ბაკურ კვაშილავა - მომხდარი არ არის ისეთი სტრატეგიული გამარჯვება, რომ ვთქვათ - საფრთხე აცილებულია, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ წაიფორხილა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს პროფესორს, ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.

- ბატონო ბაკურ, გასული კვირა ქართული პოლიტიკისთვის იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა „ხალხის ძალის“ ინიციატივას და დაჩქარებული წესით დაიყო ე. წ. აგენტების“ შესახებ კანონის განხილვა, პოლიტიკურმა პროცესმა იმ ტრაექტორიით დაიწყო განვითარება, რომელსაც, როგორც ჩანს, არც სახელისუფლებო გუნდი არ ელოდა.

ფაქტია, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს ბევრი განზომილება აქვს.

დამკვირვებელთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს გააქტიურებულ სტუდენტობაზე, რომელთა აქტიურობამაც ბევრად განაპირობა შედეგი.

მაგრამ, მოდით ჯერ მომხდარის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- პირველ რიგში, მომხდარი არის უაღრესად დადებითი მოვლენა. არა იმიტომ, რომ სახელისუფლებო გუნდმა რუსული კანონი უკან წაიღო, არამედ იმიტომ რომ ხალხმა შეძლო მთავრობა გაეხადა ანგარიშვალდებული თუნდაც მხოლოდ ამ ერთ საკითხში. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლება ხალხის შეიძლება იყოს, ასეთი პროტესტი წარმატებული გახდეს თუ იქნება ერთობა, ერთიანობა და სოლიდარობა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი მთავრობის კონტროლი. ეს არის გადაუდებელი ამოცანა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტოს აკონტროლებს.

სახელმწიფო ინსტიტუციებში არ არის ამოქმედებული ისეთი პრინციპი, რასაც ჰქვია წონასწორობისა და ძალთა ბალანსის კონტროლი. აქედან გამომდინარე იმ დემოკრატიული, შესაძლოა არასაკმარისი, მაგრამ მაინც იმ მიღწევების დასაცავად, რჩება მხოლოდ ერთი რამ, ხალხის ძალა. აქ მე ვგულისხმობ ნამდვილი ხალხის ძალას და არა ბუტაფორიას, რომელიც „ქართული ოცნების“ გაგრძელება იყო ყოველთვის.

მმართველი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ საჭიროდ და აუცილებლად ჩათვალა მოესმინა ხალხისთვის და გაეკეთებინა ის, რაც ხალხს სურდა

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ არავის წინაშე არ გრძნობდა თავს ანგარიშვალდებულად. მათ შორის, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. მიუხედავად ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ საჭიროდ და აუცილებლად ჩათვალა მოესმინა ხალხისთვის და გაეკეთებინა ის, რაც ხალხს სურდა.

- მაგრამ, მანამდე ვნახეთ ძალოვნების მიერ გააქტიურებული ახალგაზრდობის პარლამენტის წინამდებარე მოედანზე არა მხოლოდ შევიწროება, არამედ მათი საკმაოდ გაუგებარი დევნა ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების მტკიცება, რომ მას არ უნდოდა სისხლის ღვრა და „არაფრის ფასად არ უღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება“?

- მე ვიგულისხმე ის, რომ ხელისუფლება მიხვდა რომ არ გაუვა რუსული კანონის მიღება. ხელისუფლება მიხვდა იმას, რომ ხალხის ძალას წინ ვერ დაუდგება და სწორედ ამიტომ დაიხია უკან და გადადგა ეს ნაბიჯი. ამიტომაა მომხდარი ხალხის დიდი გამარჯვება.

ხელისუფლება მიხვდა იმას, რომ ხალხის ძალას წინ ვერ დაუდგება და სწორედ ამიტომ დაიხია უკან და გადადგა ეს ნაბიჯი. ამიტომაა მომხდარი ხალხის დიდი გამარჯვება

„ოცნებამ“ გაიაზრა, რომ ყველაფერს ისე ვერ გააკეთებს, როგორც სურს მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს აბსოლუტურად ყველა შტოს.

- დამკვირვებელთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხალხის ზეწოლამ იმუშავა, მაგრამ არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იყვნენ გულხელდაკრეფილი. ანუ, მოხდა ისეთი რამ, რამაც ეს პროცესი დააჩქარა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მომხდარში დასავლელი პარტნიორების როლი და მონაწილეობა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული იყო?

- რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვეთანხმები „ქართული ოცნებას“. დასავლელი პარტნიორების როლი შეიძლება იყოს მხოლოდ დამხმარე. ცენტრალური მნიშვნელობისაა შიდა აუდიტორია.

დამხმარე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს როლი მეორეხარისხოვანია. მაგრამ, რაც არ უნდა მკაცრი რეაქცია ჰქონოდა დასავლეთს, თუ არ იქნებოდა იმ დონის პროტესტი, რაც ვიხილეთ, არ იქნებოდა არანაირი შედეგი და ეს ჩვენ არა ერთხელ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე.

ამ პროცესებში დასავლურმა განცხადებებმა ისეთი როლი ითამაშა, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის ფარდის ჩამოხსნა. ამ განცხადებების ფონზე „ოცნების“ მტკიცებამ, რომ ისინი ევროპისკენ მიდიან არ იმუშავა. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ევროკავშირისა და აშშ თანამდებობის პირებმა გააკეთეს, იყო მკაფიო გზავნილები.

ამ პროცესებში დასავლურმა განცხადებებმა ისეთი როლი ითამაშა, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის ფარდის ჩამოხსნა. ამ განცხადებების ფონზე „ოცნების“ მტკიცებამ, რომ ისინი ევროპისკენ მიდიან არ იმუშავა. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ევროკავშირისა და აშშ თანამდებობის პირებმა გააკეთეს, იყო მკაფიო გზავნილები

მათ თქვეს - არა მეგობრებო, ამ კანონის მიღება არაა ქვეყნის ევროპული გზა. ეს კანონი არის სწორედაც რომ ანტიევროპული, თავისი არსით რუსული, თავისი დანიშნულებითა და ამოცანებიდან გამომდინარე და ის არ მიგიყვანთ ევროპამდე.

ამ განცხადებების ფონზე „ქართული ოცნების“ საუბარი, რომ ევროპისკენ თურმე ღირსეულად მივდივართ, რომ თურმე ორბანის გზა კარგია, არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოს მოქალაქეების დასარწმუნებლად რომ ხელისუფლება ევროპისკენ მისდის. ამ გაგებით დასავლეთის განცხადებები უმნიშვნელოვანესი იყო იმ პროცესისთვის, რომელიც ქუჩში განვითარდა.

- მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო გუნდმა თავად „ჩააგდო“ კანონპროექტი, მოვისმინეთ მმართველი გუნდის სპიკერთა განცხადებები.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად იგი თქვა, რასაც მანამდე ამბობდა. მან პრაქტიკულად აღიარა ისიც, რომ არასამთავრობოების საქმიანობის გამჭვირვალობა კი არ იყო პრობლემა, არამედ ის, რომ ვინც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმშია, მათი შეზღუდვა-შევიწროება უნდოდათ. მან ასევე თქვა, რომ მმართველ გუნდი გააგრძელებს ხალხთან მუშაობას, რადგან მათ თითქოს პროპაგანდაში შეეშალათ და ასე შემდეგ.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ თუ ამ კანონზე არა, მის მსგავს კანონზე გააგრძელებს მუშაობას...

- მე დამრჩა ეჭვი, რომ ძალიან უნდოდათ ამ კანონის გატანა და როგორც ჩანს, მომავალშიც ძალიან ენდომებათ მოახდინონ ყველა იმათი დისკრედიტაცია, ვინ მათ მიმართ კრიტიკულ აზრს გამოთქვამს. ისინი ამას ეცდებიან. ფაქტია, ისიც, რომ ამის გაკეთება ამ ჯერზე მათ ეს ვერ შეძლეს.

მათ ვერ შეძლეს თავისი პროპაგანდისტული სიცრუის მანქანით დაერწმუნებინათ მოსახლეობის უმრავლესობა, რომ ისინი მართლაც მიდიან „ღირსებით ევროპისკენ“. ამ შემთხვევაში მათმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ვერ იმუშავა, ვერ მოატყუა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათი თანმიმდევრული ქმედება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას და იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ევროპის გზაზეა, თან „ღირსებით“.

ამ ჯერზე ხალხმა აჯობა ხელისუფლების სიცრუის პროპაგანდას. ხალხისა და სტუდენტობის აქტივობამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ერთგული ევროპული ღირებულებებისა და ქვეყნის თავისუფლების

ასეთი მტკნარი სიცრუის საზოგადოების მიერ დაჯერება არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ მანამდეც არა ერთხელ გვინახავს, თუ როგორ კარგად უმუშავია „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად აწყობილ პიარკამპანიასა და სტრატეგიას.

ამიტომაც იყო მნიშვნელობანი განვითარებული მოვლენები, რომ ამ ჯერზე ხალხმა აჯობა ხელისუფლების სიცრუის პროპაგანდას. ხალხისა და სტუდენტობის აქტივობამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ერთგული ევროპული ღირებულებებისა და ქვეყნის თავისუფლების.

- საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ მომხდარს ბევრი განზომილება აქვს.

განვითარებული მოვლენების შემდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით რა სურათი და როგორი რეალობა მივიღეთ?

- ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ მივიღეთ რეალობა, რომელიც მმართველი ძალისთვის უჩვეულო მდგომარეობაა. უჩვეულოა მდგომარეობა იმის გამო, რომ მათ სერიოზული მარცხი იწვნიეს. მოდით გავიხსენოთ ეს მარცხი. მათ კანონპროექტს 100 %-ით დაუჭირეს მხარი. არა მარტო აღტაცებული იყვნენ მისით ჯერ ბოლომდე დაიცვეს მისი მუხლები.

რაც მათ საშუალებას მისცემდა ხელისუფლების კრიტიკოსებისთვის ეწოდებინათ „უცხოეთის აგენტი“. მათ უკან დაიხიეს პროტესტების შემდეგ არა სამშობლოს სიყვარულის და სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად, არამედ შიშის გამო და თქვეს, რომ უარს ამბობენ ამ კანონზე და გაიწვევენ იგი. ოღონდ მოგვიანებით თქვეს რომ 21 მარტს გააგრძელებდნენ მასზე მუშაობას.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ მივიღეთ რეალობა, რომელიც მმართველი ძალისთვის უჩვეულო მდგომარეობაა. უჩვეულოა მდგომარეობა იმის გამო, რომ მათ სერიოზული მარცხი იწვნიეს

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ხალხი ბევრჯერ მოატყუა როცა ჯერ პროპორციულ არჩევნებს დაჰპირდა და შემდეგ თავისი სიტყვა უკან წაიღო. ე. წ. დამოუკიდებელი დეპუტატების არც მაშინ სჯეროდა ვინმეს და არც ახლა სჯერა. ამიტომ, ხალხმა თქვა - თქვენ მიმართ ნდობის კრედიტი ამოწურული გაქვთ და ეს უნდა გააკეთოთ ხვალვე.

ამ ერთი კვირის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ დაიხია უკან, განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შესაძლებელია მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ხელისუფლებაში.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს. მდგომარეობა არის ოპტიმისტური, მაგრამ მომხდარი არ არის ისეთი სტრატეგიული გამარჯვება, რომ ვთქვათ - საფრთხე აცილებულია. „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ წაიფორხილა.

ახლა პოლიტიკოსების მიმართ შეურიგებლობა არ შეიმჩნეოდა, მაგრამ იყო მკაცრი მიდგომა - თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საპროტესტო აქციებში, მაგრამ თქვენ არა ხართ პროცესის წარმმართველი. მიუხედავად ამისა, ბოლო დემონსტრაციაში ბალანსი მაინც შენარჩუნებული იქნა

მათ რიგებში ახლა იქნება დაბნეულობა, იმ ხალხის გამოცოცხლება, რომელიც არ ეთანხმებოდა „ოცნების“ ანტიევროპულ კურსს, მაგრამ მაინც იყვნენ ჩუმად და ხმა მისცა ამ კანონპროექტს და გულს იმშვიდებდა იმით, რომ მეორე მოსმენაზე ცნება აგენტი მასში აღარ იქნებოდა.

ამ ხალხს დღეს მიეცა შესაძლებლობა თქვან სიმართლე და გადავიდნენ სიმართლის მხარეს, რომელიც საქართველოს უკეთეს მომავალს უქადის.

- მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე არ უჩივის პოლიტიკოსთა ნაკლებობას, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გვანახა, რომ ამ სივრცეში „შუა“ იმაზე მეტად გაკრეფილი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.

ვგულისხმობ იმას, რომ ქუჩაში გააქტიურებულმა სტუდენტობამ ოპოზიციის უმეტესობა არც გაიკარა. მეტიც, როგორც აღმოჩნდა ისინი მათ უმრავლესობას არც იცნობენ.

სამწუხაროდ, ამ პროცესმა გვანახა ისიც, რომ ქართული პოლიტიკა პოლიტიკოსების გარეშეა დარჩენილი. ეს ეხება არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ოპოზიციასაც...

