პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ტერმინს “აგენტი“ უარყოფითი დატვირთვა დისკუსიაში თავადვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესძინეს.
“ამ დისკუსიამ შედეგად მოიტანე ის, რომ ტერმინ “აგენტს“ უარყოფითი დატვირთვა თავადვე შესძინეს და ამ ტერმინთან საკუთარი თავი გააიგივეს. ეს უარყოფითი გარემოება თავადვე შექმნეს“, - ასეთი პასუხი გასცა პაპუაშვილმა კითხვას, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ “კანონპროექტმა საკუთარი ფუნქცია შეასრულა, აგენტების ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოებამ გაიგო, რომ აგენტობა სამარცხვინო და სათაკილოა“, ადასტურებს თუ არა, რომ კანონპროექტის მიზანი არა არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არამედ მათთვის „აგენტის“ სტატუსის მინიჭება იყო.
ამ კონტექსტში პაპუაშვილმა ალქოჩარის ანტიამერიკული წიგნის “ლუციფერის აღიარების“ პარლამენტში დარიგებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რადიკალურმა პარტია „ლელომ“ მანიპულაციურად, ყალბი თემის შემოტანით, აჟიოტაჟის მოწყობა სცადა. პაპუაშვილის მტკიცებით, აღნიშნული წიგნის თაობაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და კულტივირებას ჰქონდა ადგილი.
„ეჭვიც მეპარება, რაინად მოხდა ინიცირება, რომ ავტორს ეს წიგნი მოეტანა... პარლამენტში არსებობს კანცელარია, რომელიც მათ შორის ფოსტის მოვალეობას ასრულებს, რათა კორესპონდენცია, რომელიც პარლამენტში შემოდის შესაბამისს ადრესატს მიაწოდოს, პარლამენტში დღეში 200-მდე კორესპონდენცია შემოდის როგორც ციფრული, ისე ფიზიკური სახით. კანცელარიის ვალდებულებაა, რომ ეს კორესპონდენცია ადრესატს მიაწოდოს. კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ადრესატამდე ასე მიტანა. ასეთი სისტემები საბჭოთა კავშირში არსებობდა, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.