ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დაზარალებულები ჰყავს წარმოდგენილი და მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ყოფილი მძევლები ბანკზე თავდასხმის დღეს დეტალურად იხსენებენ.

„ერთ ხელში ავტომატი ეკავა, მეორეში კი - ხელყუმბარა. ბანკის შემოსასვლელ კარებთან იდგა, შეამჩნია, რომ ვიღაც ვიდეოს იღებდა გარედან და გაისროლა ჰაერში, სულ ორჯერ გაისროლა. ნიღბიანი იყო, მოხუცები და ბავშვები მაშინვე გაათავისუფლა, დავრჩით 30-დე ადამიანი. გვითხრა, რომ ძარცვა იყო. მენეჯერი მოითხოვა, მაგრამ მენეჯერი ადგილზე არ იყო. აგვიყვანა მეორე სართულზე, არ მოეწონა ოთახი, სადაც შეგვიყვანა და მეოთხე სართულზე აგვიყვანა, იქაც არ მოეწონა და ჩამოგვიყვანა მესამე სართულზე საკრედიტო ოფიცრის ოთახში. ითხოვდა ისეთ ადამიანს, ვისთანაც მოლაპარაკებას გამართავდა. გვითხრა, რომ დაგვერეკა 112-ში. დარეკეს 112-ში და შემდეგ ტელევიზიებში, რადგან უნდოდა გაევრცელებინა, რომ ძარცვა იყო ბანკში. ითხოვდა 500 000 დოლარს, მძევლების გათავისუფლებას და უსაფრთხოდ გასვლას, შემდეგ ავთანდილ გალდავამ დარეკა და უთხრა, რომ თვითონ მოვიდოდა და დაელაპარაკებოდა. ვიდრე ავთანდილ გალდავა მოვიდოდა, თქვა, რომ კიდევ სამი ადამიანი სჭირდებოდა. მოვიდა ბატონი ავთო ჩანთით ხელში, გახსნა ჩანთა და აჩვენა თანხა. რის შემდეგაც ყველა მძევალი გაუშვა და დავრჩით ოთხი მამაკაცი”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მოწმემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?