- ასეთი შეგრძნება ბუნებრივია არსებობს, მაგრამ იმედის საფუძველი გვაქვს, რადგან ამ კონკრეტულ პროტესტებში პოლიტიკოსების მონაწილეობა უფრო მეტი იყო, ვიდრე იმ დიდ, ასევე სპონტანურ დემონსტრაციებში, რომელიც რუსთაველზე ევროპული გზის დასაცავად გაიმართა.

ახლა პოლიტიკოსების მიმართ შეურიგებლობა არ შეიმჩნეოდა, მაგრამ იყო მკაცრი მიდგომა - თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საპროტესტო აქციებში, მაგრამ თქვენ არა ხართ პროცესის წარმმართველი. მიუხედავად ამისა, ბოლო დემონსტრაციაში ბალანსი მაინც შენარჩუნებული იქნა.

განვითარებულმა მოვლენებმა გააჩინა იმის იმედი, რომ შესაძლოა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

სხვათა შორის. ამან „ოცნების“ პროპაგანდისტებსა და პროპაგანდისტულ მანქანას ძალიან გაურთულა მუშაობა. იმიტომ რომ თუ მაკრიტიკებ გაჭირდა ყველა კრიტიკოსისთვის „ნაციონალის“ იარლიყის მიკერება.

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი პროტესტები არ შეიძლება იყოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აქციები არ შეიძლება იყოს მუდმივად პოლიტიკის შემქმნელი ინსტრუმენტი.

აუცილებელია არსებობდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ასეთი ტიპის გამოვლინებებს შორის აქტიურად იმუშავებენ და შეძლებენ საკუთარი პოზიციის ამომრჩევლამდე და თავის მომხრეებამდე ისე მიტანას, რომ ის იყოს ადვილად გასაგები. ისე როგორც ეს მოხდა რუსული კანონის მიღების შემთხვევაში. ეს არის დღეს ის ამოცანა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა უპასუხოს.

- წლის ბოლომდე გვაქვს დრო, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა.

განვითარებული მოვლენების შემდეგ სავარაუდოდ, როგორ იმოქმედებს ერთი მხრივ ხელისუფლება, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიცია, ახალგაზრდობა, რომელმაც უკვე გაუგო გემო იმას, რომ მთავრობაზე ზეწოლა შესაძლებელია და იგი შეიძლება აკონტროლო?

- განვითარებულმა მოვლენებმა გააჩნია იმის იმედი, რომ შესაძლოა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლა სტატუს-კვოს მდგომარეობას დავუბრუნდით. ანტიდასავლური კანონი არც მანამდე იყო და არც ახლაა.

ახლა მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე ძირეული რეფორმის გატარება. იმისთვის, რომ ეს იქნას გატარებული, აუცილებელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობა. არ ვიცი ეს რა რეჟიმში იქნება და როგორ. შესაძლოა იყოს იმ რეჟიმში, როგორც ახლაა. ოპოზიციას უნდოდა კანონის ჩაგდება და ამ თემაზე ორივემ ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ცხადია, რომ გადაწყვეტილებები უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

მოსკოვის განცხადებები სულაც არ არის იმ სტრატეგიას აცდენილი, რომელსაც კრემლი ამდენი ხანია ატარებს. ნებისმიერი პროტესი, რომელიც რუსეთის ინტერესებში არაა, არის არა ხალხის პროტესტი, არამედ ვიღაცის მიერ ინსპირირებული პროტესტი

ამისთვის საჭიროა კონკრეტული მოთხოვნების ჩამოყალიბება, რომელიც 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას ეხება. საჭიროა ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნების ისე ფორმულირება, რომ გასაგები იყოს ფართო საზოგადოებისთვის.

ეს გასაკეთებელია თუნდაც იმისთვის, რომ ეს პროცესი რა გადაიქცეს იწილო-ბიწილოდ და არ გადაიქცეს ტერმინებზე დავად. სხვათა შორის, ამის სურვილი ჰქონდა რუსული კანონის განხილვის შემთხვევაში ხელისუფლებას და მის მარიონეტ ხალხს.

- უკრაინაში ომის ფონზე მოსკოვში თითქოს არ უნდა ეცალოთ საქართველოსთვის, მაგრამ ასე სულაც არაა.

სათათბიროს თავმჯდომარე ვოლოდინი გამოეხმაურა ჩვენში მიმდინარე პროცესს და განაცხადა - „ვაშინგტონმა არ მისცა საშუალება საქართველოს იყოს სუვერენული ქვეყანა“. „ვაშინგტონმა „რბილი ძალის“ გამოყენებით ხალხი ქუჩაში გამოიყვანა“.

ვოლოდინი ისე საუბრობს, თითქოს უკრაინაში, ყირიმსა და დონბასში, ანაც თუნდაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვაშინგტონმა დაარღვია უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტი.

ცხადია, რომ ამ ტიპის განცხადებებით მოსკოვმა საქართველოში თავის რეზიდენტურას რეკომენდაციები მისცა რაზე შეიძლება იფიქრონ და ისაუბრონ.

რუსეთი გააგრძელებს საქართველოში გავლენების გაძლიერებასა და იმაზე ზრუნვას, რომ საქართველოს ევროპასთან დისტანციაში ყოფნა ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის აქტუალური თემა იყოს?

- რუსეთისთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ თუ იგი სსრკ-ს ვერ აღადგენს, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენები შეინარჩუნოს. მათ რომ დღეს საშუალება ჰქონდეთ, კრემლს პოლონეთი ისევე ემორჩილებოდეს რუსეთის დირექტივებს როგორც ბელორუსი, ან ბოლო დრომდე სომხეთი.

ამიტომ, რუსეთის ამბიციებსა და სურვილს იყვნენ ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა რეგიონში, საზღვარი არ აქვს. რეგიონში კი არა, თუ საშუალებას მისცემ სიამოვნებით ჩაიბარებდნენ მსოფლიოს ბატონ-პატრონობას. ამიტომ მოსკოვის განცხადებები სულაც არ არის იმ სტრატეგიას აცდენილი, რომელსაც კრემლი ამდენი ხანია ატარებს.

ნებისმიერი პროტესტი, რომელიც რუსეთის ინტერესებში არაა, არის არა ხალხის პროტესტი, არამედ ვიღაცის მიერ ინსპირირებული პროტესტი.

სხვათა შორის, „ოცნების“ განცხადებებშიც ეს მკაფიოდ ჩანდა. ამბობდნენ, რომ ვიღაცამ შეაცდინა ეს ხალხი და გამოიყვანა გარეთ. ვინც მათ წინააღმდეგაა, ავტომატურად არის ინსპირირებული პროცესის მონაწილე და მოტყუებული. სხვაგვარად, შეუძლებელია მათ წინააღმდეგ ვინმე იყოს.

ასეთი ავტორიტარული და ტოტალიტარული მიდგომა საქართველოს უკან წევს და აჩვენებს იმას, რომ საქართველო ჯერ არ არის ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც ამერიკაა. ამიტომაა, რომ საქართველოში არ იმუშავებს ამერიკული კანონი ისე, როგორც ამერიკაში. იგი გადაიქცევა რუსულ კანონად. ამას ძალიან კარგად მიხვდა ხალხი.

ვგულისხმობ სტიგმატიზაცია და იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი სულ სხვაგვარად მუშაობს. ასე მაგალითად, არჩევნებს რიგ ევროპულ ქვეყანაში ატარებს იუსტიციის სამინისტრო, ან შსს.

ერთ მშვენიერ დღეს „ოცნებას“ შეუძლია თქვას - რითა ვართ ამ ქვეყნებზე ნაკლები? რად გვინდა ცესკო, რად გვინდა პარტიების ხვედრითი წილი ცესკო-ში და იქ მათი არჩევა? სხვათა შორის, ამერიკაში არჩევნების შედეგებს გუბერნატორები აცხადებენ. მოდით ჩვენმა გუბერნატორებმა გამოაცხადონ არჩევნების შედეგები.

ეს და ამგვარი მარაზმებია ის, რაც „ოცნებას“ უნდოდა, რომ საზოგადოებას დაეჯერებინა. ვგულისხმობ იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებული ნორმის ჩვენთან ავტომატურად გადმოღება, მათი აზრით, კარგია.

და ეს მაშინ, როცა „ოცნება“ ქვეყანაში ხელისუფლების ყველა შტოს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სასამართლოს, პროკურატურას, აკონტროლებს. „ოცნება“ გარდა ერთი მუნიციპალიტეტისა ყველაფერს აკონტროლებს. არ არსებობს ის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია საზოგადოების ხელისუფლების ძალაუფლებისგან დაცვა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სწორედ ამიტომაა ის კანონი, რუსული, რომლის მიღებაც „ოცნებას“ ასე უნდოდა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს