ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2023

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და შესაძლებელია თუ არა კომპრომისი “აგენტების” კანონპროექტზე

გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას “აგენტების” კანონპროექტზე

უკრაინის თავდაცვის სამი სტრატეგიული ხაზი და ბახმუტის მნიშვნელობა

* * *

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და შესაძლებელია თუ არა კომპრომისი “აგენტების” კანონპროექტზე

“ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. “ოცნებაში” აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტი კანონად იქცეს და პირობას დებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასთან ერთდ მიუბრუნდებიან იმ სიტყვათა წყობის განხილვას, რასაც ჰქვია უცხო ძალის გავლენის აგენტი. “ოცნებაში” იმედი აქვთ, რომ შინაარსობრივად განხილვისას ისეთ კანონზე შეთანხმდებიან, რომელიც მისაღები იქნება ევროკავშირისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. მანამდე კი საპროტეტსო აქციები “არა რუსულ კანონს” იმართება თბილისში და რეგიონებში. “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ დემონტრაციულად დაწვა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ამ კანოპროექტის მიღებით “ქართული ოცნება” ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკურად გაკოტრდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და შესაძლებელია თუ არა კომპრომისი “აგენტების” კანონპროექტზე / “პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, არასტაბილური გარემო აწყობს მხოლოდ რუსეთს და არა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს” - ძაბირაძე.

“ქართული ოცნების” ხისტმა დამოკიდებულებამ, კანონის მიღებამ და იმან, რაც წინ უსწრებდა პროცესს, საზოგადოების გაერთიანება გამოიწვია ხელისუფლების წინააღმდეგ. “ქართული ოცნება” ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკურად გაკოტრდა და დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ, ოპოზიციამ მიიღო საზოგადოების მხარდაჭერა. პროცესი, რომელიც დაიწყო, მისი შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ აქ შემოდის რთული თემა - შეძლებს კი დღევანდელი ოპოზიცია სწორედ მართოს პროცესები. შეიძლება ცხელ თავებს მოუნდეთ, რომ ხვალვე შეიცვალოს ხელისუფლება, გარეთ გამოვედით და სახლში აღარ შევალთო - ასე არ გამოვა, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი. თუ ასე გააგრძელეს “მოლოტოვის კოქტეილები” და “ხლაპუშკები”, თუ მოინდომე ის, რისი დროც არ მოსულა, შედეგს ვერ მოიტანს. არასტაბილური გარემო აწყობს მხოლოდ რუსეთს და არა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. აუცილებელი არ არის ყოველდღე მიტინგები, უნდა შენარჩუნდეს საზოგადოების ერთიანობა, აქტივობა, შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მიმართულებას მისცემს ამ პროტესტს. ხელისუფლება შეწუხებული და შეშინებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნოხებს დაგიგებს მობრძანდითო, მაგრამ, რადგან ნავსი გატყდა და საზოგადოება გაერთიანდა, უნდა მოიძებნოს ისეთი თემები რომელიც ყველას სატკივარია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამ აქციაზე გამოიკვეთა ის, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება უნდა დამთავრდეს. ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა და აქციაზე იყო ბევრი ახალგაზრდა, რაც ოპტიმიზს აჩენს, რომ ახალგაზრდობა რაღაცეებს არ ეგუება. განცხადებები დასავლეთის მხრიდან გაგრძელდება, მაგრამ, მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის. ამაზეც უნდა იმუშაოს ოპოზციამ და საზოგადოების განწყობა ადეკვატურად მიიტანოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან” - დაასკვნის ძაბირაძე. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამაზე ადრეც აკეთებდნენ დასავლეთის მეცნიერები განცხადებებს, რომ საქართველოში დამყარდა “ენჯეოკრატია” და ხდება ყალბი იმიტაცია სამოქალაქო საზოგადოების, სინამდვილეში დასავლეთის ფული და ენჯეოების მოქმედება ხმარდება არა დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში, არამედ სააკაშვილის ავტორიტარულ მართველობას, ასე არ უნდა ექცეოდნენ მეგობრებსო... “ოცნებასთან” დამარცხების შემდეგ სააკაშვილმა ქვეყნიდან წასვლამდე სოკოებივით მოამრავლა ენჯეოები, რომლებიც ახლაც აგრძელებენ მოქმედებებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, როგორც ჩანს საკმარისად ვერ იმუშავა დასავლელ პარტნიორებთან, დროულად და შესაბამისი ფორმით ვერ აუხსნა კანონის შინაარსი. შესაძლებელია ტერმინებიც არ შეარჩია ოპტიმალურად, რამაც გამოიწვა ასოციაციები რუსულ კანონთან და შედეგიც მივიღეთ, ერთი მხრივ ნაცებისა და მათი თანამზრახველების მიერ ინსპირირებული დემონსტრაციები და პროტესტი, მეორეს მხრივ, ჩვენი პარტნიორების განცხადებები და მოწოდებები, რომ ეს კანონი მიუღებული იყოს და განხილვაც არ უნდა ხდებოდეს მისი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“პოლიტიკაში ისე, როგორც დიპლამატიაში ფორმისა და დროის სწორად შერჩევას ხშირად არანაკლები მნიშვნელობა აქვს შედეგის მიღწევისთვის ვიდრე შინაარსს. ჩემთვის რომ ეკითხათ, ნამდვილად არ ვურჩევდი ამ დროს და ამ ფორმით კანონპროექტის შემოტანას. ოპოზიციის განცხადებებიც, რომ შინაარსში არ შევალთ, რუსულია, არ არის სწორი, განხილვა არ ხდებოდა მხოლოდ ბოლშევიკების დროს. დეზინფორმაციასთან ბრძოლა ადვილი არ არ არის, მაგრამ შესაძლებელია. საჭიროა ეფექტურად მოქმედება, კანონი ჯერ მიღებული არ არის და ხელისუფლებაც მზად არის გაითვალისწინოს შენიშვნები” - დასძენს პეტრე მამრაძე.

გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას “აგენტების” კანონპროექტზე

“ოცნებამ” პირველი მოსმენით მიღებული “ხალხის ძალის” ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისას გადაუგზავნა და მათი განცხადებით, მოქმედებას მას შემდეგ გააგრძელებენ, რაც დასკვნა დაიდება. აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, თუმცა, თანხმდებიან იმაში, რომ “მმართველი გუნდი მოწადინებულია, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს”. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ “ოცნებას” დასჭირდა, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, კანონპროექტს გაიტანენ. თან თუ ორი პროექტი გაიგზავნება და კომისიიდან დასკვნაში იქნება ნათქვამი, რომ ერთ-ერთი შედარებით უფრო რბილია და მეორე მკაცრი, “ოცნება” ამას “ბოროტად გამოიყენებს” და “შედარებით რბილ კანონპროექტს მიიღებს”. ამასთან, ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ამ კანონოპროექტებზე ვნებათაღელვა “ზედმეტადაა ატეხილი” და რომ მის შინაარსზე ძირითადად “მავნებლურ ტყუილებს ავრცელებენ”, რადგან “ხალხის ძალისა” და “ოცნების” მიზანი “საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობაა”. ირაკლი კობახიძემ კი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და დასკვნას მინიმუმ სამი თვე დასჭირდება”, - წერს გაზეთი”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას “აგენტების” კანონპროექტზე.

“ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ, რაც თავიდანვე დაპირებული იყო. ეს დამთავრებული ამბავია, ჩვენ ვენეციის კომისიისგან დასკვნას ველოდებით. ვენეციის კომისიაში გაგზავნა ნიშნავს ევროპული ინსტიტუტების სრულ პატივისცემას. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად, ბუნებრივია, მოქმედებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება ევროპული ინსტიტუტების პატივისცემას, კანდიდატის სტატუსის მოფრთხილებას, ეს ყველაფერი გამოხატულია სწორედ იმით, რომ დოკუმენტი უკვე ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მინიმუმ სამი თვე დასჭირდება იქიდან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდება”, - განაცხადა კობახიძემ. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, “ოცნებას” სამი თვის განმავლობაში, სანამ დასკვნა დაიდება, საზოგადოებაში ტემპერატურის დაწევა უნდა, მათ ინტერესებში კი ე.წ. აგენტებზე კანონპროექტის ბოლომდე გატანაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნებას” ახლა ტემპერატურის დაცემა უნდა. ამ საქმეს ისე ისტერიულად და სწრაფად აკეთებენ, რომ მათ ინტერესებშია, რომ ეს კანონპროექტი გავიდეს. ეს ორი ვითომ ე.წ. ქართული და ე.წ. ამერიკული კანონპროექტი, მკაფიოდ და ცალსახად რუსულია და არაფერი ამერიკული იქ არაა. ამერიკელები მტრებს ცალსახად განსაზღვრავენ, მაგალითად ჩინეთი, რუსეთი - სია არსებობსდა იქიდან წამოსული ფულის მონიტორინგი და გამჭვირვალობის შესწავლა ხდება. ესენი მტერს არ განსაზღვრავენ. მტერი უშიშროების კონცეფციაში ჰყავთ განსაზღვრული - რუსეთი წერია, მაგრამ ჩვენთან ეკონომიური საქმიანობა რუსეთთან უფრო მეტია, ვიდრე ევროპასა და ამერიკასთან, რომლებიც ჩვენი მეობრები არიან. აშკარად ეს პროექტები დასავლეთის ფულისკენაა მიმართული, ამიტომაა რუსული. დასავლეთს ესენიც რუსეთივით ებრძვიან და მტრულ მხარეს არ განსაზღვრავენ, არადა უსაფრთხოების კონცეფციაში უწერიათ. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულება გვაქვს და ვაჭრობის საგანგებო პირობები, ანუ ევროპელები და ამერიკელები მეგობრები არიან და იქიდან წამოსული ფული მეგობრულია, მათ ამის გაკონტროლება უნდათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“საზოგადოებას აბნევენ, მაგრამ კონცეფცია არაა ამერიკული, რომელიც აშშ-ში მტერს უზღუდავს ფულის დახარჯვას და არა მოყვარეს. ამ სიაში ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერ მოხვდება. მგონია, რომ ივნისის ბოლომდე, ივლისამდე ვენეციის კომისიის დასკვნა არ იქნება, “ოცნება” ამ თვეების განმავლობაში შეამოწმებს, თუ ტემპერატურა დაეცა, ისინი ამას ზაფულში მიიღებენ, როცა სიცხე და საზოგადოების დიდი ნაწილი ქალაქიდან გასული იქნება. თანაც ამას პრეზიდენტის ვეტო დაემატება და ამასაც ზაფხულში გადალახავენ. ჩემი აზრით, “ოცნება” თვლის, რომ ეს თემა შემოდგომამდე უნდა მოაგვაროს. მგონია, რომ მათ ინტერესებში ამ კანონპროექტის გატანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ისტერიულები არ იქნებოდნენ და არ იჩქარებდნენ. კობახიძემ ძალიან მკაფიოდ თქვა ეს რატომ სჭირდებათ, იმიტომ, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ არ გააყალბოს პარალელური ხმების დათვლაო, თქვა, მას ეს წამოსცდა”, - ამტკიცებს ზაქარეიშვილი.

“ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ამ კანონპროექტებიდან ერთ-ერთი გავიდა, მაშინ ვნახავთ, რომ არჩევნებზე არ იქნებიან ის დამკვირვებლები, რომლებიც ამდენ ხანს იყვნენ და მარტო მათი მარიონეტული არასამთავრობოები ეყოლებათ, ისინი არჩევნებისთვის ემზადებიან. ხვდებიან, რომ რუსეთის უკრაინაში მარცხმა და პოლიტიკიდან ჩაჩოჩებას შესაძლოა მათ გამარჯვებას შეუშალოს ხელი. ამიტომაც 2024 წელს ისინი სერიოზული გაყალბებისთვის ემზადებიან, თანაც პროპორციული სისტემა მოდის. ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია და საზოგადოებამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ არასამთავრობოებს და სამოქალაქო სექტორს გამჭვირვალება არ სჭირდებოდათ, რადგან ეს დიდი ხანია არის. ამაში არაფერი ახალი არაა, მათ ხმაური სჭირდებოდათ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისთვის და იმიტომ შემოგდეს ეს თემა, რომ მათ შუბლზე “აგენტი” მიაწებონ და არჩევნებზე არ მიუშვან. თუ “ოცნებას” დასჭირდა ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად კანონპროექტს გაიტანენ”, - განაგრძობს კონფლიქტოლოგი.

“ორი პროექტი გაუშვეს, ე.წ. ქართული და ე.წ. ამერიკული. თუ ვენეციის კომისიიდან წამოვიდა, რომ ერთ-ერთი შედარებით უფრო რბილია და მეორე მკაცრი, იტყვიან, აი რა კეთილშობილები ვართ მკაცრზე უარს ვამბობთ და შედარებით რბილს მიიღებენ. ვენეციის კომისია არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი სტრუქტურაა და სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს, შესაბამისად უნდა დაასაბუთოს. იურისტებს სხვანაირად საუბარი არ შეუძლიათ, ეს მათი სისუსტეცაა და სიძლიერეც, ესენი კი ამას ბოროტად გამოიყენებენ, იტყვიან, რომ ვენეციას ეს მოეწონა და ამას დავტოვებთო. რუსეთშიც ასე იყო, ეს კანონი ჯერ ძალიან რბილი იყო და არავის არაფერს ერჩოდნენ, მაგრამ არჩევნები რომ მოვიდა, მერე ყველას თავი წააცალეს. აქ “აგენტებს” ყველას ააწებებენ, “აირაის”, “ენდიაის”, ყველას. ეს იმიტომ ხდება, რომ დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოხდეს”, - განმარტავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

“ახლა მთავარი მომენტია - საზოგადოებას შეეშინდება და სახლში დარჩება თუ რეგულარულად გამოვა, აქციაზე ბევრი ადამიანი მოიწამლა და ყურადღებით უნდა იყვნენ, მაგრამ თუ ეს ხელისუფლებას შეარჩინა, მაშინ უფრო მეტად გათავხედდებიან. აშკარად ჩანს, რომ უკვე ავტორიტარიზმზე გადავიდნენ, მათ დასაკარგი არაფერი აღარ აქვთ და შემდეგი ნაბიჯი უფრო მკაცრი იქნება, ეს უნდა გავითვალისწინოთ”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი. საწინააღმდეგოს ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იგი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტებზე აჟიოტაჟი “ზედმეტადაა ატეხილი”, თუმცა, “მმართველი გუნდი მოწადინებულია, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს”, - დასძენს გამოცემა.

“პარლამენტში “ხალხის ძალის” ორი პროექტია რეგისტრირებული, პირველი, რომელიც ე.წ. მსუბუქ ქართულ ვარიანტად მიიჩნევა და მას ამერიკულზე დაფუძნებულს უწოდებენ, პირველი მოსმენითაა მიღებული და ჯერ ის გადაიგზავნება. მეორე, რომელსაც განრიგით 9 მარტს პირველი მოსმენით კენჭისყრა უწერია, ეს ქართულად ნათარგმნი სუფთა ამერიკული ვარიანტია, ისიც გაიგზავნება. შესაძლოა ერთად. ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს და არა ვალდებულება, ესეც ფაქტია. ზუსტად ამ სამართლებრივი და არა პოლიტიკური არგუმენტების საფუძველზე, “ქართული ოცნება” 2-3 თვეში გაითვალისწინებს იმას, რასაც კომისია დაწერს, რომლის საბოლოო დასკვნის შედეგი ახლა ნამდვილად უცნობია. ამ კანონოპროექტებზე ვნებათაღელვა ზედმეტადაა ატეხილი, 11 მუხლიან კანონპროექტის შინაარსზე ძირითადად მავნებლურ ტყუილებს ავრცელებენ. “ხალხის ძალისა” და “ოცნების” მიზანი საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობაა, რაც მანამდე უნდა გაკეთებულიყო. ეს აუცილებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ბოროტი დეზინფორმაცია მოკლე გზავნილებით, როგორიცაა “რუსული კანონი”, “რუსეთუმე ხელისუფლება” და ა.შ. ძალიან მალე ვრცელდება, ვიდრე კონკრეტული სიღრმისეული განმარტებები. საზოგადოებასთან მუშაობა შინაარსობრივად შეუძლებელია, რათა ბოროტი დეზინფორმაცდიული მანქანის ხრიკები გადატყდეს. საქართველოში ვნებათაღელვა რაღაცის გამო იწყება ხოლმე, შემდეგ გაირკვევა, რომ ის რაღაცა ისეთი მონსტრული არაა, როგორც დეზინფორმაციით იყო წარმოდგენილი და იმედს, ვიტოვებ, რომ ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული პოლიტიკოსები ამ კანონპროექტის შემდგომ განხილვაში ჩაერთვებიან, როცა ის ვენეციიდან დაბრუნდება. „მმართველი გუნდი მოწადინებულია, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს, მაგრამ იმის გამო, რომ ევროპულ ინსტიტუტებს პატივს სცემს, რაშიც რადიკალების გარდა ეჭვი არავის ეპარება, ეს რეკომენდატორ ვენეციის კომისიას ეგზავნება. ქართული სახელმწიფო ვალდებულია, რომ მხოლოდ და მხოლოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. სხვა დანარჩენი რეზოლუციები იქნება თუ რეკომენდაციები, რჩევის ფუნქციას ასრულებენ. ცხადია, რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რადგან ნამდვილ ევროპულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს პატივს სცემს”, - მიიჩნევს გია აბაშიძე.

უკრაინის თავდაცვის სამი სტრატეგიული ხაზი და ბახმუტის მნიშვნელობა

“ბახმუტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, რუსულ ძალებს გზა გაეხსნებათ აღმოსავლეთ უკრაინის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების დასაპყრობად”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა. “გვესმის, რომ ბახუტის შემდეგ შეძლებენ უფრო შორს წასვლას. ბახმუტის შემდეგ რუსების გზა გაიხსნება უკრაინის სხვა ქალაქებისკენ, დონეცკის მიმართულებით, ამიტომ დგანან ჩვენი ბიჭები იქ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბახმუტის დაცვისას უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ ხალხზე ზრუნვა. “ჩვენ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ხალხზე. არავინ უნდა იყოს ალყაში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მქონდა შეხვედრა სამხედრო მეთაურებთან. ისინი ყველანი საუბრობენ, მტკიცედ უნდა ვიდგეთ ბახმუტში, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეზე. მაგრამ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია” - ამბობს ზელენსკი. სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ბახმუტს ძალიან დიდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ის ხელს უშლის რუსეთს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში. მან ისაუბრა, უკრაინის ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვის სამ ხაზზე, რომლის გადალახვის შემთხვევაში, ძალიან დიდი ტერიტორიები მოექცევა რუსეთის ანექსიაში”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის თავდაცვის სამი სტრატეგიული ხაზი და ბახმუტის მნიშვნელობა.

“ბახმუტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ რგოლს, წერტილს, რომელიც მოიცავს უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვის ხაზს, რომელიც გადის სოლედარიდან, უგლედარის ჩათვლით და დაახლოებით ეს მონაკვეთია, რომელიც ქალაქ დონეცკის მიმდებარე ტერიტორიებს წარმოადგენს. ეს არის საკმაოდ სერიოზული თავდაცვითი ხაზი. მეორე თავდაცვის ხაზი, რომლის გარღვევას რუსები ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებისას ცდილობდნენ. აქ არის სოლედარი, ბახმუტი, მარინკა, ავდიივკა და უგლედარი, მთელი ეს ხაზია. რუსების საოკუპაციო ჯარებმა და ვაგნერის დაქირავებულმა მებრძოლებმა თუ უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის ხაზი გაარღვიეს, მაშინ, ისინი გადიან მესამე თავდაცვის ხაზზე: ეს არის სევერსკი, კრამატოვსკი, სლოვიანსკი, და თუ ესეც დაიკავეს, მაშინ იქნება მთლიანად დონბასის, ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის, რეგიონების მთლიანად ოკუპაცია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამ ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით რუსებს შეუძლიათ გავიდნენ ოპერატიულ სივრცეზე სამი მიმართულებით - პირველი ეს არის ხარკოვის მიმართულება, მეორე დნეპრი და მესამე ზაპოროჟიე. შეიძლება სამი მიმართულებით განავითარონ უკვე სტრატეგიული შეტევა. ასე რომ უკრაინის მეორე ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვითი ხაზის შენარჩუნება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გარემოებაა, ამიტომ, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მისცა ბრძანება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რომ ბოლომდე დაიცვან და მოიგერიონ რუსული ოკუპანტთა შეტევები. თუ რუსეთის მიერ გახდა კონტროლირებად ბახმუტი, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შემდგომ ოკუპაციას”, - დასძენს მაისაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა