ადვოკატი - სასაცილოა, თითქოს ბადრი ესებუას დაკავების მომენტში უღიარებია, სად წაიღო თანხა - ძალიან მწირი მტკიცებულებებია წარმოდგენილი და უნდათ, ფონი შექმნან

"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკითხული პოლიციელის გიორგი ქანდარიას ჩვენება, იმის შესახებ, რომ დაკავების მომენტში ბადრი ესებუამ პოლიციას უთხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, პოლიციას საქმეზე მწირი მტკიცებულებები აქვს და მსგავსი ჩვენებები ამიტომ სჭირდება.

,,,სიმართლე გითხრათ სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია თუ სად წაიღო თანხა. ბუნებრივი და ცხადია, თუ რისთვის სჭირდება პოლიციას მოწმეების ასეთი ჩვენებები, იმ მიზეზების გამო, რომ ძალიან მწირი მტკიცებულებებია წარმოდგენილი და უნდათ, რომ ერთგვარი ფონი შექმნან საქმესთან დაკავშირებით. თითქოს ბადრი ესებუამ დაკავების მომენტში გულწრფელად მოუყვა ყველაფერი, რაც აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ბრალდებულის უფლებადამცველი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოდოროლოგიური და ხმის ექსპერტიზის ჩატარების ფაქტს და განაცხადა, რომ ორივე ექსპერტიზა კითხვის ნიშნებს აჩენს.

,,ახალი მტკიცებულება რაც წარმოადგინეს - ეს არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს ისეთი მტკიცებულებაა, რომლის ჩატარება ხდება ცხოველის მეშვეობით - ძაღლის ყნოსვის, ანუ ცხვირის აპარატზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებს ძაღლი გარკვეული სუნების იდენტიფიცირებას, თუმცა თქვენ იცით დაცვის პოზიცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თუ არ იყო ამ ექსპერტიზის დასკვნა საეჭვო, რატომ ჩაატარეს ჩვენი მონაწილეობის გარეშე და რატომ არ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით ამ ექსპერტიზას. ამოიცნო თუ არა კონკრეტულმა ძაღლმა კონკრეტული სუნის ნიმუში, ამის შესახებ ჩვენ ვიზუალურად ვერაფერს ვნახავთ, მოვა მხოლოდ ექსპერტი და იტყვის, რომ მე ჩავატარე ექსპერტიზა და ძაღლმა ამოიცნო, რაც თავისთავად უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.

რაც შეეხება მათ მიერ გაჟღერებულ ხმის იდენტურობასთან დაკავშირებით, თითქოს მძარცველის ხმა 112-დან და ბანკის ერთ-ერთი კრედიტ ოფიცრისგან ამოღებულ ჩანაწერებს ემთხვევა, რომლის იდენტურობაც ჰქონდა დადგენილი ექსპერტს, აქაც დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, იყო თუ არა ბადრი ესებუას ხმა შედარებული მოცემულ ვითარებაში“,- აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა