საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასები მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოსწავლეებისა და დაწყებითი კურსების სტუდენტებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო შემეცნებით მასტერკლასებს მასპინძლობს, რაც STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის CERN-ის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში მასტერკლასები CERN/IPPOG კოლაბორაციისა და მისი წევრის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს. CERN-ის შემეცნებითი მასტერკლასები, პარალელურ რეჟიმში, კიდევ ხუთ - დებრეცენის (უნგრეთი), ჰელსინკის (ფინეთი), პერუჯის (იტალია), ხარკოვის (უკრაინა) და კონსტანტინის (ალჟირი) უნივერსიტეტებში ტარდება.

CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა მასტერკლასის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართა და საგანმანათლებლო ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„CERN-ის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ახალგაზრდები - მოსწავლეები, დაწყებითი კურსების სტუდენტები მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევებს გაეცნონ და აღეძრათ სურვილი, თავიანთი სამომავლო მოღვაწეობა მეცნიერებას დაუკავშირონ. მეცნიერების გზა საკმაოდ რთული და ამავდროულად, უაღრესად საინტერესოა. ახალგაზრდებმა, ასევე, უნდა შეიმეცნონ უმთავრესი რამ - ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია მეცნიერების გარეშე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც CERN-ის IPPOG კოლაბორაციის წევრია, უნივერსიტეტში საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასების ორგანიზებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს STEM დისციპლინებითა და მეცნიერებით, იმ მიზნით, რომ მომავალმა თაობამ თვალნათლივ დაინახოს, რომ თანამედროვე მსოფლიოს საყრდენი მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და ინოვაციებია. დარწმუნებული ვართ, CERN-ის მასტერკლასები გააფართოებს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების დიაპაზონს და აღძრავს მათში სურვილსა და ინტერესს, ეზიარონ პროგრესს და ვინ იცის, იქნებ დღეს აქ მყოფი ახალგაზრდები მომავალი ცნობილი მეცნიერები და გამომგონებლები გახდნენ“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებს უძღვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, CERN/IPPOG კოლაბორაციის საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე შარმაზანაშვილი, ილიაუნის პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ბესიკ კეკელია, ამავე ცენტრის მკვლევარი, დოქტორი ნიკო ცუცქირიძე და ახალგაზრდა მკვლევრები: ნინო ზურაშვილი, სალომე ვაშაკიძე, მარიამ ნოზაძე, კონსტანტინე ცუცქირიძე, გიორგი მირზიაშვილი, ალექსანდრე ალიხანოვი და ვლადიმერ დოლინსკი.

„CERN-ის შემეცნებითი საგანმანათლებლო მასტერკლასების მიზანი არ არის ცოდნის ტრანსფერი, არამედ, 15-დან 20 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდების დაინტერესება მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო სკოლების, უდიდესი სამეცნიერო ორგანიზაციებისა და თანამედროვე გლობალური ექსპერიმენტების მიმართ, მათი სამეცნიერო თვალსაწიერის გაფართოება და ამავდროულად, ერუდიციის ამაღლება სწორედ იმ ასაკში, როცა ახალგაზრდა ფიქრობს პროფესიის არჩევაზე. ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოელ თანატოლებთან ერთად, ეძლევათ საკუთარი უნარების წარმოჩენისა და შეფასების კარგი შესაძლებლობა, რაც მათი მხრიდან, ხელს შეუწყობს პროგრესის შემეცნებასა და კრეატიულობის განვითარებას. ეს თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი საწყისი უნარებია მეცნიერებაში წვდომისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მასტერკლასი CERN-ის მეთოდიკით იმართება. მასტერკლასის დასრულების შემდეგ, ექვსივე ქვეყნის უნივერსიტეტებიდან ორგანიზატორები, CERN-ის პროფესორებთან ერთად, ჩატარებული მასტერკლასის შედეგებს სპეციალური მოწვევის ონლაინ კონფერენციაზე შეაჯამებენ“, - აღნიშნა პროფესორმა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა.

CERN-ის მასტერკლასები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება. საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელსაც CERN/IPPOG-კოლაბორაცია წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობების მოზიდვასა და დაინტერესებას ფუნდამენტური კვლევებით, ფიზიკით, მათემატიკით, ინჟინერიითა და IT ტექნოლოგიებით. ღონისძიება ახალგაზრდებს, ასევე, საშუალებას აძლევს CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებს გაეცნონ. IPPOG კოლაბორაციის წევრები არიან ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, იაპონია და ა.შ. 2020 წლიდან, კი კოლაბორაციის წევრი-ქვეყანა საქართველოც გახდა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს