BTU-ში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კიდევ ერთი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„AI-ციფრული მმართველობა“ - ეს კიდევ ერთი წიგნი გახლავთ, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის მიერ შეიქმნა. წიგნის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, სხვადასხვა სიპ-ის წარმომადგენლები, მოსამართლეები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
AI-ს მიერ შექმნილი წიგნი ქართულ და ინგლისურ ენაზე ღია წვდომით BTU-ს ვებგვერდზე უკვე განთავსდა და სტუდენტების პარალელურად, ის ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი. წიგნის, მისი შექმნისა და პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია გვესაუბრება.
მოგვიყევით ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კიდევ ერთი წიგნის, „AI - ციფრული მმართველობის“ შესახებ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს ახალი პროექტი BTU AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ სხვადასხვა სასწავლო და კვლევითი მასალის, სატრენინგო მასალებისა თუ სილაბუსების შექმნას გულისხმობს. როდესაც შეიქმნა პირველი წიგნი ციფრული მარკეტინგის შესახებ, მაშინ დამებადა იდეა, რომ შეგვექმნა ანალოგიური წიგნი სამართალშიც. თუმცა BTU-ს სამართლის სკოლა არ აქვს და ამიტომ გადავწყვიტეთ ხელოვნური ინტელექტისთვის შეგვეკვეთა წიგნი, რომელსაც სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ განხორციელებისას გამოვიყენებდით. სწორედ ასე შეირჩა თემა „ციფრული მმართველობა“.
ციფრული მმართველობა არის საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილი. სტრატეგიული მიმართულებაა, რათა ქვეყნის საჯარო მმართველობა ციფრულ მმართველობაზე გადავიდეს, როგორც ეს ესტონეთმა გააკეთა. ამ იდეის გარშემო შევქმენით სადოქტორო პროგრამა, რომლის კვალიფიკაცია გახლავთ საჯარო მმართველობის დოქტორი. ახლა კი ამ პროგრამის დასახმარებლად უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი წიგნიც გვაქვს. ის ჩვენს დოქტორანტებს განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. ასევე, გამოადგება სამართლის ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.
როგორი შეფასება მოჰყვა წიგნს მის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებისგან?
დამსწრე საზოგადოებას ვანახეთ, რა დონის სახელმძღვანელოს შექმნა შეუძლია ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს. შეფასება მეტად პოზიტიური იყო. სასწავლო პროცესის პარალელურად, წიგნის გამოყენება მრავალმხრივ იქნება შესაძლებელი.
წიგნის შექმნაში რა დონეზე იყო ჩართული ადამიანური რესურსი?
წიგნი ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად არის ხელმისაწვდომი. ინგლისური არის ორიგინალი, რომელიც სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. მის ქართულად თარგმნაში პროფესიონალი თარჯიმანი ჩაერთო. ქართულენოვანი ვერსია მე დავარედაქტირე და ვეცადე, აგრესიულად არ ჩავრეულიყავი. გვინდოდა, ადამიანი ნაკლებად ჩართულიყო მისი შინაარსის შექმნაში. ამ წიგნით ყველას დავანახეთ, რა ტიპის წიგნის დაწერა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიგნი საკმაოდ კარგად არის ფორმულირებული.
რა დრო დასჭირდა მის შექმნას?
წიგნის შექმნას რამდენიმე დღე დასჭირდა. ხელოვნურ ინტელექტს მივაწოდეთ წინასწარ შედგენილი კითხვარები, თუ რაზე უნდა მოემზადებინა პასუხები და შედეგიც მალევე მივიღეთ.
რით განსხვავდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი წიგნი ადამიანის მიერ დაწერილისგან?
AI-ს მიერ გენერირებული წიგნი ძალიან ჰგავს სასწავლო წიგნს. ტერმინოლოგიის მხრივ საკმაოდ გამართულია. სასწავლო წიგნების მიმართულებით განსხვავება ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ წიგნებს შორის ფაქტობრივად არ არსებობს.
რამდენად სანდოა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი წიგნი?
ის სავსებით სანდოა. ხელოვნური ინტელექტი წიგნის გენერირებისას ინტერნეტში არსებულ რესურსებს იყენებს. ეს ფაქტობრივად იგივეა, რომ თავად გავაკეთოთ ინტერნეტში არსებული ინფორმაციის მოკვლევა და პუბლიკაცია შევქმნათ, თუმცა ამას გაცილებით დიდი დრო და რესურსი სჭირდება. შესაბამისად, ის ჩვენი დოქტორანტებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.
(R)

























