მიხეილ დაუშვილი - მიგვაჩნია, რომ იურიდიულ კომიტეტზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა დარღვევებით განხორციელდა

მიგვაჩნია, რომ დარღვევებით განხორციელდა იურიდიულ კომიტეტზე აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხდება ძირითად კანონპროექტებთან ერთად ალტერნატიული კანონპროექტის დაინიცირება, წამყვანი კომიტეტი იხილავს ორივე კანონპროექტს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი კანონპროექტების განხილვა დასრულდა წამყვან კომიტეტზე და ბიურომ ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი გადასცა იურიდიულ კომიტეტს, ჩვენი აზრით, სამართლებრივი გამოსავალი იქნება, რომ ორივე კანონპროექტის განხილვა წარიმართოს იურიდიული კომიტეტის ფორმატში. ეს ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნას ორი კანონპროექტი და დაბრუნდეს იურიდიულ კომიტეტზე განხილვისთვის იმისთვის, რომ მოხდეს ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტების ერთად განხილვა“, - განაცხადა დაუშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს პროდეცურების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„პატივი ვცეთ პროცედურებს და დავაყენოთ კენჭისყრაზე საკითხი, რომ ძირითადი კანონპროექტები დღის წესრიგიდან ამოვიღოთ, გადაეცეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს იმისათვის, რომ ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტების განხილვა მოხდეს ერთდროულად წამყვან კომიტეტზე“, - აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა.

დაუშვილის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება ვერ მოხდება.

„თქვენი მიზანი რა არის პრინციპში? თუ მიზანი არის ამ პროექტებთან დაკავშირებით, შინაარსობრივი დისკუსია, ამის შესაძლებლობა არის მათ შორის პლენარული სხდომის განხილვის ფარგლებში, თუკი თქვენი მიზანი არის პროცედურული ომი და გაჭიანურება, მაშინ მინიმუმ, ბოდიშის მოხდით, იმის კომპეტენცია უნდა გეყოთ, რომ ეს პროცედურული ომი სწორედ აწარმოოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიურომდე არ მოსულა დეპუტატების მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტი.

როგორც მან განმარტა, 5 ბიურო ჩატარდა და დეპუტატებს დროულად, რომ დაერეგისტრირებინათ და ბიურომდე მისულიყო ეს პროექტი, თავისთავად იქნებოდა განხილვა.

„მოდით, ასე ვთქვათ, ნუღარ დააბრალებთ ამ საკითხს სხვას. რაც შეეხება თქვენი კანონპროექტის შინაარსს, ეგ არ უშლის არანაირად ხელს, რომ ამ პროექტების ფარგლებში დააყენოთ თქვენი წინადადებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა