სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, შანტაჟის ენა ვერ მოგეხმარებათ, მოატყუოთ ქართველი ხალხი, თითქოს ყველაფერი გააკეთეთ და ქვეყანა მაინც სტატუსის გარეშე დარჩა

მოვუწოდებთ უმრავლესობას, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, შანტაჟის ენა და ტყუილი პროპაგანდა ვერ მოგეხმარებათ, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოთ ქართველი ხალხი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი და მაინც დარჩა სტატუსის გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტში „ლელოს" მიერ გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შანტაჟის ენით დაიწყოს საუბარი ევროკავშირთან.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, მაშინ, როცა პარლამენტი აქტიურად უნდა მუშაობდეს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე, სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობს.

„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ყოველ წუთს უნდა მუშაობდეს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების დღის წესრიგზე, ამის ნაცვლად, ძალიან დაჩქარებული წესით ახერხებს რუსეთის დავალების შესრულებას როგორც ეს მოხდა აგენტების კანონთან დაკავშირებით, რომ არ შეეჩერებინა ეს პროცესი ქართველ ხალხს, ასევე ვხედავთ, რომ სრულიად პარალიზებულია ხელისუფლების, პარლამენტის მუშაობა, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა მუშაობდეს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე, თუმცა, მიმდინარე კვირას არანაირი სამუშაო პროცესი არ წარმართულა. ამ ფონზე, როცა ევროკავშირის დელეგაციებიდან გვეუბნებიან, რომ დღეს რომ კეთდებოდეს შეფასება, რომელი პუნქტებია შესრულებული ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნებიდან, შეფასება იქნებოდა ძალიან მძიმე, გამოდის მმართველი გუნდის წარმომადგენელი კახა კალაძე და ფიქრობს, რომ შანტაჟის ენით დაიწყონ საუბარი ევროკავშირთან. რა მოვისმინეთ გუშინ და რა პოლიტიკური გზავნილი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ - თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ე.ი. ევროკავშირი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ეს მიმართულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს გზავნილი ემატება იმას, რასაც დიდი ხანია ტირაჟირებენ, რომ თითქოს ვიღაც სთხოვს მათ მეორე ფრონტის გახსნას. ეს არის ურცხვი, ტყუილი პროპაგანდა. სიმართლე არის მარტივი, ევროკავშირის მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან არის სასამართლო კლანის დაშლა და სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა და ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რომელიც არის მარტივად შესრულებადი, რომ არსებობდეს ამის პოლიტიკური ნება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში დღეს ხელს უწყობს დესტაბილიზაციას იმ გზით, რომ ცდილობს ქვეყანა გადაიყვანოს სხვა გზაზე იმ არჩევანისგან, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა დიდი ხნის წინ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში, ასეთი ერთადერთი ძალა არსებობს და მას ჰქვია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი „ქართული ოცნება“ და მათი მოკავშირე ხალხის ძალა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთადერთი დღის წესრიგი, რაც უნდა არსებობდეს პარლამენტში, ეს არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. „ლელოს" ამასთან დაკავშირებით მრავალი ინიციატივა აქვს შეტანილი პარლამენტში და გვინდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ უმრავლესობას, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, რადგან ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არანაირი შანტაჟის ენა, ტყუილი პროპაგანდა ვერ მოგეხმარებათ, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოთ ქართველო ხალხი, თითქოს "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი და მაინც დარჩა სტატუსის გარეშე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო