საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც საქონლის წარმოშობას, თავისუფალ ვაჭრობას, ფიტოსანიტარიულ ნორმებსა და სხვა ეკონომიკურ კომპონენტებს დაარეგულირებს.

როგორც ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, 2022 წელს საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მილიონ დოლარზე მეტია.

„უნდა აღინიშნოს, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ის, ძირითადად, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ხარჯზე იზრდება. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი ეკონომიკური შეთანხმება გვქონდეს. სამი რაუნდი გაიმართა და დღეს მოლაპარაკებები წარმატებით სრულდება. პროცესი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და ის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებით ბოლოვდება, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ არეალს განსაზღვრავს. დოკუმენტი დაარეგულირებს საქონლის წარმოშობის საკითხებს, თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, ფიტოსანიტარიულ ნორმებს და სხვა კომპონენტებს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წავახალისოთ.

2022 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო. ამ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მილიონ დოლარზე მეტი იყო და წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა. 2023 წელი კიდევ უფრო ინტენსიური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, 2003 წლიდან დღემდე, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ ასი მილიონი დოლარია ინვესტირებული.

„არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. 2003 წლიდან დღემდე, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მილიარდ ასი მილიონი დოლარია საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული. ეს ითვალისწინებს სასტუმრო ინდუსტრიას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ა.შ. ამას ჩვენი სტრატეგიული შეთანხმება მომავალშიც ხელს შეუწყობს და ასევე, ხელს უწყობს ორი ქვეყნის ლიდერების მჭიდრო მეგობრული კავშირი. ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ორჯერ ესტუმრნენ საამიროებს. მიმდინარე წელს არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში უკვე დადასტურებულია.

მე იმედი მაქვს, რომ საემიროებიდან ინვესტიციებს უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და წარმოების სხვადასხვა სფეროში ვიხილავთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში