„ოცნებამ“ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, მათგან ყოველთვის უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება ითაღლითონ - როგორც კი საფრთხე გაჩნდება, რომ ისევ პოლიტიკური თაღლითობის ახალ სერიას სთავაზობენ საზოგადოებას, მათ ექნებათ იმაზე უფრო მწვავე რეაქცია, ვიდრე ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდათ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.
ლილუაშვილის თქმით, ახლა მთავარია, კანონპროექტის ინიციატორებმა ეს გადაწყვეტილება საკუთარ ნაბიჯებში „თარგმნონ და შესაბამისი მსვლელობა მისცენ“.
„ვფიქრობ, „ოცნებამ“ ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ყოველ მის პოლიტიკურ თაღლითობაზე, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, ამ ქვეყნის კურსის ცვლილებას, ის მიიღებს ძალიან მკაფიო პასუხს ამ ქვეყნის მოსახლეობისგან, ამ ქვეყნის ახალგაზრდებისგან, ვისთვისაც ეს საკითხები მათი მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ „ოცნებამ“ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, მათგან ყოველთვის უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება ითაღლითონ. თუმცა, პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია და ეს არის ცალსახად გამარჯვება. მთავარი გამარჯვებები ჩვენ წინ გვაქვს. ახლა ვუყურებ და ვაკვირდებით, რომ ვიღაცები ამის პოლიტიკურად დასაკუთრებას ცდილობენ. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამარჯვება ეკუთვნის ამ ქვეყნის ახალგაზრდებს, ეს არის მათი გამარჯვება!
მთავარი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ დღეებში ნახა არის ის, რომ ქართულ საზოგადოებას მყისიერად, სწრაფად, ახალგაზრდების თაოსნობით შეუძლია კონსოლიდაცია, ელვისებური სისწრაფით, მაშინ, როცა ხელისუფლება იტყუება და თან იტყუება ქვეყნის კურსთან მიმართებით. არ უნდა ვენდოთ, ცხადია! ახლა უნდა დავაკვირდეთ ეს როგორ ითარგმნება კონკრეტულ ნაბიჯებში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან სახიფათოა ჩანაწერი, თითქოს, რაღაცებს აუხსნიან საზოგადოებას.
„დავაკვირდეთ, ეს უნდა ითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში. როგორც კი საფრთხე გაჩნდება, რომ ისევ პოლიტიკური თაღლითობის ახალ სერიას სთავაზობენ საზოგადოებას, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ექნება იმაზე უფრო მწვავე რეაქცია, ვიდრე მათ ჰქონდათ ბოლო დღეების განმავლობაში. ყოველგვარი აბსურდული მიზეზების მოტანა, რომ იქ რაღაც [დაზიანებების] პარლამენტის შენობაში აღსაწერია, ჩვენ, პარლამენტის დეპუტატები, ქართველი ხალხის წარმომადგენლები, მზად ვართ სხდომა ჩავატაროთ ბევრად მძიმე სიტუაციაში, ამაზე პრობლემა არაა. ამიტომ ჩავატაროთ სხდომა, ნუ ხდება ამის გაჭიანურება და შესაბამისი მსვლელობა მივცეთ მათ მიერ გაკეთებულ განაცხადს. მესმის, რომ შენობაშიც რაღაცები გასაკეთებელია, მაგრამ ეს არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ. დღეს თუ არა, ხვალვე უნდა მოხდეს საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება.
„ქართლმა ოცნებამ“ პოლიტიკური ვალდებულება აიღო და ახლა უნდა მივდიოთ ფეხდაფეხ. საჭიროების შემთხვევაში აქციებიც უნდა გაგრძელდეს. თუკი ხელისუფლება არ გადადგმას შესაბამის ნაბიჯებს, რომ გააფორმოს ეს პროცესი, ბუნებრივია, აქციები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.