად”. აი, ეს არის პრობლემა და ამის გამო არ შეიძლება საქართველოში ამ კანონის მიღება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“არის საფრთხე იმისა, რომ შეიზღუდება დემოკრატიული ფასეულობების, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს მედიებზე, არასამთავრობოების საქმიანობაზე, კრიტიკული შეფასებების გაკეთებაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ იმ სარგებელს, რასაც დღეს სწორედ ამ ორგანიზაციების მეშვეობით იღებენ. რაც შეეხება საგარეო ასპარეზს, ამ კანონის მიღება ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას მოგვისპობს, მოგვისპობს ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობას. საქართველოს აფრთხილებენ, თუ მიიღებთ ასეთ ანტიდემოკრატიულ კანონს, ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები დარჩება ისევ ისეთი, ან გაუმჯობესდებაო. ეს საგანგაშო სიგნალია, დაფიქრდით, რას აკეთებთო. ჯერ ამაზეა საუბარი და, თუ არ მოუსმენენ, ამას მოჰყვება ურთიერთობების შემცირება. ეკონომიკურადაც დავზარალდებით და, რაც მთავარია, ნაკლებად დაცული სახელმწიფო გავხდებით - უკრაინას რომ თავს დაესხა რუსეთი, ხომ ვხედავთ, როგორ გამოესარჩლა მთელი დასავლეთი და თუ ჩვენ ანტიდემოკრატიულ ქვეყნად გადავიქეცით და ვინმე თავს დაგვესხმება, დასავლეთი ამისთვის თავს არ მოიკლავს და იოლად დასაპყრობი ქვეყანა გავხდებით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ კანონპროექტის ერთ-ერთ მიზნად კობახიძემ პოლარიზაციის შემცირებაც რომ დაასახელა იცით, ეს როგორი ნონსენსია? ვითომ პოლარიზაციაში დამნაშავე არიან ის არასამთავრობოები, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს, თურმე პოლარიზაციის სხვა მიზეზი არ არსებობს. თუ ასეა, მაშინ პოლიტიკურ პარტიებთან რატომ ვერ შეამირეს პოლარიზაცია, მათაც დასავლეთი აფინანსებს? რა უსუსური არგუმენტია! ეს კანონი, პირიქით, გაამძაფრებს პოლარიზაციას. თუ კობახიძე იმას გულისხმობდა, რომ ამ კანონის მეშვეობით მოსპობენ ოპოზიციურ სპექტრსა და ყველას, ვისაც კრიტიკული აზრი აქვს, როგორც მოხდა რუსეთში, მაშინ, ცხადია, პოლარიზაციაც აღარ იქნება. რუსეთში სწორედ ამ კანონის მიღებით დაიწყო ოპოზიციური სპექტრის განადგურება - ჯერ ჩაახშვეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მერე მისდგნენ პოლიტიკურ პარტიებსა და ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა”, - განმარტავს ექსპერტი.

“შეიძლება ეს აზრიც იყო ჩადებული და კობახიძე არ ამბობს. თუ ამას გულისხმობს, ცხადია, დასავლეთი, ევროკავშირი, ამას არ მიიღებს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სწორედ ამას გულისხმობდა. უკვე ძალიან შორს მიმავალი მიზნები აქვთ - სურთ შეიზღუდოს დემოკრატიული სივრცე და მყარი ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდეს, რაც ქვეყანას არა მარტო ავტორიტარიზმისკენ, დიქტატურისკენ წაიყვანს”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი და შეკითხვაზე - “ეს კანონი თუნდაც პირველი მოსმენით რომ მიიღონ, ევროკავშირი 12 პუნქტის შესრულების საკითხს, ალბათ, აღარ განიხილავს?” - პასუხობს:

“პირდაპირ ითქვა, თუ ამ კანონპროექტს მიიღებთ, 12 პუნქტის შესრულებაზე ლაპარაკიც ზედმეტიაო. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამაც”

ყოველკვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” 2023 წლის გაზაფხულის (მარტის) N1 (285) ნომრის მიმოხილვა

ერთი წელი დიდი ომის დაწყებიდან... / საკონტრაქტო სამსახური მიღებას აცხადებს / ქართულ დრონებს პოლონური “ფესვები” და უკრაინული საბრძოლო გამოცდილება ექნებათ / სასაზღვრო პოლიციის დღევანდელი და ხვალინდელი დღე / სატანკო კოალიცია / საბრძოლო დრონები რუსეთ-უკრაინის ომში / ვინ ზვერავს უკრაინის ცას / ქართველი მაშველები თურქეთის სტიქიური უბედურების ზონაში / ბიჭები ბახმუტის ცივი სანგრიდან / სწავლებები საგანმანათლებლო დაწესებულებებში / რუსული ჯარის კოშმარი / “ჯაველინზე” ბევრად უკეთესმა “აკერონმაც” დაიწყო რუსული ტანკების აფეთქება...

“24 თებერვალს ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. მაშინ არავის ეგონა, რომ ეს ომი ერთ წელიწადს გასტანდა. თითქმის ყველას მიაჩნდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა და პუტინი უკრაინაში პრორუსულ მარიონეტულ ხელისუფლებას დასვამდა, რაც ახალი რუსული იმპერიის შექმნის დასაწყისი გახდებოდა. ყველა შეცდა - ეს საშინელი ომი, რომლის მაგვარი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა, ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და ჯერ დასასრული არ უჩანს. რა მაქსიმალური მიზნები ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაზე თავდასხმისას და მათგან რომელი აღასრულეს ერთი წლის განმავლობაში? რამდენად შეძლო თავის დაცვა ერთწლიან საბრძოლო მოქმედებებში უკრაინამ? უკრაინაზე თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი “ნეონაციზმის” განადგურების აუცილებლობითაც ხსნიდა, თუმცა უკრაინის ნეონაცისტურ სახელმწიფოდ მოხსენიება იმ რუსეთისგან, სადაც ნაციზმი და რასიზმი მართლაც ყვავის, აბსურდია და დღეს ამ ბრალდებას თავად კრემლის პროპაგანდისტებიც აღარ იყენებენ”, - წერს ყოველკვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” 2023 წლის გაზაფხულის (მარტის) N1 (285) ნომერში, სათაურით ერთი წელი დიდი ომის დაწყებიდან...

“უკრაინის არმიისა და სამხედრო პოტენციალის განადგურება ასევე მთავარ მიზნად გამოაცხადა მოსკოვმა, თუმცა ეს გეგმაც, ფაქტობრივად, ჩაეფუშა, რადგან ომის წლისთავზე უკრაინის არმია (მიუხედავად დიდი საბრძოლო დანაკარგისა პირად შემადგენლობასა და სამხედრო ტექნიკაში) არათუ დაუძლურდა, არამედ დღეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან და გამოცდილ არმიად გადაიქცა, რომლის დონესაც ნატოს ბევრი წამყვანი ქვეყნის შეიარაღებული ძალებიც ვერ მიუახლოვდებიან. ამასთან, უთანასწორო ომში მყოფი უკრაინის არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა იმ კლასისა და ტიპის თანამედროვე დასავლური საბრძოლო სისტემები, რომელთა არსებობას თავის საზღვრებთან რუსეთი ომამდე ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. ამ ომმა, ფაქტობრივად, დაიწყო უკრაინის არმიის გადაიარაღება ძველი საბჭოთა არსენალიდან უფრო თანამედროვე, ნატოს სტანდარტის საბრძოლო სისტემებზე, რაც, წესით, რუსეთისთვის დიდი თავსატეხი უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პუტინის ბლიცკრიგს ჰიტლერის ბლიცკრიგის ბედი ელის”, - ამ სათაურით შესთავაზა სტატია “კვირის პალიტრამ” ომის დაწყებიდან ოთხ დღეში, 28 თებერვალს, თავის მკითხველს და როგორც ხედავთ, არც შემცდარა. დღეს შეიძლება თამამად ვთქვათ, ისევე, როგორც 1941 წლის 22 ივნისის გამთენიისას საბჭოთა კავშირზე თავდასხმისას ჰიტლერის არმია არ იყო მზად ხანგრძლივი ომისთვის და ბლიცკრიგის, იყო სწრაფი შეტევების იმედად, 2022 წლის 24 თებერვალს პუტინის არმიასაც ბლიცკრიგით (მათ შორის კიევთან ჰოსტომელის აეროდრომზე ტაქტიკური საშვეულმფრენო დესანტის გადასხმით) სურდა უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე დღეში აღება და პრორუსული მთავრობის დასმა. პუტინის ბლიცკრიგის ჩაფლავებამ თავდაყირა დააყენა რუსეთის გენშტაბის გეგმა, რადგან აღმოჩნდა, რომ უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილე რუსეთის საოკუპაციო ძალების რიცხოვნობა საკმარისი არ იყო საიმისოდ, რომ მათ ერთდროულად გაეკონტროლებინათ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები კიევის მისადგომებთან, ჩერნიგოვთან, სუმთან, ხარკოვთან, დონბასში, ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთსა (მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი) და ხერსონში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. რუსი ოკუპანტები იძულებული გახდნენ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან გაეყვანათ საბრძოლო დანაყოფები...” - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. მზარდი ხელფასი, კარიერული და პროფესიული კურსების გავლა, სხვა პროფესიის დაუფლების შანსი - ეს ის პირობებია, რომლებსაც მოქალაქეებს სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურში ჰპირდებიან. კონტრაქტები ოთხწლიანია. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში ჩარიცხვამდე ჯერ სამხედრო მომზადების რამდენიმეკვირიანი კურსია გასავლელი. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შემთხვევაში, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შეღავათებიცაა გათვალისწინებული. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” მკითხველს დეტალურად გააცნობს იმ პირობებს, რაც თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის მსურველებისთვის არის საინტერესო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით საკონტრაქტო სამსახური მიღებას აცხადებს.

“თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (Bჩთ) ორთვიანი კურსი. კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. “თავდაცვის სამსახურში გამოცხადდა მიღება - 18-დან 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, სამედიცინო კომისია და საკონტრაქტო სამსახურში ჩაირიცხონ. ასევე, შეგვიძლია 46 ასაკის ჩათვლით მივიღოთ სხვადასხვა საქმის სპეციალისტები, რომლებიც თავდაცვის ძალებს სჭირდება. პირველი კონტრაქტი 4-წლიანია, რომლის დასრულების შემდეგ სამხედროებს ბონუსად, წასახალისებლად 5 ათასი ლარი ეძლევათ. მისი დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გააგრძელონ როგორც 4-წლიანი, ასევე 2-წლიანი კონტრაქტი. ამ შემთხვევაშიც გვაქვს წამახალისებელი ბონუსები - ორწლიანისთვის - 3 ათასი ლარი, თუ 4-წლიან კონტრაქტს გააგრძელებენ, 8 ათასი”, - ამბობს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, რომლის განმარტებით, “შემდეგი კონტრაქტებიც წამახალისებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმის გარდა, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი ერიცხება, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საველე სწავლებებზე 24 საათი და მეტი დროის განმავლობაში იმყოფებიან, მიიღებენ დამატებით ანაზღაურებას დღეში 15 ლარის ოდენობით. იმ შემადგენლობას, რომელსაც უკვე გავლილი აქვს Bჩთ-ის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი და რეზერვშია, შეუძლია თავდაცვის ძალებში Bჩთ-ის გარეშე ჩაირიცხოს. ამისთვის არაერთი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის შეუძლიათ გაიარონ ონლაინრეგისტრაცია. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იუსტიციის სახლთან და შეუძლიათ ამ უწყებაში დარეგისტრირდნენ. ამასთან, ყველა რეგიონში გახსნილია პუნქტი, სადაც პირადად დარეგისტრირდება. შემდეგ ისინი გაივლიან შერჩევით პროცედურებს, მათ შორის სამედიცინო კომისიას, რომლის დადასტურების შემდეგ, ანუ იმ შემთხვევაში, თუ პირი თავდაცვის ძალებში მსახურებისთვის შესაფერისია, გაივლის IQ-ტესტს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხება...” - განარძობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონი ტატუნაშვილი.

“უკრაინაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ფართომასშტაბიანმა ომმა ყველა დაარწმუნა, რომ XXI საუკუნის ომი დრონებისაა, რომ დისტანციურად მართვად ან სულაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოქმედ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მოძრავ ობიექტებს ბევრად დიდი საბრძოლო ეფექტიანობა აქვთ, ვიდრე ადამიანებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის მქონე ტანკებს თუ თვითმფრინავებს. თუმცა დრონებში ჩემპიონებიც არიან და აუტსაიდერებიც, რაც ფრონტის ხაზზე და სიღრმეში უპილოტოების საბრძოლო გამოყენებისას ვლინდება. უკრაინის ომმა უკვე გამოავლინა იმ სხვადასხვა დანიშნულების დრონებიდან ის ტიპები, რომლებიც საუკეთესოა საჰაერო დაზვერვისთვის, და ისინიც, რომლებიც კამიკაძე-დრონების ამპლუაში “თავს წირავენ” რუსული ჯავშანტექნიკის გარანტირებულად ასაფეთქებლად”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართულ დრონებს პოლონური “ფესვები” და უკრაინული საბრძოლო გამოცდილება ექნებათ.

“უკრაინის ომში წარმატებულ საბრძოლო ნათლობამიღებულთა შორის არიან პოლონური კომპანია ჭB Gროუპ-ის წარმოებული სადაზვერვო დრონი FლყEყე და კამიკაძე-დრონი ჭAღMAთE, რომელთა ეფექტიანი საბრძოლო მოქმედებების არაერთი ვიდეო გავრცელდა უკრაინის ფრონტიდან. ამიტომაც მისასალმებელია, რომ უკვე ამ კვირიდან საქართველო თავად დაიწყებს პოლონური დრონების სერიულ წარმოებას. რატომ უნდა გამოიგონო ხელახლა ველოსიპედი, როდესაც ომში უკვე აპრობირებული სადაზვერვო და კამიკაძე-დრონები პოლონელებთან ერთობლივად შეგიძლია აწარმოო - სწორედ ამ პრინციპით ჯერ კიდევ 2022 წლის 19 მაისს თბილისში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო Dელტა-ჭB დაიწყებს პოლონური დრონების აწყობას. საგულისხმოა, რომ ოფიციალური ვარშავის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კომპანია ჭB Gროუპ-მა. სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო 2022 წლის დეკემბერში ვერ მოესწრო დრონების წარმოების დაწყება, მაგრამ ერთი თვის დაგვიანებით, 2023 წლის იანვრის მიწურულს, ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი მაინც აიღებს სტარტს და ქართული არმია ეტაპობრივად მიიღებს თანამედროვე ომების ისეთ აუცილებელ ატრიბუტს, როგორიცაა სადაზვერვო და კამიკაძე-დრონები, რომელთა საბრძოლო გამოყენება დაზოგავს ქართველი სამხედროების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საგულისხმოა, რომ ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო Delta-WB არათუ სერიულად გამოუშვებს დრონებს, არამედ მოამზადებს ოპერატორებს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და იმ სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც (მაგალითად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციისთვის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებისთვის), რომლებიც იმედია დაინტერესდებიან ამ დიდი შესაძლებლობით, რაც მათ საშუალებას მისცემს ოპერატიულად აითვისონ თანამედროვე ქართულ-პოლონური დრონების გამოყენება. ცალკე პერსპექტივა იხსნება საქართველოში აწყობილი პოლონური დრონების ექსპორტის დაწყების შემთხვევაში მას შემდეგ, რაც მთავარი დამკვეთის, თავდაცვის ძალების შეკვეთები დაკმაყოფილებული იქნება. უკრაინის ომში ამ ორივე ტიპის დრონის წარმატებულმა საბრძოლო გამოყენებამ მათ სახელი გაუთქვა მსოფლიოში და მოთხოვნაც იზრდება...” - განაგრძობს გამოცემა.

“ პირველ რიგში, ყველა მესაზღვრეს და სასაზღვრო პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვარს და უსაფრთხოებას, ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს. აქვე მინდა გავიხსენო გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული ჩვენი გმირები: პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი, რომლებიც, სამწუხაროდ, წელს მესაზღვრის დღეს ჩვენ გვერდით არ იქნებიან. ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას და თავიანთ პროფესიას. მათი მრავალწლიანი ღვაწლი შეუფასებელია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სასაზღვრო პოლიცია მნიშვნელოვანი პროექტებითა და გატარებული რეფორმებით ხვდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში ინსტიტუციური რეფორმები გატარდა სახმელეთო საზღვრის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების აღჭურვის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების გაუმჯობესების, სასაზღვრო პოლიციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა და ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისთვის”, - აცხადებს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ჟურნალ “არსენალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სასაზღვრო პოლიციის დღევანდელი და ხვალინდელი დღე.

“ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის განვითარებისთვის. 2022 წელს შს სამინისტრომ ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი H145 ტიპის შვეულმფრენის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა. H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო-სამაშველო ამოცანები. მას 2 ძრავა აქვს, რაც ფრენის უსაფრთხოებას ზრდის. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირება-მანევრირების შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც ჩვენი ქვეყნის რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. ახალი შვეულმფრენები ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით იქნება დაკომპლექტებული. H145 ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკოლოზ შარაძე.

“2022 წლის დიდი მიღწევაა ის, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია “ზღვის მცველის” ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს ნატოს ოთხდონიანი შეფასება, რის შედეგადაც ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაცია “ზღვის მცველის” ოპერაციული პარტნიორის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისია...რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის დაცვას, შს სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სა­საზღვრო სექტორების მშენებლობა-განახლება. ბოლოპერიოდში სახმელეთო საზღვარზე 6 ახალი სასაზღვრო სექტორი აშენდა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პრეზიდენტ ზელინსკის თქმით, რუსეთის არმიის დასამარცხებლად უკრაინას 500-მდე ტანკი ესაჭიროება. ამ პრობლემის დასაძლევად პირველი გაბედული ნაბიჯი ლონდონმა გადადგა, როცა უკრაინისთვის Challenger 2 ტიპის 14 ტანკის ანუ ერთი ესკადრონის (ასეული) გადაცემის შესახებ განაცხადა, რასაც მალევე ქმედებაც მოაყოლა - იანვრის ბოლოდან ინგლისში უკრაინელი სამხედროები “ჩელენჯერების” სამართავად მომზადებას შეუდგნენ. 25 იანვარს ვაშინგტონმა კიევისთვის 31 ტანკ М1 Abrams-ის ანუ ერთი სატანკო ბატალიონის (საბჭოთა არმიის შტატით) გადაცემა დაადასტურა. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინისთვის 14 ერთეულ Leopard 2A6-ს მიწოდებას დათანხმდა და სხვა ქვეყნებს “ლეოპარდების” რეექსპორტის უფლება მისცა. ეს ერთგვარი ბიძგი გახდა სატანკო კოალიციის შექმნისთვის, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 11 ქვეყანა გაერთიანდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სატანკო კოალიცია.

“სატანკო კოალიციაში ყველაზე დიდი წვლილი პოლონეთს შეაქვს. ვარშავა უკრაინისთვის უკვე გადაცემულ 250 ტანკს უმატებს 14 Leopard 2-ს, 30-მდე PT-91 Twardy-სა და 16 მოდერნიზებულ Т-72-ს - ანუ სულ 60 ტანკს. სხვა ქვეყნებიდან კანადის არმიის ოთხი Leopard 2A4 უკვე პოლონეთშია. ამის გარდა, პორტუგალია 3-ს, ნორვეგია 8-ს, ესპანეთი Lეოპარდ 2A4 მოდელის 12-დან 20-მდე, ფინეთი არანაკლებ 10-ს, ჰოლანდია კი 18-მდე Leopard 2-ის გადაცემას ჰპირდებიან ან გადასაცემად ამზადებენ. ბერლინის სურვილია Leopard 2-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკებით 2 სატანკო ბატალიონის დაკომპლექტება. დასავლური სამხედრო შტატით სატანკო ბატალიონი 45-მდე ტანკს ითვლის. გერმანია ასევე მოამზადებს უკრაინელ სამხედროებს, უზრუნველყოფს ლოჯისტიკით, საბრძოლო მასალების მომარაგებითა და ტანკების ტექნიკური მომსახურებით. თებერვლიდან უკრაინელი ტანკისტები დაჩქარებული კურსით ემზადებიან გერმანიასა და პოლონეთში. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის თქმით, მარტის ბოლო კვირისთვის უკრაინელთა სატანკო ეკიპაჟები მზად იქნებიან და სამშობლოში Leopard 2A6-ებით დაბრუნდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბერლინი თანახმაა უკრაინას მიაწოდოს Lეოპარდ 1A5 მოდელის 178 ტანკი. აღნიშნული რაოდენობიდან 90 კომპანია Flensburger Fahrzeugbau Gesellschaft mbH-მა, 88 კი კონცერნ Rheinmetall-მა უნდა მოამზადოს. ეს უკანასკნელი წელსვე უკრაინისთვის 20-25 გამართული Leopard 1-ის მიწოდებას გეგმავს. ამავე პროექტს შეუერთდნენ დანია და ჰოლანდია. საგულისხმოა, რომ ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მონაცემებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში შედარებით თანამედროვე Т-72Б3 და Т-72Б3М ტიპის ტანკების 50%, ხოლო Т-80-ების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა, ამიტომ ბრძოლებში სულ უფრო ხშირად Т-64-ებსა და პირველი მოდიფიკაციების Т-72-ებს იყენებს. 105 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებულ პირველი თაობის Leopard 1A5-ს კი ძველი მოდელების რუსული ტანკებისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. დახმარების კიდევ ერთ პროგრამას ნიდერლანდები აფინანსებს. მაროკოს მიერ ბელარუსში ნაყიდი Т-72Б ტიპის ტანკებიდან 90-ს ჩეხეთში კომპანია Excalibur Army მოდერნიზაციას ჩაუტარებს და უკრაინას მიაწვდის. არსებული მონაცემებით, აღნიშნული პროგრამით მოდერნიზებული პირველი პარტია - 20 ტანკი უკვე ბრძოლებში მონაწილეობს...” - განაგრძობს გამოცემა.

“ნათქვამია, ომში ყველა ხერხი გამართლებულიაო. ეს ფრაზა თვალნათლივ ასახავს, თუ როგორ შეიძლება მოწინააღმდეგესთან ბრძოლა ამ საქმისთვის თითქოს სრულიად უადგილო სამოქალაქო დრონებით. აგერ უკვე მერამდენე თვეა უკრაინის არმიის ქვედანაყოფები ოკუპანტების პოზიციებს კუსტარულად (და არა მარტო) გადაკეთებული “მინი-ბომბდამშენებით” უტევენ და მოსვენებას არ აძლევენ. ყველაზე გავრცელებული მოდელები პატარა კვადროკოპტერებია 40-45 წთ-იანი ფრენის ხანგრძლივობითა და მინიმუმ 500 გ-იანი სასარგებლო დატვირთვით. მოწინააღმდეგის სანგარში 310 გ-იანი РГД-5-ის ტიპის ხელყუმბარის ჩაგდებისთვის ეს სავსებით საკმარისია. სასარგებლო დატვირთვის მეორე ვარიანტი 30 მმ-იანი ВОГ-17-ებია (წონა – 285 გ), რომლებსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილ სტაბილიზატორებს უმაგრებენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით საბრძოლო დრონები რუსეთ-უკრაინის ომში.

“ბომბდამშენის ფუნქციები კომპანია “უკრჯეტის” UJ-22 Airborne-მაც მოირგო. სახმელეთო მართვის სადგურიდან ეს უპილოტო (ფრენის სიმაღლე 6 კმ, სიჩქარე 180 კმ/სთ) 120 კმ-ის რადიუსში (ავტონომიურ რეჟიმში 600-700 კმ-მდე იზრდება) მოქმედებს, მაგრამ UJ-22-ის უპირატესობა 20 კგ-იანი სასარგებლო დატვირთვაა, რომელიც ოთხი 82 მმ-იანი ნაღმის წაღების შესაძლებლობას იძლევა. გასამხედროებულ სამოქალაქო კვადროკოპტერებთან ერთად, უკრაინელები კამიკაძე-დრონებსაც ხშირად იყენებენ. 2014 წლიდან ამ ტიპის უპილოტოებზე სამამულო კომპანიებიც მუშაობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, სერიულ წარმოებამდე საქმე არ მისულა. ამჟამად რუსების პოზიციებს, ძირითადად, ამერიკული Switchblade-სა და პოლონური Warmate-ს ტიპის დრონები უტევენ. Switchblade 300-ების პირველი პარტია უკრაინამ გასული წლის აპრილში მიიღო. ერთი თვით ადრე ანონსირებული დახმარების პაკეტი კიევისთვის 700 ასეთი უპილოტოს მიწოდებას ითვალისწინებდა. კომპანია AeroVironment-ის 2011 წელს შექმნილმა უპილოტომ საბრძოლო ნათლობა ავღანეთში მიიღო. ის მხოლოდ 2,5 კგ-ს იწონის და 10 კმ-ზე მოქმედებს. კარგ ხილვადობაში გამოცდილი ოპერატორი Switchblade-ს 1 მ-იან წრეშიც “მოახვედრებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სტარტს უპილოტო სპეციალური გამშვებიდან კომპრესორითა და შეკუმშული ჰაერით იღებს. მცირე გაბარიტები (სიგრძე 50 სმ) საფრენოსნო შესაძლებლობებზე თავისთავად აისახება. ჰაერში Switchblade 300 მხოლოდ 15 წთ დაფრინავს. მეორე მხრივ, ეს სავსებით საკმარისია წინასწარ ცნობილი კოორდინატებით მიზნის განადგურებისთვის. შემდგომი მოდელი, შწიტცჰბლადე 600, ასევე ბარაჟირებადი ტიპის კამიკაძეა, თუმცა მას ჯავშანტექნიკის განადგურებაც შეუძლია. ამისთვის უპილოტოს ტანკსაწინააღმდეგო Javelin-ის საბრძოლო ნაწილი აქვს. ეს მოდელი 15 კგ-ს იწონის და 40 კმ-ზე მიფრინავს (ფრენის ხანგრძლივობა 40 წთ-ია), ხოლო მოქმედება-დამიზნების პრინციპი Switchblade 300-ის ანალოგიურია. რაც შეეხება პოლონურ Warmate-ებს, ისინი ფრონტზე 2022 წლის ზაფხულში გამოჩნდნენ. პოლონეთიდან შემოსულ უპილოტოებს აგვისტოში ლიეტუველმა მოქალაქეებმა შეგროვილი თანხით კიდევ 37 ანალოგიური დრონი დაამატეს...” - განაგრძობს გამოცემა.

“მნიშვნელობის მხრივ ოპერატიულად მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციას საბრძოლო მოქმედებებში უმთავრესი როლი ენიჭება. როგორც ისტორიის არაერთმა მაგალითმა აჩვენა, რიგ შემთხვევაში ეს ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობაზეც კი ღირებულია. რუსეთ-უკრაინის ომში ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ სიღრმეში დაზვერვისთვის სპეციალურ თანამგზავრებსა და საფრენ აპარატებს ორივე მხარე იყენებს, მაგრამ უკრაინა ასეთი დანიშნულების საშუალებათა უქონლობის გამო სადაზვერვო ცნობებს დასავლელი პარტნიორების დახმარებით იღებს. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, გასული წლის იანვარსა და თებერვლის პირველ ნახევარში, ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები პოლონეთისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე თითქმის უწყვეტად დაფრინავდნენ და რუსების მზადებას ბელარუსის ტერიტორიაზე თუ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში, ისევე როგორც შავი ზღვის ფლოტის ყველა ნაბიჯს, გულდასმით აკვირდებოდნენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ვინ ზვერავს უკრაინის ცას.

“ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოში ყველაზე უნიკალური უპილოტო თვითმფრინავი Global Hawk-ი იყო. შეიარაღებაში მიღების შემდეგ ეს საფრენი აპარატი Lockheed U-2-ისა და Lockheed SR-71-ის სრულფასოვანი შემცვლელი გახდა. საპროექტო გათვლებით, ამ თვითმფრინავს დიდ სიმაღლეებზე ხანგრძლივად უნდა ეფრინა. გამოყენების სტანდარტული ვარიანტი ბაზირების წერტილიდან 2 200 კმ-ით დაცილებული ობიექტის თავზე 24-საათიან პატრულირებას გულისხმობდა. რაც მთავარია, ფრენის ყველა ეტაპი, აფრენისა და დაშვების ჩათვლით, ავტომატურ რეჟიმში ხდებოდა. საფრენი აპარატის მთავარი კომპონენტი HISAR-ის ტიპის სადაზვერვო კომპლექსია. პირველი თაობის უპილოტოებზე კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა რადარი (SAR-MIT), ოპტიკური და ინფრაწითელი სენსორები. მეტი ეფექტურობისთვის სამივეს მუშაობა ერთდროულად შეუძლია. კომბინირებულ რეჟიმში რადარი 6 მ-იანი გარჩევადობით 37 კმ-ის სიგანისა და 110 კმ-მდე სიგრძის ზოლს ზვერავს. დეტალური რეჟიმით გარჩევადობის სიდიდე 1.8 მ-ს შეადგენს. მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია თანამგზავრული (შორი მანძილებისთვის) და რადიოარხით გადაიცემა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2011 წელს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში მიიღეს ახალი RQ-4B Block 30. დღეს ყველაზე სრულყოფილ ვერსიად RQ-4B Block 40 ითვლება, რომელზეც მოძველებული რადიოლოკაციური სადგური თანამედროვე მოდელით, MP-RTIP-ით არის შეცვლილი. კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელსაც Global Hawk-თან ერთად სადაზვერვოდ იყენებენ, ვეტერანი RC-135-ია. ვიეტნამის ომიდან მოყოლებული ეს სტრატეგიული მზვერავი (პროტოტიპი ჰაერში 1961 წელს აფრინდა), აშშ-ის ყველა სამხედრო კამპანიის მონაწილეა. მისი უნიკალური მახასიათებლები არა მარტო რადიოტექნიკური დაზვერვის, არამედ რეტრანსლატორისა და, გარკვეულწილად, მფრინავი საკომანდო პუნქტის ფუნქციების შესრულების შესაძლებლობასაც იძლევა. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ თვითმფრინავი მუდმივად უმჯობესდებოდა, იზრდებოდა და ფართოვდებოდა მისი ელექტრონული შიგთავსის შესაძლებლობები. მწყობრში არსებულ ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციად RC-135V/W Rivet Joint-ი ითვლება...” - განაგრძობს გამოცემა.

“სპიტაკის სასაფლაოზე, მიწისძვრის დროს გარდაცვლილების საფლავებს შორის, არის ერთი უჯვრო საფლავი, წარწერით “ჟუჟა”, რომელსაც გულის ამაჩუყებელი ისტორია აქვს. 1988 წლის 7 დეკემბრის ძლიერმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა სომხეთის ქალაქი სპიტაკი. მიწისძვრიდან მეოთხე დღეს ნანგრევებიდან 1 წლის გოგონა და მისი ძაღლი “ჟუჟა” უვნებელი ამოიყვანეს. 4 დღის განმავლობაში ძაღლი გოგონას არ მოშორებია, გვერდით ეწვა და ყინვაში თავისი სხეულით ათბობდა. იქაურების ვარაუდით, შესაძლოა ცხოველი კვებავდა კიდეც გოგონას, რადგან გოგონა 4 დღეს უწყლოდ ვერ გაძლებდა. რაც დრო გადიოდა, ვინმეს ცოცხლად პოვნის იმედი თანდათან კვდებოდა. მაშველები და მოხალისეები ნანგრევებში დადიოდნენ და იძახდნენ, თუ ვინმე ცოცხალია, ხმა გაგვაგონეთო. სიჩუმე იყო, მხოლოდ ერთგან ისმოდა ძაღლის ყმუილი, მაგრამ იმ ჯოჯოხეთში ძაღლის ძებნა არავის დაუწყია. მაშინ “ჟუჟამ” წარმოუდგენელი რამ გააკეთა - გოგონას მსუბუქად უკბინა და განადგურებული ქალაქის საზარელ სიჩუმეში მაშველებს ბავშვის ტირილი შემოესმათ. სასწრაფოდ დაიწყეს მუშაობა და ნანგრევებში მოყოლილ “ჟუჟასა” და მასთან ჩახუტებულ გოგონას მიაგნეს”, - წერს ჟურნალი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქართველი მაშველები თურქეთის სტიქიური უბედურების ზონაში.

“ამის შემდეგ “ჟუჟამ” საპატიო ადგილი დაიკავა სარიანების ოჯახში. 12 წელი იცოცხლა, სიკვდილის შემდეგ კი ოჯახმა ცხოველი კანონიკური წესის გარეშე, მაგრამ დამსახურებისამებრ საგვარეულო სასაფლაოზე დამარხა, რაც მაშინ ჩვეულებრივი ნამდვილად არ იყო. 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. უმძიმესი, თითქმის დაუჯერებელი ფაქტები ვრცელდებოდა, თუ როგორ პოულობდნენ ცოცხალ და უვნებელ ადამიანებს თითქმის 10 დღის შემდეგ. მაძებარი და მიუსაფარი ძაღლების როლი და წვლილი აქაც დიდი იყო, მათ უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. თურქეთის ჰატაის პროვინციაში იმავე დღეს გაემგზავრნენ 40-ზე მეტი ქვეყნის სამაშველო სამსახურისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თურქეთის სტიქიური უბედურების ზონაში ჩასვლისთანავე მუშაობას შეუდგნენ საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი სამი კაცი გადაარჩინეს, მათ შორის ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა “ტინტომ” იპოვა... საქართველოდან ჩასული სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირის მანქანითა და ყველა სახის სპეციალური სამაშველო მოწყობილობით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართველი მაშველების თავდაუზოგავ მუშაობას ხშირად აშუქებს თურქული მედია, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ისინი მუხლჩაუხრელად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და თითქმის არასდროს ისვენებენ. ამიტომაც დაზარალებულები ცდილობენ დახმარებისთვის ხშირად მათ მიმართონ. ქალაქ ადიამანში მყოფი მეხანძრე-მაშველი მიხეილ შუბითიძე: “საქართველომ და ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მთელ მსოფლიოს რომ სხვაზე უკეთესი თუ არა, არაფრით ნაკლები არა ვართ! მოქალაქეები ხშირად მოდიოდნენ და გვთხოვდნენ, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არაფერი გვინდაო. როგორც კი საქართველოს გაიგებენ, სიხარულითა და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ, რომ თავს არ ვზოგავთ”. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" თურქეთში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მამუკა სეფიაშვილს დაუკავშირდა და არსებული სიტუაციის შეფასება და ქართველი მაშველების სამუშაოს სირთულეებზე საუბარი სთხოვა...” - განაგრძობს გამოცემა.

“გიორგი გელაშვილსა და შოთა ბითაძეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გელა გოგიას საქართველოში გამოცილების ცერემონიაზე შევხვდი კიევში. ვოლოდიმირის ტაძრის ეზოში ქართველი მეომრები თანამებრძოლის პატივის მისაგებად მოგროვილიყვნენ. მეც დრო ვიხელთე და რამდენიმე მათგანთან გასაუბრება მოვახერხე. უმრავლესობამ უარი მითხრა, რუსებს ისედაც “შავ სიაში” ვყავართო. როდესაც ლევან სახელაშვილთან საუბარს მოვრჩი, მის გვერდით ჩუმად მდგარი მებრძოლი შევნიშნე. საიდან მოხვდა ეს პატარა ბიჭი აქ-მეთქი, ვკითხე ლევანს, თვითონ გიპასუხოსო, თავის მოძრაობით მანიშნა. პოლონეთიდანო, მპასუხობს გიორგი, ომის დაწყების მეორე დღეს ჩამოვედიო. როდესაც ასაკი ვკითხე, არ დავმალავ და, ცრემლები ვერ შევიკავე. 20 წლის გიორგი გელაშვილი ყველაზე პატარაა ქართველი მეომრებიდან, ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის. შინ მამა და უფროსი და დატოვა. მამაჩემმა იცოდა ჩემი ამბავი, რომ არ გავჩერდებოდი, ნერვიულობს, მაგრამ რას ვიზამთო, ამბობს. წარმოშობით ხარაგაულიდანაა, დედა შარშან გარდაეცვალა. სამხედრო გამოცდილება ქართულ ჯარში მიიღო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ბიჭები ბახმუტის ცივი სანგრიდან.

“ვაზიანში ვმსახურობდი და იქ მიღებული ცოდნა ომში ძალიან გამომადგა. აქ ექვსი თვეა ვარ. ბევრ ცხელ წერტილში მომიწია ბრძოლამ, ახლაც ხერსონიდან გამოვედი”, - ეს მაშინ მითხრა, აგვისტოს ბოლოს. ახლა მალე ერთი წელი გახდება, რაც ომშია, სხვადასხვა ცხელ წერტილში. გიორგი “კავკასიურ ლეგიონში” ირიცხება და უკრაინის ფრონტის ყველაზე სახიფათო ზონაში, ბახმუტის მიმართულებაზე იბრძვის. ის თითქმის ყველა დაღუპულ ქართველ მეომარს იცნობდა. ყველას გვერდით იბრძოდა, ყველასთან მეგობრობდა. როდესაც ლევან სახელაშვილის სიკვდილი გავიგე, ლევანის შემდეგ გიორგიზე ვწუხდი, ასე პატარა ბიჭმა ამხელა ტკივილს როგორ უნდა გაუძლოს-მეთქი... ლევანს ბახმუტში ჩარჩენილი ქართველებიც მოჰყვნენ, რომელთა შესახებაც სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა გიორგიმ: “ხუთი რჩეული ვაჟკაცი დაიღუპა დღეს ბახმუტში, უბრალოდ, არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან ძნელია ეს ჩემთვის, საუკეთესო ადამიანები, მამები, ძმები, ქმრები და საუკეთესო პატრიოტი ვაჟკაცები დაკარგა დღეს საქართველომ... ჩემს გულში მუდამ ცოცხლები იქნებით. მიყვარხართ და მომენატრებით, ძმებო!” გასული წლის ნოემბერში სოციალურ ქსელში გიორგის დაღუპვის ამბავიც გავრცელდა. პოსტის ავტორმა ის მეც მამცნო პირად შეტყობინებაში. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და გიორგის მივწერე, მითხარი, რომ ტყუილია, მითხარი, რომ ცოცხალი ხარ-მეთქი. რამდენიმე წუთში პასუხი დამიბრუნა, ცოცხალი ვარ და კარგად ვარ, ცრუინფორმაცია გამივრცელესო. არ ვიცი, ვის ან რატომ მოუვიდა აზრად ასეთი რამ?” - წერს სტატიის ავტორი.

“ბოლოს რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდი, ბახმუტში, წინა ხაზზე, სანგარში იჯდა. მინუს 15 გრადუს ყინვას უძლებს გიორგი სხვა ქართველ მეომრებთან ერთად. იბრძვის უკრაინისთვის და ცივი სანგრიდან იგერიებს რუსების ყველანაირ შემოტევას. რუსულ უშიშროებას მის შესახებ დაწვრილებით შეუკრებია ინფორმაცია, ტელეგრამზე განუთავსებია და ქართველი მეომარი “შავ სიაშიც” შეუტანია. “გიორგი გელაშვილი, ქართველი დაქირავებული, სნაიპერი, უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორი, დაიბადა 2002 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოში. გელაშვილი გაიზარდა რუსების სიძულვილით გაჯერებულ გარემოში. მტკივნეულად აღიქვამს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას... მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის” იდეებს კავკასიის რეგიონების რუსეთისგან გამოყოფის შესახებ. კითხულობს და ციტირებს ტერორისტ ჯოჰარ დუდაევს...” - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციათა პრევენციაა”, - ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ვარსიმაშვილი სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალთან” ინტერვიუში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტი დიდ ყურადღებას უთმობს მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდებას, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დაუდევრობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების რაოდენობა და რისკი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ როგორ მოიქცნენ მსგავს შემთხვევებში და არ შეუქმნან საფრთხე როგორც საკუთარ, ასევე სხვის სიცოცხლეს. გიორგი ვარსიმაშვილი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულ სწავლებებს აფასებს და განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები და რამდენად საინტერესოა მსგავსი სწავლებები მოსწავლეებისთვის”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სწავლებები საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

“ცნობიერების ამაღლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური გაკვეთილების ჩატარება. მსგავსი ღონისძიებების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საჭირო ცოდნას უსაფრთხოების დაცვის შესახებ. მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც სკოლებში, ასევე, საბავშვო ბაღებსა და პროფესიულ კოლეჯებშიც სისტემატურად იმართება. სწავლებებს ვატარებთ სპეციალური საჭიროებების მქონე სკოლებშიც. სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტები თეორიულ გაკვეთილებს ატარებენ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და პერსონალისთვის. გარდა ამი­სა, სამსახური თითოეულ დაწესებულებას ეხმარება სპეციალური გეგმის შედგენაში და დეტალურად განიხილავს სკოლის პერსონალთან, თუ როგორ უნდა წარიმართოს საგანგებო სიტუაციის დროს ევაკუაცია. თეორიული ნაწილის გარდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ატარებენ ვარჯიშებსაც, რომლებშიც პროფესიონალი მეხანძრე-მაშველები არიან ჩართული. შენობებში ხდება ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა ეტაპის დემონსტრირება – ადგილზე ჯგუფების მისვლა, ევაკუაცია და დაშავებულების გამოყვანის პროცედურები. მსგავსი სიმულაციის დროს მიმდინარეობს დეტალური ანალიზი, თუ როგორ უნდა გამოიყენო სწორად თეორიული ცოდნა პრაქტიკაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვარსიმაშვილი.

“საგანმანათლებლო დაწესებულებები უმეტესად საგანგებო მართვის გეგმის შედგენაში დახმარების თხოვნით გვიკავშირდებიან, რის შემდეგაც ჩნდება დაინტერესება სწავლებებითა და სიმულაციური ვარჯიშებითაც. საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ სწავლებების ჩატარება ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმებთან დაახლოების მიზნით, ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობიერების ასამაღლებელ სწავლებებს სისტემატურად ატარებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. მსგავსი ღონისძიებების გამართვის მიზანი უმთავრესად საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისა და პერსონალის მზაობის გაზრდაა. სწავლებების მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რაც აუცილებელია სკოლებში, ბაღებში, უმაღლეს სასწავლებლებსა თუ სხვა სახის ორგანიზაციებში პერსონალის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის...” - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინაში რუსეთის აგრესიამ მისი სამხედრო პოტენციალის, შეიარაღებული ძალების, შეიარაღებისა და ჯარისკაცების ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო თვალსაჩინო გახადა. ამის მიუხედავად, ნაცვლად იმისა, პრობლემები აღმოფხვრას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არმიის 1.5 მილიონ კაცამდე გაზრდას იწყებს. რაც დრო გადის, წლების განმავლობაში დამკვიდრებული მოსაზრება, რომ რუსულ ჯარში მხოლოდ უფულო და უპატრონო ახალგაზრდები მიჰყავთ, უფრო მყარდება. თავდაცვის უწყების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავს პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, ვინც უკრაინაში ომის გაგრძელების მომხრეა. არადა, ამგვარი დამოკიდებულება დასჯადი გახდა, თუმცა ინტერნეტში ხშირად ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც ასახულია რუსული არმიის უმძიმესი მდგომარეობა. მართალია, რუსული ჯარის ძლევამოსილებაზე მითი კარგა ხანია გაქარწყლდა, რუსეთის ხელისუფლების კონტროლირებადი მედია მის ქება-დიდებას განაგრძობს. რუსეთის მოქალაქე, 34 წლის დავითი, რომელიც რუსეთის არმიაში მსახურობს და ახლა შვებულებაშია, მსოფლიოს “უძლიერესი არმიის” პრობლემებზე საუბრობს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით რუსული ჯარის კოშმარი.

“რუსეთის არმიის კონტრაქტორი ვიყავი. ომის დაწყებამდე ერთი ვადა დამიმთავრდა. ერთხანს ჩემი ბიზნესი მქონდა, თურქეთიდან ჰიგიენური საშუალებები ჩამომქონდა, შემდეგ პანდემია დაიწყო და საქმე ჩამივარდა. სხვა რამეებიც ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა და განმეორებით კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მალე ომიც დაიწყო. უმცროსი სერჟანტი ვარ, ნაწილში არც ხელწამოსაკრავი ვიყავი და პასუხისმგებლობაც მქონდა. 2021 წელს ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში დისლოცირებულ 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში ვმსახურობდი. რუსულ ჯარში ომის დაწყებამდეც აუტანელი მდგომარეობა იყო. როდესაც პირველი კონტრაქტი დავასრულე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ კიდევ წავიდოდი იმ ჯოჯოხეთში, მაგრამ პანდემიამ არჩევანი არ დამიტოვა. მუდმივი წვრთნა გვქონდა, მთავარი მოწინააღმდეგე ნატოს ძალები იყო. ფანტასტიკურ სამყაროში გვაცხოვრებენო, ხუმრობდნენ ამაზე ხშირად ჯარისკაცები. დასავლეთთან შეტაკება წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა. სამხედრო წვრთნებისას თანდათან უკრაინისკენ მივიწევდით. მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სრული შეიარაღებით, საველე ჰოსპიტლით, ლოჯისტიკით ელვისებური გადაადგილება სტრატეგიულ წინსვლას თუ ბლიცკრიგს ჰგავდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას 34 წლის დავითი.

“19 თებერვალს, დილით, პოლიგონზე მოწყობა გვიბრძანეს. ნაწილის მეთაურმა ლექცია წაგვიკითხა იმაზე, რომ ამიერიდან სატელეფონო და ინტერნეტკავშირი იკრძალებოდა. როდესაც ვიკითხეთ, რისთვის ვემზადებოდით, მოკლედ გვიპასუხა, გოგონებივით პანიკაში ნუ ხართ, ყველაფერი კარგად არისო. რამდენიმე საათში ყირიმიდან უკრაინისკენ წავედით. ყოველ საათში ვიცვლიდით მდებარეობას, რაც ნიშნავდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შევედით. აქტიურად მუშაობდა რეაქტიული არტილერია. ნამდვილ ომში მაშინ პირველად მოვხვდი. ძალიან მძაფრი განცდა იყო, ხოლო იარაღის სპეციფიკური სუნი ლამის მახრჩობდა. კონტრაქტორთა ერთი ნაწილი ამბობდა, რომ ოპერაცია რამდენიმე დღის საქმე იყო, სულ ცოტა, სამ კვირაში კიევში რუსული სამფერიანი დროშა აფრიალდებოდა. სხვები ვარაუდობდნენ, რომ ნატოს არ დათმობდა და საბოლოოდ მასთან მოგვიწევდა ბრძოლა. გზადაგზა სხვა კოლონებიც გვიერთდებოდნენ, ზოგი სხვა მიმართულებით მიდიოდა. ერთ ადგილას ლამის ცეცხლი გაგვიხსნეს - სამხედრო ნაწილებს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ და არ იცოდნენ, რომ ის ტერიტორია ჩვენ უნდა დაგვეკავებინა....” - განაგრძობს გამოცემა.

“რუსული სახელმწიფო პროპაგანდა საკუთარ მრავალმილიონიან აუდიტორიას “დასამშვიდებლად” მუდმივად იმას უჩიჩინებს, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის არმიას ბევრად ვერაფრით აძლიერებს, რადგან თურმე ნატო მხოლოდ ისეთ მოძველებულ სამხედრო ტექნიკას იმეტებს უკრაინისთვის, რომელიც ისედაც უნდა ჩამოეწერა. ზოგ შემთხვევაში მართლაც არ გამოირჩევა თანამედროვეობით ამერიკელებისა თუ ევროპელების საარტილერიო დანადგარები და ჯავშანტრანსპორტიორები, მაგრამ ნატოს ბევრ ქვეყანასაც სწორედ ისინი აქვს შეიარაღებაში, ამასთან, თავად რუსეთის საოკუპაციო ძალებს რაღა აქვთ სათქმელი, როდესაც ბრძოლებში 60-წლიანი T-62 ტიპის ტანკების გამოყენება დაიწყეს. მაგრამ დასავლურ შედარებით მოძველებულ ტექნიკასთან ერთად უკრაინის ფრონტზე თანამედროვე და თვით ულტრათანამედროვე დასავლური წარმოების საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღებაც ხვდება, მაგალითად, ზალპური ცეცხლის ამერიკული “ჰაიმარსები” ან საზენიტო-სარაკეტო IRIS-T-ები, რომლებიც თავად გერმანულ ბუნდესვერსაც კი არა აქვს შეიარაღებაში. თუმცა ფრანგებმა, ეტყობა, ყველას “გადაუჯოკრეს” მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიას ფარულად გადასცეს მართლაც ულტრათანამედროვე გადასატანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც თვით “ჯაველინსაც” ბევრად სჯობს”, - წერს ჟურნალი “არსენალი”სტატიაში, სათაურით “ჯაველინზე” ბევრად უკეთესმა “აკერონმაც” დაიწყო რუსული ტანკების აფეთქება...

“მე-3 თაობის ამერიკული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “ჯაველინი” უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საბრძოლო ეფექტიანობის იარაღად ითვლება, რადგან მოქმედებს “გაისროლე-დაივიწყე” პრინციპით და ამასთანავე, ზუსტი დარტყმის მიყენება შეუძლია ზემოდან, ტანკის კოშკურაზეც, სადაც ყველაზე ნაკლები შეჯავშნაა. ომის ერთ წელში რუსეთის საოკუპაციო ძალების დაკარგული 1746 ტანკიდან ლომის წილი სწორედ “ჯაველინებზე” მოდის, რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე ათას აფეთქებულ რუსულ ქვეითთა საბრძოლო მანქანასა და ჯავშანტრანსპორტიორზე. და, აი, ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე უკრაინის არმია საფრანგეთიდან იღებს Akeron MP-ებს, რომლებიც... ორი თავით მაღლა დგანან თვით “ჯაველინზეც”, რადგან მე-5 თაობის მართვად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს წარმოადგენენ. გარდა იმისა, რომ ფრანგულ “აკერონს” ამერიკული “ჯაველინივით” შეუძლია იმოქმედოს “გაისროლე-დაივიწყე” პრინციპით და მიზანს ზემოდანაც მოხვდეს, მისი გაშვება ოპერატორს მაშინაც კი შეუძლია, თუკი... მიზანს საერთოდ ვერ ხედავს!” - აღნიშნავს გამოცემა.

“ფრანგული Akeron MP, ისევე როგორც ისრაელის Spike-NLOS, მოწინააღმდეგის მიმართულებით სტარტის შემდეგ ოპერატორის დახმარებით “ეძებს” “საკბილოს” და მიზნის ამორჩევის შემდეგ მასზე ზუსტად პიკირებს. გარდა ამისა, ფრანგებმა თავის “აკერონში” კიდევ ერთი, ისრაელის წარმოების მართვადი რაკეტა Spike-LR-ის მოქმედების ფუნქცია დაუმატეს - “აკერონის” რაკეტას მე-2 თაობის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების (მაგალითად, ამერიკული “ტოუს”, ევროპული “მილანისა” თუ რუსული “ფაგოტის”) სამართავი ორმხრივი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი აქვს დამატებული, რომელიც რაკეტის ფრენისას მისი სხვა მიზნებზე გადამისამართების საშუალებას აძლევს ოპერატორს და ამასთან, გამოირჩევა მაღალი მდგრადობით სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორის ზემოქმედებისგან. ფრანგულ “აკერონს” ამერიკულ “ჯაველინზე” თითქმის ორჯერ მეტ – 5 კმ-მდე სიშორეზეც შეუძლია ზუსტად მოხვდეს ტანკს, რომელსაც გადარჩენის შანსს არ უტოვებს, რადგან “აკერონს” მრავალდანიშნულების ტანდემური კუმულაციური საბრძოლო ქობინი უყენია, რომელიც გარანტირებულად არღვევს 1 000 მმ ანუ 1 მ სისქის მონოლითური ჯავშნის ეკვივალენტ კომბინირებულ ჯავშანს დინამიკური დაცვის ელემენტების აფეთქების შემდეგ...” - განაგრძობს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო