ანდრო გოცირიძე - ამ კანონის მიღებით საპარლამენტო უმრავლესობა ძირს გამოუთხრის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, ეს კი რუსული სპეცსამსახურების მიზანია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტს, წიგნების „კიბერთავდაცვა“ და „ჰიბრიდული ომების ანატომია“-ს თანაავტორს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ - „ხალხის ძალამ“ აქტიურად დაიწყო საუბარი „აგენტების“ შესახებ კანონის ინიციირებაზე, არ წყდება კამათი და მსჯელობა იმაზე, თუ რა მსგავსებაა მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტსა და აშშ-ში მიღებულ კანონებს შორის.

იმის გათვალისწინებით რომ გრანტების გამცემებზე, მიმღებებზე და ამ თანხების ხარჯვაზე ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, სახელისუფლებო გუნდის მტკიცება, რომ კანონის მიზანია გამჭვირვალე გახადოს არასამთავრობო სექტორის ფინანსები და მათი ხარჯვა, ნაკლებად სარწმუნო და აზრს მოკლებული აღმოჩნდა.

რადგან გაუგებარია დაჩქარებული წესით რატომ დაიწყო ამ კანონპროექტზე მმართველმა გუნდმა მუშაობა და ამ თემაზე მსჯელობისას კვლავ აქტუალურია შემოთავაზებული კანონპროექტი ამერიკულია, რუსული თუ „ქართული“, მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა მსგავსება და განსხვავებაა „ჩვენსა“ და ამერიკულ კანონებს შორის?

- დავიწყოთ იმით, რომ ინიციატორმა, საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტს ორი კანონპროექტი წარუდგინა: მის მიერ შექმნილი და ამერიკული The Foreign Agents Registration Act (FARA)-ის ზუსტი თარგმანი.

FARA მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში შეიქმნა. ამ პერიოდში პროგრესული სამყარო ნაცისტურ გერმანიას ებრძოდა და ბუნებრივია, ამ კანონის სამიზნეც ამერიკულ პოლიტიკაზე გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის გავლენის პრევენცია გახლდათ. დროით განპირობებული ცვლილების შემდეგ, დღეს ამერიკული FARA ფოკუსირდება უცხოეთიდან მართული ორგანიზაციების, ძირითადად, რუსული და ჩინური ლობისტური ჯგუფების რეგისტრაციაზე.

ამერიკული კანონი „უცხო ძალად“ განიხილავს საზღვარგარეთიდან მართულ და არა დაფინანსებულ ორგანიზაციებს. ამრიგად, მისი ზემოქმედების ქვეშ მოსახვედრად აუცილებელი წინაპირობაა უცხო სახელმწიფოს ინტერესის გატარება და არა დაფინანსების წყაროები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჯგუფი სახელმწიფო ორგანიზაციასთან შედის შემხებლობაში, ის ვალდებულია განაცხადოს, რომ უცხო სახელმწიფოს ინტერესს ახორციელებს.

ამერიკული კანონი „უცხო ძალად“ განიხილავს საზღვარგარეთიდან მართულ და არა დაფინანსებულ ორგანიზაციებს. ამრიგად, მისი ზემოქმედების ქვეშ მოსახვედრად აუცილებელი წინაპირობაა უცხო სახელმწიფოს ინტერესის გატარება და არა დაფინანსების წყაროები

ზემოხსენებული კანონის ამ სახით ჩამოყალიბება დიდწილად განაპირობა აშშ-ის არჩევნებში რუსული, ჩინური, ირანული ჩარევის დადასტურებამ და ამგვარი დესტრუქციული გავლენისადმი მდგრადობის ამაღლების სურვილმა. დარგის ექსპერტების ანალიზით, FARA -ს დაფარვის ზონაში აბსოლუტური უმრავლესობა კომერციული ორგანიზაციებია, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია არაკომერციული ორგანიზაციების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, და საერთოდ არ არიან მედიასაშუალებები, გარდა რუსული ჰიბრიდული ომის ცნობილი რუპორებისა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, პარტნიორები, მეგობარი ქვეყნები, რომლებიც არ განიხილება უცხო ძალად. ნიშანდობლივია, რომ ეს პუნქტი ქართულ თარგმანში ვერ მოხვდა.

ბუნებრივია, FARA ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნებს, რაც დეკლარირებული აქვთ კანონპროექტის ინიციატორებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს პროექტი უბრალოდ ამერიკული კანონის კრიტიკის ფონზე საკუთარი რუსული სულისკვეთების კანონის გასატანადაა წარმოდგენილი.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს პროექტი უბრალოდ ამერიკული კანონის კრიტიკის ფონზე საკუთარი რუსული სულისკვეთების კანონის გასატანადაა წარმოდგენილი

რუსული ჰიბრიდული ომის საწინააღმდეგოდ მსგავსი კანონმდებლობა გაერთიანებულ სამეფოშიც დამტკიცდა 2018 წელს. ბრიტანული კანონის მიზანი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გავლენების პრევენციაა. ამერიკულისგან განსხვავებით, ბრიტანული კანონი გარკვეულ სახელმწიფოთა გავლენებზე ფოკუსირდება და ამ სახელმწიფოთა ჩამონათვალს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს. გასაგებია, რომ ის მოიცავს რუსეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, სავარაუდოდ, ჩინეთს - მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა დესტრუქციული აქტორების ჩამონათვალზე.

ამ დათქმით კანონის მიღება საქართველოსთვის დიახაც სასარგებლო იქნებოდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობს „თავისუფლების ქარტია“ და დესტრუქციული ქვეყნების გავლენების პრევენცია, გარკვეულწილად, მისი ამოქმედებითაც არის შესაძლებელი.

დასავლურისგან განსხვავებით, რუსული კანონმდებლობა კონტროლს აწესებს ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც საზღვარგარეთის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ეს არის ძირითადი ანალოგია მასსა და ქართულ კანონპროექტს შორის, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერაა წარმოდგენილი. საქართველოში განზრახულია რეგისტრაციას დაექვემდებაროს ორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაა.

დასავლურისგან განსხვავებით, რუსული კანონმდებლობა კონტროლს აწესებს ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც საზღვარგარეთის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ეს არის ძირითადი ანალოგია მასსა და ქართულ კანონპროექტს შორის, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერაა წარმოდგენილი

რუსული კანონი პირდაპირი ნაყოფია პატრუშევისეული საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკისა, რომელიც ნერგავს განწყობას, რომ დასავლეთი ერევა სუვერენული სახელმწიფოების საქმიანობაში და ახდენს არასასურველი მთავრობების ცვლილებას, რისთვისაც ის იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, გავლენის აგენტურას.

კრემლი ამ კანონს ეფექტურად იყენებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესავიწროებლად და რუსული სივრციდან გასაძევებლად, რომლებიც რეჟიმის კორუფციული სქემების, ნეპოტიზმის, ხელისუფლების უზურპაციის, პოლიტიკური დევნის და სხვა დანაშაულებრივი პროცესების მონიტორინგს ეწევიან.

იმავე პატრუშევისეული დოქტრინის თანახმად, დასავლეთი ახდენს რუსეთის დემონიზებას, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს იცავს, მათ შორის უკრაინაშიც, სადაც.

რუსული რეგულარული ნაწილები, კრიმინალებით დაკომპლექტებული „ვაგნერი“, კადიროვის ბანდ-ფორმირებები უკრაინის ქალაქების, სამშობიარო სახლების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განადგურებით არიან დაკავებული. სწორედ ეს გზავნილი გააჟღერა ლავროვმა გასულ კვირას ინდოეთში გამართულ ფორუმზე.

ისევ განსახილველ ანონს რომ დავუბრუნდეთ, 2017 წელს იმავე თემატიკაზე კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომლის ამჟამინდელი მთავრობა ევროსკეპტიკურ კურსს ატარებს. ეს კანონი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებით, დისკრიმინაციული ხასიათისაა და აუცილებელია მისი გაუქმება.

კანონის მოქმედების პერიოდში უნგრეთი დატოვა რამდენიმე მსხვილმა დონორმა, დაიხურა საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებლები და მნიშვნელოვნად შეფერხდა ევროკავშირის ფინანსური დახმარება.

როგორც ვნახეთ, ამ თემატიკის კანონმდებლობაზე მსჯელობისას გასაღები არის თუ ვის წინააღმდეგ არის კანონი მიმართული. დასავლური ქვეყნები ამგვარი კანონებით ებრძოდნენ მსოფლიო ბოროტებას - ნაციზმს, კომუნიზმს, რუსულ გავლენას. საკითხავია ქართველი ინიციატორების მოტივაცია - რომელ მხარეს იდგება საქართველო ამ კანონის მიღების შემდეგ, თუკი საინიციატივო ჯგუფის და მისი მხარდამჭერი მმართველი პარტიის გაცხადებული მიზანი დასავლურ გავლენასთან ბრძოლაა?

დასავლური ქვეყნები ამგვარი კანონებით ებრძოდნენ მსოფლიო ბოროტებას - ნაციზმს, კომუნიზმს, რუსულ გავლენას. საკითხავია ქართველი ინიციატორების მოტივაცია - რომელ მხარეს იდგება საქართველო ამ კანონის მიღების შემდეგ, თუკი საინიციატივო ჯგუფის და მისი მხარდამჭერი მმართველი პარტიის გაცხადებული მიზანი დასავლურ გავლენასთან ბრძოლაა?

ფინანსური გამჭვირვალეობა ამ კანონის მიზანი ვერ იქნება, რადგან ის ამას ვერ უზრუნველყოფს და მეორეც, გრანტები, დასავლეთიდან მომდინარე ფინანსური ნაკადები ისედაც გამჭვირვალეა, უფრო მეტიც, მათი დიდი ნაწილი სწორედ ხელისუფლების გამჭვირვალეობის გასაზრდელად არის მიმართული, რადგან ერთადერთი, ვისაც საქართველოში გამჭვირვალეობა აკლია, ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ფინანსური ჯგუფებია.

- ფაქტია, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ამ კანონპროექტის მისაღებად არც ლეგიტიმური მიზეზი და არც მიზანი არსებობს.

მიუხედავად ამისა, მასზე დაჩქარებული წესით მუშაობა დაწყებულია, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით პასუხგაუცემელ კითხვები გააჩინა.

სავარაუდოდ, რატომ არის საქართველოსთვის დამაზიანებელი ამ კანონის მიღება?

- მარტივ ლოგიკას მივყვეთ: ამგვარი კანონი ყოველთვის მიიღება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ფარავს მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს, საფრთხის აქტორებს. ჩვენი პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც ფოკუსირებული იქნება დასავლურ გავლენებზე, რომელიც მოახდენს ჩვენი დასავლური პარტნიორების "გავლენების" პრევენციას.

ეს ინიციატორების რიტორიკაშიც პირდაპირ ჩანს, მხარდამჭერთა საჯარო გამოსვლებშიც და ისედაც, გრანტებს საქართველოში მხოლოდ დასავლური განვითარებული ქვეყნები გასცემენ.

ბუნებრივია, ამ კანონის მიღებით ჩვენ პირდაპირ მტრად ვაცხადებთ დასავლეთს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ნომინალურად საქართველოს ამომრჩევლების უმრავლესობას წარმოადგენს, აცხადებს, რომ ჩვენ საფრთხეს დასავლეთისგან ველით და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს გაცხადებული აქვს ევროატლანტიკური მისწრაფება და მან უკვე მიიღო ევროპული მომავლის გარანტია, თუმცა, ამისთვის გარკვეული სამუშაო აქვს გასატარებელი. რაოდენ საზიანოა ამგვარ რიტორიკასთან ჰარმონიაში მყოფი კანონის არა თუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი, მკითხველმა თავად განსაჯოს.

ამ კანონის მიღებით ჩვენ პირდაპირ მტრად ვაცხადებთ დასავლეთს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ნომინალურად საქართველოს ამომრჩევლების უმრავლესობას წარმოადგენს, აცხადებს, რომ ჩვენ საფრთხეს დასავლეთისგან ველით

ცხადია, ეს ნაბიჯი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მკვეთრად შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. მან განხილვის ეტაპზევე გამოიწვია მკვეთრი დაპირისპირება დასავლეთთან.

ნეგატიური განწყობები დააფიქსირეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და თავად ევროპის კავშირმა, მკვეთრად გაიზარდა პოლარიზაცია საზოგადოებაში.

მოვლენათა ამგვარი განვითარება, გარდა ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი პოტენციალისა, წარმოშობს რისკს, რომ საქართველო რუსეთის მოსალოდნელ აგრესიასთან პარტნიორების პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ მხარდაჭერას მოკლებული დარჩეს. ეს კი პირდაპირ რუსული სპეცსამსახურის გაცხადებული მიზანია - სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრა.

მოვლენათა ამგვარი განვითარება, გარდა ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი პოტენციალისა, წარმოშობს რისკს, რომ საქართველო რუსეთის მოსალოდნელ აგრესიასთან პარტნიორების პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ მხარდაჭერას მოკლებული დარჩეს. ეს კი პირდაპირ რუსული სპეცსამსახურის გაცხადებული მიზანია - სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრა

- ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის. თუ დეპუტატ ყაველაშვილს განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ იგი „სხვა ევროპის“ ძიებაშია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოებაზე ამბობს რომ თავს მოხვეული ტერმინია. თუ ბატონ კობახიძის განცხადებებს დავაკვირდებით, ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია „ეკლესიის მტრებად“ მის მიერ მოხსენიებული ლამის მთელი სამოქალაქო სექტორია.

არადა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ თუ გვინდა ევროპული ტიპის დემოკრატიული საზოგადოება გვქონდეს, სამოქალაქო სექტორი უნდა გავაძლიეროთ.

სამოქალაქო სექტორის აქტიურობა არც ერთ ხელისუფლებას გულზე არ ეხატება, მაგრამ, დასავლური ტიპის დემოკრატიებში მთავრობები ცდილობენ მესამე სექტორთან თანამშრომლობას.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველ გუნდს გადაწყვეტილი აქვს მისი მიღება? სავარაუდოდ, რატომ სურს მმართველ გუნდს მათთვის „აგენტების“ იარლიყის მიკერებით მათი სტიგმატიზაცია?

- სხვადასხვა ჯგუფს, შესაძლოა, სხვადასხვა ინტერესი ჰქონდეს. მმართველი გუნდის ინტერესი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაა და ის ამისთვის სახელმწიფო აპარატს, საკანონმდებლო ბერკეტებს, პოლარიზაციულ რიტორიკას, საინფორმაციო ზემოქმედების ტექნოლოგიებს იყენებს.

ცხადია, ისინი დასავლეთიდან მკაცრ კრიტიკას ელიან და წინასწარ იმზადებენ ფონს ამ კრიტიკის მოსაგერიებლად და მომხრეთა კონსოლიდაციისათვის. ინიციატორები არც მალავენ, რომ მათ მიზანს არასამთავრობო სექტორისა და მედიის გაკონტროლება წარმოადგენს.

სწორედ ამას ემსახურება „გამჭვირვალეობის“ რიტორიკა: მმართველი გუნდი ცდილობს მოახდინოს კრიტიკულად განწყობილი სეგმენტის სტიგმატიზაცია და ამ მხრივ არ ერიდება ამომრჩევლის ყველაზე სენსიტიურ ინსტინქტებზე ზემოქმედებასაც კი.

მმართველი გუნდი ცდილობს მოახდინოს კრიტიკულად განწყობილი სეგმენტის სტიგმატიზაცია და ამ მხრივ არ ერიდება ამომრჩევლის ყველაზე სენსიტიურ ინსტინქტებზე ზემოქმედებასაც კი

მაგალითად, ერთის მხრივ სახელისუფლებო არხებით ისმის რიტორიკა, რომ არასამთავრობოები, მედია, ყველა, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს „ეკლესიის მტრები“, „პატრიარქის მაგინებლები“, „ჯაშუშები“ არიან, მეორეს მხრივ კი მათ უმზადებენ „უცხოეთის გავლენის აგენტის“ იარლიყს. ეს ტერმინი საბჭოთა ტერორგადატანილ ქვეყანაში რომ სუკ-თან ასოცირდება, ამაზე კამათიც არ ღირს.

პოლიტიკური მიზნები გასაგებია. თუმცა, რა უჯდება ეს ქვეყანას, ეს მეორე საკითხია - ქართულ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში ინფილტრირებული რუსული სპეცსამსახური მისი დაღმავლობის ხანაშიც კი (უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩავარდნა რუსეთისთვის მოსალოდნელი შედეგებით, სწორედ მათ ანგარიშზეა) ახერხებს საქართველოში სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

პოლარიზაცია უკიდურეს დონემდე აღწევს, დასავლეთთან კონფრონტაციული რიტორიკა პიკზეა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მკვიდრდება განცდა, რომ „ეკლესიის მტრები“, „პატრიარქის მაგინებლები“ სწორედ „დასავლეთის აგენტურაა“ და რომ გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, სწორედ ეს „აგენტურა“ შეეცადოს საქართველოს პატრიოტული მთავრობის შეცვლას.

ცხადია, ეს ფონი ქართველ ამომრჩეველში მანიპულაციურად ევროსკეპტიციზმს აღვივებს და ზოგადად, დასავლეთის მიმართ ნდობას სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს.

ცხადია, ეს ფონი ქართველ ამომრჩეველში მანიპულაციურად ევროსკეპტიციზმს აღვივებს და ზოგადად, დასავლეთის მიმართ ნდობას სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს

რუსეთის საინფორმაციო კონფრონტაციის მიზანი სხვა კი არაფერია. საქართველოში რუსული სპეცსამსახურის აქტიური ღონისძიებები, სადაზვერვო და პროპაგანდისტული ოპერაციები სწორედ დასავლეთთან ურთიერთობის ძირგამომთხრელ მუშაობაზეა ფოკუსირებული. ამიტომაა ამ კანონპროექტის განხილვაც კი დამაზიანებელი, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით იქნება ის მიღებული.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა - „ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“.

მაგრამ, მმართველ გუნდის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათ მიერ წარმოდგენილი ანტიკონსტიტუციური, პრაქტიკულად ანტიდასავლური კანონი, როგორც მინიმუმ, პირველი მოსმენით მაინც იქნება მიღებული.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა. პარლამენტში ევროპულ მიმართულებაზე პასუხისმგებელმა მაკა ბოჭორიძემ კი განაცხადა - „დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აჩვენოს ევროკავშირმა, რომ არის გეოპოლიტიკური მოთამაშე“.

უკრაინის ომმა ნათლად დაგვანახა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა უკვე მერამდენედ დაამუნათა ჩვენი სახელისუფლებო გუნდი, მაგრამ როგორც ვნახეთ, სულ ამაოდ.

იმ ცალსახად ანტიდასავლური ნაბიჯების ფონზე, რასაც ქვეყნის მმართველი გუნდი დგამს, სავარაუდოდ, როგორი იქნება ბრიუსელის, აშშ-სა და ნატოს პასუხი იმაზე, რასაც ჩვენი ხელისუფლება ამბობს და აკეთებს?

- მიუხედავად იმისა, რას საუბრობს რუსული პროპაგანდა, ან რისი იმედი აქვს გაუთვითცნობიერებელ ქართველ ამომრჩეველს, დასავლეთი არ მიიღებს მონაწილეობას საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაში - ეს რუსული ხელწერაა. დასავლეთი, რომელიც აფინანსებს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს, გრანტების ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი სწორედ ოფიციალური ხელისუფლებაა, ცდილობს პარალელურად გააძლიეროს არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია, რომელიც წაახალისებს კარგ მმართველობას, მონიტორინგს უწევს ხელისუფლების გამჭვირვალეობას, კორუფციულ სქემებს, დემოკრატიის ხარისხს, ადამიანის უფლებების მდგომარეობას და სხვა სენსიტიურ საკითხებს, რაც აუცილებელია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თავსებადობის მისაღწევად.

თუ მთავრობა ამგვარ პოლიტიკას გადაუხვევს, ბუნებრივია, ამას მკაცრი კრიტიკა, დახმარებების შემცირება, ინვესტიციების შეფერხება და საერთო ჯამში, მოსახლეობის გაღარიბება მოჰყვება, რაც, ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის ჟინით შეპყრობილი მთავრობის პირობებში, შესაძლოა ისევ დასავლეთს დაბრალდეს.

ამ რეალობაში, ერთადერთ გზად მიმაჩნია დასავლეთის მხრიდან ჩვენი ინტეგრაციის ფორსირება და შემდგომ რეფორმების ხისტი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო, სამწუხაროდ ასცდება ორბიტას

გამოსავალი საზოგადოების დასავლური ორიენტაციისადმი ერთგულებასა და ათწლეულების მონაპოვრის დაცვაშია. ევროატლანტიკური კურსის ბედს მაინც ქართველი ხალხი გადაწყვეტს. როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის აირჩევს.

ამ რეალობაში, ერთადერთ გზად მიმაჩნია დასავლეთის მხრიდან ჩვენი ინტეგრაციის ფორსირება და შემდგომ რეფორმების ხისტი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო, სამწუხაროდ ასცდება ორბიტას.

- მინსკში არაოფიციალური ვიზიტის შემდეგ სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას შეფასება-განცხადებები გავრცელდა. მან ისაუბრა იმაზე, რასაც დიდი ხანია ხანგამოშვებით საუბრობს მოსკოვი. კერძოდ, იმაზე, თუ როგორი უსარგებლოა ჟენევის კონსულტაციების ფორმატი.

მისივე თქმით, ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ქართულ-აფხაზური დიალოგის საწარმოებლად კონფლიქტის მხარეებს „ნეიტრალური“ ადგილი, ბელორუსის დედაქალაქი შესთავაზა.

ფაქტია, რომ კრემლი ცდილობს თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში არ იყვნენ ჩართული აშშ და ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორები, ეუთო და ევროკავშირი.

იმ ნაბიჯების ფონზე, თუ რა ტიპის ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება, გაქვთ განცდა, რომ ოფიციალური თბილისი კონფლიქტების თემაზე უარს იტყვის მოსკოვთან ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე მოლაპარაკებებზე?

- მინსკის ნეიტრალურობაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში შეჭრისთვის წარმატებითაა გამოყენებული ჩვენი საერთო მტრის მიერ, ცხადია ნონსენსია.

საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას სიხარულით დასთანხმდება - სამშობლოს ღალატი არავის ჰობი არ არის, თვით შულავერის კომიტეტის წევრებსაც კი საქართველოსთვის ნათელი მომავალი უნდოდათ, ოღონდ საბჭოთა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

უბრალოდ, პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელიც ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია და ის კვებავს მმართველობის შესანარჩუნებლად, კონფრონტაციული რიტორიკა დასავლეთთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაცია და მათი ხმის ჩახშობა, პოლიტიკური ველის მოსუფთავება, ოპოზიციასთან დისკუსიის და თანამშრომლობის პლატფორმის არარსებობა სახელმწიფოს ბუნებრივად რუსეთთან პირისპირ დატოვებს.

ცხადია, უკრაინაში დამარცხებისთვის განწირული კრემლი ეცდება რეაბილიტაცია სხვა ფლანგზე მოახერხოს და მაგალითად, საქართველო მიიბას მყარად, თუნდაც რუსული ქოლგის ქვეშ აფხაზეთთან ინტეგრაციის ცრუ დაპირებით.

უკრაინაში დამარცხებისთვის განწირული კრემლი ეცდება რეაბილიტაცია სხვა ფლანგზე მოახერხოს და მაგალითად, საქართველო მიიბას მყარად, თუნდაც რუსული ქოლგის ქვეშ აფხაზეთთან ინტეგრაციის ცრუ დაპირებით

ცხადია ბჟანიასა და არძინბას განცხადებები შემთხვევითი არ არის, ისევე, როგორც ლუკაშენკოს „ელჩობა“ და მისი „გაოცება“, თუ რატომ სწყინთ ქართველებს მისი კონტაქტები აფხაზებთან.

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ „დასავლეთი ომში გვითრევს და ის ამას არ დაუშვებს“, ხოლო პოლიტიკურ სპექტრში, სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგი, დისკუსია არ არსებობს უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, არის კი მზად ჩვენი საზოგადოება ან ხელისუფლება არ აჰყვეს სამხედრო მუქარის ქვეშ გაცხადებულ რუსულ შემოთავაზებას, დაუახლოვდეს ოკუპირებულ რეგიონებს რუსული ქოლგის ქვეშ, ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში?

წარმოიდგინეთ, მანიპულაციურად ხომ ამით სამასი ათასამდე ქართველი იძულებით გადაადგილებული პირის ოცნება ახდება?

ამიტომ, ახლა „კუდიანებზე ნადირობა“, პოლიტიკური ველის მოსუფთავება და პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურება კი არა, არამედ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ და სხვა საფრთხეებზე განუწყვეტელი მსჯელობა, შესაძლო სცენარების შემუშავება და მოდელირება, უსაფრთხოების სანდო ქოლგის ძიება უნდა მიმდინარეობდეს.

ცალკე პრობლემაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა, კრემლის საშინაო პოლიტიკის არადემოკრატიული, მაგრამ ეფექტური მოდელების გადმოღება, ოკუპანტ საზოგადოებასთან შეხების ზედაპირის ზრდა, ჩვენს ისედაც მყიფე დემოკრატიულ საზოგადოებას რუსულ სამყაროსთან აახლოებს, რისი დროც ახალ ნამდვილად არ არის.

ცალკე პრობლემაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა, კრემლის საშინაო პოლიტიკის არადემოკრატიული, მაგრამ ეფექტური მოდელების გადმოღება, ოკუპანტ საზოგადოებასთან შეხების ზედაპირის ზრდა, ჩვენს ისედაც მყიფე დემოკრატიულ საზოგადოებას რუსულ სამყაროსთან აახლოებს, რისი დროც ახალ ნამდვილად არ არის

- დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ ამ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამ მიიყვანა რუსეთი იმ რეალობამდე, რომლეშიც იგი დღესაა. იგულისხმება არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი, არამედ ისიც, რომ რუსეთი დღეს რეალურადაა ავტორიტარული ქვეყანა.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, თუ ეს კანონი საქართველოში იქნა მიღებული, ქვეყანა ავტორიტარიზმის გზას დაადგება. მეტიც, ბევრი თვლის, რომ ამ თემის აქტუალიზაციით სახელისუფლებო გუნდმა „საბედისწერო შეცდომა დაუშვა“.

ამ პროცესების ფონზე ვხედავთ, რომ ოპოზიციური ძალებს შორის დაწყებულია აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული.

თქვენი დაკვირვებით, პოლიტიკური ძალები საზოგადოების ნაწილთან ერთად შეძლებენ არ დაუშვან ანტიდასავლური კანონის მიღებას?

- ხელისუფლება მძლავრ საინფორმაციო და ადმინისტრაციულ ბერკეტებს ფლობს, ამიტომ, სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიაა საჭირო იმისთვის, რომ ამომრჩეველმა, მოსახლეობამ გაიგოს, ეს კანონი არასამთავრობოებს ან მედიას კი არ ეხება, არამედ ის, მიღების შემთხვევაში, სერიოზული კედელი იქნება საქართველოსა და დასავლურ ინსტიტუტებს, ცივილიზებულ სამყაროს შორის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ღია ანგარიშში მართებულად წერია: "მოსახლეობის მხრიდან ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ არაერთხელ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, სხვადასხვა დეზინფორმაციული თუ პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით, მოსახლეობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გაღვივება, დემოკრატიული ღირებულებებისა და სისტემების დაკნინება და საპირწონედ, ცალკეული ქვეყნების ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის გავრცელება.

ხელისუფლება მძლავრ საინფორმაციო და ადმინისტრაციულ ბერკეტებს ფლობს, ამიტომ, სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიაა საჭირო იმისთვის, რომ ამომრჩეველმა, მოსახლეობამ გაიგოს, ეს კანონი არასამთავრობოებს ან მედიას კი არ ეხება, არამედ ის, მიღების შემთხვევაში, სერიოზული კედელი იქნება საქართველოსა და დასავლურ ინსტიტუტებს, ცივილიზებულ სამყაროს შორის

ამ ფონზე შემაშფოთებელია რიტორიკა, რომლითაც მმართველი გუნდი ცდილობს ამ პროექტის მხარდამჭერთა მობილიზაციას. ისმის ბრალდებები, რომ დასავლეთი ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს საქართველოში, რომ სწორედ დასავლეთი დგას „ეკლესიის მტრებისა“ და „პატრიარქის მაგინებელთა“ უკან, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ითრევდა და ხელისუფლების უარის გამო „არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი“.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაჟღერებული ზემოთმოყვანილი თეზისები თუ ამ ციტატის სულისკვეთებაში არ ჯდება, მაშინ რუსული პროპაგანდა სხვა რაღაა?

ეს განცხადებები პირდაპირი კალკია რუსული სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში არსებული კრემლის ძირითადი პოსტულატებისა, რომლებზედაც ზემოთაც ვისაუბრეთ.

გასაკვირია, ამ ფონზე რას საქმიანობენ სწორედ დასავლური სახსრებით დაფინანსებული სტრატკომი სამინისტროების მიხედვით სხვადასხვა სფეროებში, რომელთა გაძლიერება ნატოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულებაა, ან რა უნდა აუხსნას ევროპული კურსის სიკეთეებისა და რუსული დეზინფორმაციის საფრთხეების შესახებ რეგიონებში საზოგადოებას სამთავრობო სტრუქტურამ - „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა“, როდესაც ხელისუფლება ყველა შესაძლო არხით ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას და პირდაპირ აღვივებს უნდობლობას დასავლური სტრუქტურების მიმართ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა