ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2023

ახლა ვადამდელი არჩევნები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს

კიევს "ეფ-16"-ის ნაცვლად ჯერჯერობით "მიგ-29"-ებს აძლევენ - რატომაა საბჭოთა ავიაგამანადგურებლები უფრო მოსახერხებელი უკრაინელებისთვის

სააკაშვილის გადაყვანაზე მოწოდებები ძლიერდება, უკვე სპეციალური თვითმფრინავიც მზადაა - რას პასუხობენ “ოცნებაში”

* * *

ახლა ვადამდელი არჩევნები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს

“7-8 მარტის მოვლენების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი სულ უფრო აქტიურად ალაპარაკდა იმაზე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ხელისუფლებას პარლამენტში უმრავლესობა დაეშალოს და არჩევნების დანიშვნა მმართველ გუნდს ავტომატურად მოუწიოს. თუმცა ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს. “საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები”, - ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახლა ვადამდელი არჩევნები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს.

“ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში უახლოეს ხანში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ამ მთავრობის ნდობა არ შეიძლება. ეს მთავრობა ჩვენ ანალოგიური ხერხებით დაგვაშანტაჟებს და სულ ეცდება, რაიმე შემოგვაჩეჩოს. ახლა ეს იყო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ხვალ იქნება იატაკქვეშა ინტეგრაცია ან კოლაბორაცია პუტინთან და კრემლის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ამ ყველაფერს ველოდებით. მათი ნდობა არ შეიძლება|”, – განაცხადა ნაყოფიამ. მისი თქმით, “ბრძოლა გრძელდება და ახლა მთავარი მიზანია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება”. თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხე დაემუქრება, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს - ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მექანიზმი არის ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა ასე მკაცრად არ ყოფილა დაყენებული მოთხოვნა “არა რუსულ ხელისუფლებას”, ეს რომ ყოფილიყო მოთხოვნა, ახლა ხალხი ქუჩაში იქნებოდა. მე პირადად ვამბობ, რომ “არა რუსულ კანონს” არ არის საკმარისი მოთხოვნა, მაგრამ ობიექტურად შევხედოთ - “არა რუსულ ხელისუფლებას” იქ შეკრებილი ყველა ადამიანის მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ჯერ კიდევ შეიძლება სტატუსის მიღება და ასე მკაცრად არ აყენებს მისი გაშვების მოთხოვნას. მაგრამ, იმდენად უნდათ ევროპა, რომ როგორც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს “ქართული ოცნება” სტატუსის მიღების საკითხს, პირველი ვიქნები, ვინც რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს”, - განაცხადა მანჯგალაძემ. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არც ერთ შემთხვევაში არ ჩატარდება. იქვე დაამატა, რომ არჩევნების, პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება “თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ”, ოპოზიცია “მაინც ყველაფერს წააგებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, თვითმმართველობასთან მიბმულსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც, პლებისციტსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. მაგრამ მოცემულობა არის ეს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”, - განაცხადა კობახიძემ. არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ “რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ადამიანებთან, ვინც აქციაზე გულწრფელი პროტესტი გამოხატა”. “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ისაუბრებს იმ საზოგადოების სახელით, ვინც თავისი პროტესტი გამოხატა. ისინი ცდილობენ მიეწებონ, მიეტმასნონ ამ საზოგადოებას, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ფარისევლობა და ამ ძალას არანაირი მორალურ კავშირი არ აქვს, ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან”, - თქვა თალაკვაძემ. ნიკა ჩიტაძის თქმით, 7-8 მარტის აქციებმა აჩვენა, რომ რუსთაველზე ხალხი ოპოზიციამ კი არ გამოიყვანა, არამედ საკუთარი სურვილით გამოვიდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ მყოფი ხალხი მათი ამომრჩეველი ვერ იქნება. ამიტომ ილუზიაში არ უნდა ჩავარდნენ, რატა თავი უარეს მდგომარეობაში არ ჩაიყენონ”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიცია ძალიან ცდება, თუკი ჰგონია, რომ რუსთაველზე გამოსული ადამიანები მისი ამომრჩეველია. ეს ხალხი აქციაზე საკუთარი ნებით მივიდა და კონკრეტული მიზეზი ჰქონდათ. ამიტომ, ეს არ ნიშნავს, რომ თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ისინი ხმას ოპოზიციას მისცემენ. პირიქით, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი 7-8 მარტის აქციების შემდეგ ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს. თანაც წელიწადნახევარში, 2024 წელს არჩევნები ისედაც ჩატარდება, ამიტომ ერთწლიანი პარლამენტი ქვეყანაში მოვლენებს კი არ განმუხტავს, არამედ პირიქით, შესაძლოა უფრო კრიზისი შეიქმნას. მით უმეტეს, თუკი კოალიციური ხელისუფლება იქნება, ეს საერთოდ წარმოუდგენელია. როგორ უნდა შექმნას “ოცნებამ” და “ნაციონალებმა” კოალიციური მთავრობა, რთული წარმოსადგენია. პატარა პარტიების რეიტინგი ძალიან დაბლაა დაწეული. ამ საარჩევნო სისტემით და 5%-იანი ბარიერით შანსი პარლამენტში მოხვედრის ისევ ხელისუფლებას და ნაცებს აქვთ. ამიტომ ამ არჩევნების რეალური მიზანი რას ემსახურება, გაუგებარია. ანუ ოპოზიციას უფრო არ უნდა აწყობდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ამან შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არ განმუხტოს, პირიქით, გაამწვავოს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

კიევს "ეფ-16"-ის ნაცვლად ჯერჯერობით "მიგ-29"-ებს აძლევენ - რატომაა საბჭოთა ავიაგამანადგურებლები უფრო მოსახერხებელი უკრაინელებისთვის

“კიევს რამდენიმე სახელმწიფო უახლოეს კვირებში საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, რომლის გამოყენებას მიღებისთანავე დაიწყებენ, რადგან, როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ამ სამხედრო თვითმფრინავის მართვა თავად უკრაინელებს არ უჭირთ და საჰაერო ძალებშიც კარგად გამოცდილი მფრინავები ჰყავთ. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების წარმოებისთვის მიგ-29-ებს უნიკალური თვისებები აქვთ და უკრაინას საკმაოდ კარგად დაეხმარება. “მიგ-29-ები უკრაინის შეიარაღებაშიცაა. რამდენადაც ვიცი, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და თუ არ ვცდები ჩეხეთმა გამოთქვეს მზაობა, რომ ეს თვითმფრინავები გადასცენ. ეს კარგია, რადგან უკრაინელები საბრძოლო ავიაციის დანაკარგებს ამოავსებენ”, - ამბობს მაისაია, რომლის აზრით, “მიგ-29 მაღალი დონის საბრძოლო ავიაგამანადგურებელია, რომელსაც საკმაოდ კარგი მახასიათებლები აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კიევს "ეფ-16"-ის ნაცვლად ჯერჯერობით "მიგ-29"-ებს აძლევენ - რატომაა საბჭოთა ავიაგამანადგურებლები უფრო მოსახერხებელი უკრაინელებისთვის.

“ის შესაძლოა შეტევითი და საჰაერო ბრძოლების კომპონენტების განვითარებისთვის იქნას გამოყენებული. უკრაინელებს მისი მართვა კარგად აქვთ ათვისებული და ხარკოვისა და ხერსონის ოპერაციების დროს კარგადაც გამოიყენეს. “ეფ-16”-ის ტიპის თვითფრინავების გადაცემაზე დასავლეთ ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამ საბჭოთა წარმოების ავიაგამანადგურებელი ვისაც აქვს, უკან არ იხევს, რომ უკრაინამ დანაკარგი ამოავსოს. შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების წარმოებისთვის მიგ-29-ებს უნიკალური თვისებები აქვს და უკრაინას საკმაოდ კარგად დაეხმარება. მიგ-29-ები ყოფილი ვარშავის პაქტის წევრ სახელწიფოებს ჰქონდათ. უკრაინას ამ ტექნიკისთვის მფრინავების მომზადება არ სჭირდება, ეს იარაღი ისედაც არსენალში აქვს, მათ უბრალოდ ბრძოლებისას ამოეწურათ, ზოგი გაუნადგურეს, ზოგი მწყობრიდან გამოვიდა და ა.შ. ეს ომში ჩვეულებრივი მომენტია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ოფიციალურმა ვარშავამ რამდენიმე ქვეყნიდან “მკაფიო განცხადებები” მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლები თვითმფრინავები გადასცენ. პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა მედიასთან არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. თუმცა მანამდე სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონეთთან ერთად უკრაინისთვის თვითმფრინავების ერთობლივი გადაცემის მზაობა გამოთქვა. 14 მარტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შესაძლოა მომდევნო 4-6 კვირის განმავლობაში მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლები გადაეცეს. ამასთან დასავლეთი კიევის განცხადებების მიუხედავად "ეფ-16"-ების გადაცემაზე კვლავ თავს იკავებს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ არ შეეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით”, - დასძენს გამოცემა.

სააკაშვილის გადაყვანაზე მოწოდებები ძლიერდება, უკვე სპეციალური თვითმფრინავიც მზადაა - რას პასუხობენ “ოცნებაში”

მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად სპეციალური თვითმფრინავიც მზად არის, მაგრამ ჯერ საქართველოს მხრიდან სიჩუმეა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. გახდება თუ არა მსგავსი განცხადებები სააკაშვილის მოთხოვნების აღსრულების წინაპირობა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი ფაქტორი, ამაზე “ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს. ფოტიგა ამბობს, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და სწრაფად მოქმედებაა საჭირო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილის გადაყვანაზე მოწოდებები ძლიერდება, უკვე სპეციალური თვითმფრინავიც მზადაა - რას პასუხობენ “ოცნებაში”.

“მაღალი დონის სამხედრო-სამედიცინო ექსპერტების გუნდი მზადაა, მზადაა ასევე ტრანსპორტირების საკითხები, სპეციალური თვითმფრინავიც მზად არის, მაგრამ ჯერ საქართველოს მხრიდან სიჩუმეა. ევროკავშირის ინსტიტუტების მხარდაჭერა არსებობს. ასე რომ, პოლონეთის და ევროკავშირის მხრიდან ყველაფერი მომზადებულია. დრო ამ შემთხვევაში გადამწყვეტია და ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სათანადო მკურნალობის მიზნით ნებისმიერ ევროპულ ან ევროატლანტიკურ სახელმწიფოში. მისი სიცოცხლე საფრთხეშია და სწრაფად მოქმედებაა საჭირო”, - განაცხადა ფოტიგამ. “არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები, მუქარები თუ ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, ვინაიდან საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული, ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში, ამ სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა”, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა, ასეთი პრეცედენტი, ასეთი ჩანაწერი არ მოიძებნება, რომც მოიძებნებოდეს, ასეთის საფუძველი არ არის. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის იმ ბნელი წარსულის, მწამებელი სისტემის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. შეუძლია ოდნავ მეტი შეჭამოს და პრობლემა აღმოიფხვრება, ქართული კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფო ამ პრიმიტიულ შანტაჟს არ დაექვემდებარება”, - განაცხადა მდინარაძემ. ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, “სამწუხაროდ ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, ფოტიკა იქნება, კუბილიუსი თუ ფონ კრამონი, სააკაშვილის სხვადასხვა უცხოელ ლობისტებმა, ისეთი რეალობა შექმნეს რომ თითქოს ევროკომისიის რეკომენდაციებს დაემატა, მეცამეტე რეკომენდაცია, რაც გულისხმობს სააკაშვილის ვადამდე გათავისუფლებას, ან ე.წ. საზღვარგარეთ მკურნალობა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხსენებული დეპუტატები და კიდევ სხვა დასავლელი აქტორები, უხეშად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არღვევენ საქართველოს კანონის უზენაესობას და ჩვენს შეულახავ სუვერენიტეტს, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელია. მაგრამ უკვე დიდი ხანია ხსენებული ევროპარლამენტარები არ წარმოადგენენ ევროპელ მედროშეებს საქართველოს საზოგადოებისთვის, რომელსაც ნამდვილად სურს ევროპულ ოჯახში დამკვიდრება. ამ ფლიდი და თვალთმაქცი ევროპარლამენტარების განცხადებები ნამდვილად ჩალის ფასია, და მათ ვერ შეიგნეს, რომ სააკაშვილის წონაზე არ არის დამოკიდებული ევროინტეგრაცია”, - აცხადებს გია აბაშიძე.

“დიახ, გუშინ, ბრიუსელში გაისმა სხვა განცხადებებიც, რომ მზად არიან ევროპელი ექიმები ჩამოვიდნენ აქ და თავად ნახონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამით ერთგვარად ეთანხმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივას, რაც რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ექიმს, ნებისმიერი ქვეყნიდან, შეუძლია ჩამოსვლა და სააკაშვილის შემოწმება. ვადამდელი გამოშვება როდესაც ტერმინალურ, მძიმე სენის უკიდურეს მომაკვდავ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის სააკაშვილი და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, ეს არის კანონდარღვევის წაქეზება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რაც არასდროს არ მოხდება”, - დასძენს გია აბაშიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო