შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე - დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და ქცევა უნდა იყოს ევროპული

როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე - დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს განცხადებები მაშინაც გაეკეთებინათ, როცა პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა და პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო.

„როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილას!

როცა პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი რა, პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ, აი, იმ ევროპის გულით ანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამასთან დაკავშირებით, იქნებოდა კარგი. სათანადო რეაგირება იყო, რაც ამ შემთხვევას შეეხება და სათანადო პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები.

თუკი ევროპაზე უნდა ვინმეს საუბარი, ამაზე უნდა ისაუბრონ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, რომლებმაც თითი - თითზე არ დააკარეს იმისთვის, რომ 12 პუნქტის რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო. ასე რომ, დროშის ფრიალის ნაცვლად, გულში აფრიალონ ეს დროშა და საქმე გააკეთონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში გამართული აქციების ისტორიაში პირველად, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება მოხდა.

„პირველი, რაც არ მომწონს და რაც არ უნდა მოსწონდეს არავის, არის ის, რომ ადამიანები ახორციელებენ შეტევას პარლამენტის შენობაზე, ამტვრევენ ფანჯრებს, იყენებენ „მოლოტოვის კოქტეილს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, აღნიშნულის რომანტიზება, „რასაც, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია ახლა ეწევა, აბსოლუტურად დაუშვებელია“.

„ამიტომ ყველამ, ვინც ჩაიდინა ადმინისტრაციული თუ სხვა სახის გადაცდომა და დანაშაული, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული შესაბამისად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიციამ პროფესიონალურად იმოქმედა და აღკვეთა ვინმე მისამართით ისეთი ზიანის მიღება, რომელიც გამოუსწორებელი იქნებოდა.

„და თუ არა პოლიციის დროული და პროფესიონალური რეაგირება იმ აქციებზე, რომელიც ორივე დღეს გადაიზარდა ძალადობაში, შეიძლება ყოფილიყო ისეთი ზიანი მიყენებული ადამიანებისადმი, რომელიც გამოუსწორებელი იქნებოდა და ამის კიდევ ერთხელ რაიმენაირად წაქეზება, მოწონება რომანტიზება, ტაშის დაკვრა არის აბსოლუტურად მიუღებელი, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად“, - დასძინა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო