ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 17 მარტს გაიმართება

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 მარტს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ამასთან, ბრალდების მხარეს მოწმეები, გამომძიებლები და ექსპერტები ჰყავდა წარმოდგენილი. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.

საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის შეფასებით, ბრალდების მხარემ დღეს ნაყოფიერად იმუშავა და სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინა.

"10- ზე მეტი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის იყო დაზარალებული დავით ვიბლიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც ვთვლი, რომ ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას. მან ობიექტურად მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელიც არ განსხვავდებოდა სხვა დაზარალებულების და სხვა მოწმეების მიერ მიცემული იმ ჩვენებებისგან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ამ ფაქტის შემსწრე და მონაწილენი. ასევე ჩვენ გამოვკითხეთ ექსპერტები, ექსპერტებმა დეტალურად მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებულ იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. დეტალურად აღწერეს კონკრეტულად რა ნიმუშები, რა სახით, რა ფორმით იქნა აღებული, დაადასტურეს მათი ავთენტურობა და ის, რომ ნიმუშები იქნა დალუქული და ხელმოწერილი ყველა მონაწილის მიერ“, - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმე, დავით ვიბლიანის გამოკითხვამ ცხადყო, რომ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია ხდება.

,,დღეს დაცვის კუთხით გამოიკვეთა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც დაცვა მანამდეც ამახვილებდა ყურადღებას. საუბარია ოდოროლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაზე. დღევანდელი მოწმეთა გამოკითხვით, კერძოდ, დავით ვიბლიანის გამოკითხვით დადასტურდა გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც მძარცველი მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკიდან გამოვიდა და მოძრაობდა ,,ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანით, მძევლების გათავისუფლებამდე გარეცხა ორი ე. წ. კოვრიკი, საიდანაც ამოიღეს შემდეგ ნიმუში, რომელიც დაემთხვა ესებუას სუნს. მანამდეც არსებობდა ეჭვი, რომ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია ხდებოდა, ეს ოდოროლოგიური ექსპერტიზა იქნებოდა გაყალბებული. ფაქტობრივად დადასტურდა ის, რომ გარეცხილი ე.წ კოვრიკებიდან ვერანაირად ვერ ამოვიდოდა ადამიანის სუნი, რადგან მძარცველი მათ გარეცხვის შემდეგ არ შეხებია“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება