რუსული მთავრობა ჩვენს ქვეყანაში აანონსებს რეპრესიებს ახალგაზრდებისა და სტუდენტებისადმი - მზად ვართ, რომ საკუთარი ცოდნით, სამართლებრივი და ფიზიკური ძალისხმევით დავიცვათ თითოეული სტუდენტი, რომელიც იქნება თუნდაც ზეწოლის ან ძალადობის რაღაც რისკის ქვეშ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები, გულწრფელი პროტესტით, დაცულები იყვნენ.
„რუსული გეგმა, რუსული კანონის სახით ჩავარდა და ეს იყო მნიშვნელოვანი გულწრფელი, არაპარტიული პროტესტი, რამაც შექმნა ისტორიული შედეგი ჩვენს ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში ნაგროვებმა ბრაზმა ჰპოვა სწორი და მშვიდობიანი გამოვლინება, თუმცა რუსული მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში აანონსებს რეპრესიებს სტუდენტებისადმი. ჩვენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ მოვისმინეთ კახა კალაძის განცხადება, რომ თითოეული მოქალაქის და ახალგაზრდას წარსულის შესახებ ინფორმაცია აქვთ. ძალიან კარგად გვახსოვს კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის წარსული, რომლებიც ჩირგვებში ისხდნენ, როდესაც ქართველი ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის. ირაკლი კობახიძის ბოდვა არის სამარცხვინო, რუსული მესიჯბოქსის გაგრძელება, კარგად ამოვიცნობთ ყველა იმ საკვანძო სიტყვას, რომელიც არის პუტინის პროპაგანდის მთავარი საწყისები პუტინის რუსეთში - ფაშიზმის, რადიკალიზმის ხშირად ხსენება და აგენტებზე აპელირება. ამ ქვეყანას ჰყავს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები - ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 8 მილიარდი გამოიტანა რუსეთიდან და მისი დამქაშები კობახიძის, ღარიბაშვილის და კალაძის სახით.
რეპრესიები, რომელიც დაანონსებულია სტუდენტების და ახალგაზრდების მიმართ ვერ პოვებს ვერანაირ მომავალს, რადგან ამ საზოგადოებაზე და ამ სეგმენტზე მსგავსი რუსული პროპაგანდა და მესიჯები არ მუშაობს. ირაკლი კობახიძემ საზოგადოების გულწრფელ პროტესტს უწოდა საუკუნის თაღლითობა და ჩვენ ეს სიტყვები გვესმის საუკუნის მატყუარასგან და თაღლითისგან ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც შეძლო დაემახინჯებინა პოლიტიკური პროცესი. ჩვენთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ის ახალგაზრდები გულწრფელი პროტესტით, თავისი პროდასავლური განწყობებით იყვნენ დაცულები. ვდებთ პირობას და მზად ვართ, რომ საკუთარი ცოდნით, სამართლებრივი და ფიზიკური ძალისხმევით დავიცვათ თითოეული სტუდენტი, რომელიც იქნება თუნდაც ზეწოლის ან ძალადობის რაღაც რისკის ქვეშ. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ გამოდით ჩვენთან კონტაქტზე, ჩვენ გთავაზობთ მოკავშირეობას და მხარდაჭერას - სამართლებრივი მხარდაჭერიდან დაწყებული, თქვენთან ერთად ფიზიკური დგომით. უნივერსიტეტებში და სკოლებში არ არის ადგილი პრორუსი, პუტინისტი და მოღალატე ლექტორებისთვის", - განაცხადა კუპრაძემ.