ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ხმაური „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ ფოტოების გამოფენას მოჰყვა, რომელზეც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული წარწერები იყო დატანილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ აღნიშნული პლაკატები დახია, რის გამოც, დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.
„ეს არის თქვენი პარტიის სახე, თქვენ ნამოქმედარს თქვენ თვითონვე ანადგურებთ! თქვენ რა გესაქმებათ საკრებულოში? 2008 წლიდან მოდის თქვენი ნამოქმედარი. თქვენ ხართ მოღალატეები!“- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ოთარ ქადარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.
მოგვიანებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, მმართველი პარტიის დეპუტატს ოთარ ქადარიას წყალი შეასხეს, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.
სიტუაცია ადგილზე მყოფმა დაცვის თანამშროლებმა განმუხტეს და საკრებულოს სხდომა გაგრძელდა.