ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა უარი თქვა ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის მიღებაზე, ქუჩის აქციებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით თავად ჩააგდო იგი, ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდა და უწევს ცხოვრება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობას სახელისუფლებო გუნდი პრაქტიკულად არ აღიარებს, მაგრამ, თუ მათი რეაქციებით და განცხადებებით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ უნდა ეს ვინმეს თუ არა, გარეთ აშკარად, ახალი პოლიტიკური რეალობაა.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ რეალობას თავისი მახასიათებლები და განმსაზღვრელი ფაქტორები აქვს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ქვეყანა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სახელისუფლებო გუნდმა თავად „ჩააგდო“ აშკარად ანტიდასავლური კანონპროექტი?

- მმართველობის მესამე ვადის მიწურულს „ქართული ოცნება“ ზედმეტად თავდაჯერებულ და თვითკმაყოფილ ძალად ჩამოყალიბდა. ოპოზიციის უკიდურესმა ფრაგმენტაციამ და სისუსტემ, პროპაგანდისტული მედიის მიმართ მოსახლეობის უნდობლობამ და უკრაინის ომის ფონზე საქართველოსადმი საერთაშორისო ყურადღების შემცირებამ სახელისუფლებო ძალის ლიდერებს ერთგვარი ილუზია შეუქმნა.

„ქართული ოცნებაში“ იფიქრეს, რომ შეუძლიათ ნებისმიერი ნაბიჯის სხვებთან შეთანხმებისა და კონტროლის გარეშე გადადგმა, გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება.

სასიხარულოდ, ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დაწყებულმა მოძრაობამ დიდი ძალისხმევის ფასად ხელისუფლებას უკან დახევა აიძულა. ახალი პოლიტიკური რეალობის მთავარი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ მცირე ბრძოლაში პირწმინდად დამარცხებულ „ქართულ ოცნებას“ მომავალშიც მოუწევს ანგარიშის გაწევა საზოგადოებაში არსებული განწყობებისათვის, რადგან რიგმა სოციალურმა ჯგუფებმა, ახალგაზრდებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა თავიანთი ძალა იგრძნეს. ახალგაზრდები და სამოქალაქო ორგანიზაციები დარწმუნდნენ, რომ ივანიშვილის გუნდზე ზემოქმედება, მასთან ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელია.

ახალი პოლიტიკური რეალობის მთავარი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ მცირე ბრძოლაში პირწმინდად დამარცხებულ „ქართულ ოცნებას“ მომავალშიც მოუწევს ანგარიშის გაწევა საზოგადოებაში არსებული განწყობებისათვის

ამასთანავე, უკანასკნელ პერიოდში მკაფიოდ გამოვლინდა კონფლიქტი საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შეუზღუდავი და გაუკონტროლებელი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ღიად უპირისპირდება დასავლეთს.

მმართველი პარტია აღარც კი ცდილობს საკუთარი პოზიციები აუხსნას და განუმარტოს ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებს. უკვე დასავლეთის სამართლიან და სრულიად უწყინარ რეკომენდაციებსაც კი „ეროვნულ სუვერენიტეტზე თავდასხმას“ უწოდებენ.

„ქართული ოცნება“ საბოლოოდ წარმოჩნდა, როგორც იზოლაციონისტური ძალა. პარტია მზად არის ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ უარი თქვას ევროკავშირთან ინტენსიურ ურთიერთობებზე და მარტო, სტრატეგიული პარტნიორის გარეშე ყოფნა გააგრძელოს.

„ქართული ოცნება“ საბოლოოდ წარმოჩნდა, როგორც იზოლაციონისტური ძალა. პარტია მზად არის ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ უარი თქვას ევროკავშირთან ინტენსიურ ურთიერთობებზე და მარტო, სტრატეგიული პარტნიორის გარეშე ყოფნა გააგრძელოს

მიუხედავად დროებითი უკანდახევისა, ახალი პოლიტიკური რეალობა მაინც ხელსაყრელ გარემოს ქმნის „ქართული ოცნებისათვის“. შეიძლება საზოგადოებაში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება პიკს აღწევს, მაგრამ ფაქტია, ჩვენს სინამდვილეში არ არსებობს გამართული, კარგად ორგანიზებული პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც გაბრაზებული მოქალაქეების ხანგრძლივ მობილიზაციას შეძლებდა.

7-8 მარტის დემონსტრაციებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აქტიური მოქალაქეები გაუცხოებულნი არიან მთელი პოლიტიკური კლასისგან.

ახალი პოლიტიკური რეალობა მაინც ხელსაყრელ გარემოს ქმნის „ქართული ოცნებისათვის“. შეიძლება საზოგადოებაში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება პიკს აღწევს, მაგრამ ფაქტია, ჩვენს სინამდვილეში არ არსებობს გამართული, კარგად ორგანიზებული პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც გაბრაზებული მოქალაქეების ხანგრძლივ მობილიზაციას შეძლებდა

- ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდისთვის აშკარად მოულოდნელი იყო ქუჩაში ახალგაზრდების აქტიურობა, აქციის მონაწილეთა სიმრავლე და ის მზარდი დინამიკა, რომელიც ქუჩის აქციას შეეძლო შეეძინა.

თავად ხელისუფლება და ბევრი სხვაც ამტკიცებს, რომ რომ არა ხელისუფლების „მტკიცედ ურყევი პოზიცია და გონიერება, გარდაუვალი იყო სისხლის ღვრა“.

ერთმნიშვნელოვნად რამის მტკიცება ჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ კანონპროექტის „ჩაგდების“ შემდეგ სახელისუფლებო გუნდი სულ უფრო ხშირად ავლენს არაადეკვატურობას, „ჩაგდებული“ კანონპროექტის სულისკვეთებით მოქმედებას. მხედველობაში მაქვს თავდასხმები დათო ტურაშვილზე, გიორგი კეკელიძეზე, დავით გორგილაძეზე და ასე შემდეგ.

არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მისი რიტორიკა ძალიან ჰგავს კრემლის რიტორიკას უკრაინასთან მიმართებაში. როგორც კრემლი ებრძვის უკრაინაში ფაშისტებსა და ნაცისტებს, ისე ებრძვის ხელისუფლება საქართველოში მითურ სექტანტებსა და ფაშისტებს.

სავარაუდოდ, როგორ რეაგირებს ახალ პოლიტიკურ რეალობაზე სახელისუფლებო გუნდი და რაზე შეიძლება მიანიშნებდეს მისი განცხადებები და ქცევა?

რეალურად კრიტიკულ ვითარებაში როგორი უნდა მას დაინახოს იგი საზოგადოებამ?

- საუბედუროდ, „ქართულ ოცნებას“ არ სურს საკუთარი შეცდომების აღიარება. შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი კვლავ სიხარულით მიაკერებდნენ ათასობით ორგანიზაციას სამშობლოს მოღალატისა და უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყს, კვლავ მიიღებდნენ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროების მექანიზმს ითვალისწინებს.

ხელისუფლება ყველაფერს მხოლოდ ჩავარდნილ საინფორმაციო პოლიტიკას, წაგებულ „საინფორმაციო ომს“ აბრალებს. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანა გააქტიურდებოდა.

საუბედუროდ, „ქართულ ოცნებას“ არ სურს საკუთარი შეცდომების აღიარება... ხელისუფლება ყველაფერს მხოლოდ ჩავარდნილ საინფორმაციო პოლიტიკას, წაგებულ „საინფორმაციო ომს“ აბრალებს. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანა გააქტიურდებოდა

როგორც თქვენ თქვით, უკვე დაიწყო სისტემის შურისძიება ე.წ. „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა მიმართ - ზოგიერთი სოციალურ ქსელებში კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა, ზოგიერთს პოლიციაში იბარებენ გამოკითხვაზე და ა.შ.

ალბათ, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ჯგუფები საუნივერსიტეტო სივრცეებშიც დაიწყებენ პრესტიჟული და კარგად დაფინანსებული კლუბების დაარსებას, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილ ანალოგიურ ორგანიზაციების გაუწევენ კონკურენციას. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უკიდურესად პოლარიზებული და ტოქსიკური გარემოს დამკვიდრებას მხოლოდ ხელისუფლება არ უწყობს ხელს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწერალ ტურაშვილზე თავდასხმის პარალელურად სხვა ამბებიც მოხდა. მაგალითად, დედაქალაქის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა თანაკლასელთა წინაშე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია თავისი მოსწავლის მშობელი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში ირიცხება.

მოკლედ, წელს ქვევით დარტყმებისგან თავის შეკავების უნარი, ელემენტარული ღირსება არც ერთ მხარეს არ გააჩნია. ახალ პოლიტიკურ რეალობას „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი საშუალებით პასუხობს. სამთავრობო პარტიის რიტორიკა ნელ-ნელა მთლიანად იჟღინთება კონსერვატიული პოპულიზმის ნიშნებით.

ახალ პოლიტიკურ რეალობას „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი საშუალებით პასუხობს. სამთავრობო პარტიის რიტორიკა ნელ-ნელა მთლიანად იჟღინთება კონსერვატიული პოპულიზმის ნიშნებით

ირაკლი ღარიბაშვილი აქციაზე გამოსული ახალგაზრდების სამოსში „სატანისტურ“ ნიშნებს ეძებს, ირაკლი კობახიძე ცდილობს მთელს სამოქალაქო საზოგადოებას „ეკლესიის მაგინებელთა“ და „უსამშობლოთა“ დამღა დაასვას. მმართველი გუნდის წევრები და მათი მხარდამჭერები აქტიურად საუბრობენ „კორუმპირებულ და ლიბერალურ ევროპაზე“ და თავიანთ პარტიას ამგვარ დასავლეთთან დაპირისპირებულ სუბიექტად აცხადებენ.

ხელისუფლება წინააღმდეგობას არ უწევს ქალაქის ცენტრში აგრესიული ჯგუფების უკანონო ქმედებებს - ალბათ, ნახავდით, როგორ უპრობლემოდ ჩამოაგდეს ულტრამემარჯვენე მსვლელობის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობიდან.

სახელისუფლებო გუნდის ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია არ აპირებს თავის პოლიტიკაში შინაარსობრივი ცვლილებების განხორცილებას. ისინი მხოლოდ ბრძოლის ახალი მეთოდების ათვისებას ცდილობენ, რათა კიდევ უფრო გაამწვავონ პოლიტიკური ველზე არსებული შუღლი. სავარაუდოდ, 2024 წლის კენჭისყრა ლიბერალურ-კონსერვატიული ორთაბრძოლის ნიშნებს შეიძენს.

სახელისუფლებო გუნდის ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია არ აპირებს თავის პოლიტიკაში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელებას, სავარაუდოდ, 2024 წლის კენჭისყრა ლიბერალურ-კონსერვატიული ორთაბრძოლის ნიშნებს შეიძენს

- რამდენიმე დღის წინ მმართველმა გუნდმა ოპონენტად მიიჩნია შვეიცარიულ ბანკთან დავაში ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, რომლის წინააღმდეგაც გაკეთდა არა ერთი განცხადება იმაზე, რომ დასავლეთიდან გრანტების მიმღები „აგენტი“ ვერასდროს გახდება პრემიერი.

სხვადასხვა წყაროებით ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ს სენატორებთან შეხვედრას პრემიერ ღარიბაშვილთან, ამერიკელების მოთხოვნით ესწრებოდა ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ხშირად აქვეყნებს მასალებს უსაფრთხოების საკითხებზე და ხშირად და მართებულადაც საუბრობს შავის ზღვის აუზში ქვეყნის უსაფრთხოების თემებზე.

არაა გამორიცხული, რომ ეს და ასევე ის, რომ ყიფიანი ივანიშვილის ადვოკატია შვეიცარიულ კომპანიასთან დავაში, ამან დააინტერესა საქართველოს ამერიკელი პარტნიორები.

ყიფიანის მიერ სომხური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ ვიგებთ, რომ ადვოკატი ყიფიანი აღარაა ივანიშვილის ადვოკატი შვეიცარიულ ბანკთან დავაში. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ყიფიანი მას შემდეგ გაუშვა ადვოკატობიდან, რაც ამერიკელებმა გამოიჩინეს მის მიმართ ინტერესი. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ბატონი ივანიშვილი არ თვლის, რომ ოცნებისლიდერების ქცევა თავად ივანიშვილისთვის არის სახიფათო“.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის ყიფიანისგან დისტანცირება და მმართველი ლიდერშიფის მხრიდან მის მიმართ გაკეთებული განცხადებები?

- თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ყიფიანი საკმაოდ სერიოზული და რესპექტაბელური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ორგანიზაციის რიგებში უამრავი ჩემთვის პატივსაცემი სპეციალისტი ირიცხება. ყიფიანს შესანიშნავი სასტარტო პირობები აქვს პოლიტიკაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ გაწყვეტს კავშირს იმ დაქვემდებარებულ პირთან, რომელსაც თავისი ფინანსური სქემების შესწავლის შესაძლებლობა მისცა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილიარდერმა თავისი ძალაუფლებრივი ვერტიკალისგან დისტანცირებისა და თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს თავის პირად იურისტს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილიარდერმა თავისი ძალაუფლებრივი ვერტიკალისგან დისტანცირებისა და თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს თავის პირად იურისტს

პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ლიდერი ცდილობს, რომ პოლიტიკურ ველზე რამდენიმე ძალა გააკონტროლოს და ოპოზიციის სტრუქტურა მოარღვიოს.

ჩვენი რეგიონის ისტორიისთვისაც და საქართველოს უახლესი წარსულისთვისაც კარგად არის ნაცნობი ე.წ. „სატელიტური პარტიის“ ფენომენი. მაგალითად, როდესაც 2000-იანი წლების მიწურულს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომუნისტური პარტიის საბოლოოდ განეიტრალება გადაწყვიტა, კრემლის პოლიტტექნოლოგებმა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის - „სამართლიანი რუსეთის“ ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მემარცხენე ელექტორატის დაქუცმაცების, კომუნისტური პარტიის „ქაღალდის ვეფხვად“ გარდაქმნის წინაპირობა გახდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლისა და ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას.

როგორც ჩანს, ივანიშვილის გარემოცვას არ სურს საკუთარი გავლენის, კონტროლის გარეშე დატოვოს ქართული პოლიტიკის მკვეთრად პროდასავლური, ლიბერალური ფლანგი. ბატონ ვიქტორ ყიფიანს მონაცემები აქვს იმისთვის, რომ ივანიშვილისადმი მეტ-ნაკლებად ლოიალური, პროდასავლური პარტიის ლიდერი გახდეს და ამომრჩეველთა კიდევ ერთი სეგმენტი წარმოქმნას ოპოზიციურ ფლანგზე. საჭიროების შემთხვევაში ამგვარი პარტიის გამოყენება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა.

ვიქტორ ყიფიანს ასევე შეუძლია „დამოკლეს მახვილის“ ფუნქციის შესრულება „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისათვის. ადვოკატის პოლიტიკური აქტიურობა სიმშვიდეს დააკარგვინებდა ღარიბაშვილს, კობახიძესა და კალაძეს, მილიარდერს კი თანაპარტიელთა შორის შემდეგი გზავნილის გავრცელების შესაძლებლობას მისცემდა: „ალტერნატივა არსებობს და ნებისმიერ დროს შეიძლება თქვენი ჩანაცვლება“.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ივანიშვილს დასავლეთთან ყველა ხიდის დაწვის ფუფუნება არ აქვს. ბატონ ყიფიანს კი ნამდვილად შეუძლია აშშ-ის საელჩოსთან და სხვა დასავლურ სტრუქტურებთან შუამავლის ფუნქციის შესრულება.

აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლისა და ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას?

- საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის ყველაზე აქტუალური თემაა მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მსჯელობამ ნათლად დაგვანახა, რომ 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულების გარეშე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არავინ მოგვანიჭებს.

პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, მაგრამ ეს ასე რომ არაა, ვხედავთ. ფაქტია, რომ მათ შესასრულებლად კიდევ ბევრია სამუშაო.

ასეთ ფონზე გააქტიურდა საუბრები იმაზე, რომ ივლისამდე გამოქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

ვითარებაში, როცა სახელისუფლებო გუნდის ლიდერებს აშკარად გაფუჭებული აქვთ ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, მისი კომენტარები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე აშკარად არაა ადეკვატური, გაქვთ განცდა, რომ ან ივლისამდე, ან გვიან შემოდგომამდე შეასრულებს ქვეყანა ევროპულ რეკომენდაციებს სტატუსის მისაღებად?

- ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხოლოდ 12 პუნქტიანი გეგმის დეტალებს არ აკვირდებიან. მათთვის პირველხარისხოვანი ამოცანა არ გახლავთ თითოეული პუნქტის ფილიგრანული შესრულება. დასავლეთს უფრო მეტად პოლიტიკური პროცესის მახასიათებლების ცვლილება აინტერესებს.

ჩვენ სტატუსს მივიღებთ, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია რამდენიმე საკითხზე მაინც შეძლებენ კომპრომისზე წასვლასა და ელემენტარული კონსენსუსის მიღწევას. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუ პოლიტიკური ძალები უარს იტყვიან ე.წ. „ნულოვანჯამიან თამაშზე“ ანუ პოლიტიკოსებმა აღარ უნდა იხელმძღვანელონ პრინციპით „ან ყველაფერი, ან არაფერი“. სამწუხაროდ, დღევანდელი გადმოსახედიდან არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ ავლენს არანაირ სურვილს, რომ ერთ საკითხზე მაინც მოხერხდეს შეთანხმება.

ვიქტორ ყიფიანს ასევე შეუძლია „დამოკლეს მახვილის“ ფუნქციის შესრულება „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისათვის... ივანიშვილს დასავლეთთან ყველა ხიდის დაწვის ფუფუნება არ აქვს. ბატონ ყიფიანს კი ნამდვილად შეუძლია აშშ-ის საელჩოსთან და სხვა დასავლურ სტრუქტურებთან შუამავლის ფუნქციის შესრულება

ოპოზიციას აწყობს კანდიდატის სტატუსის არმიღება. ამგვარ შემთხვევაში მისი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად დაეფუძნებოდა ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლების მიერ განცდილი მარცხის პრობლემას. „ქართულ ოცნებას“ კი ძალაუფლების ერთი მისხალის სხვებისთვის განაწილებაც კი არ სურს, მმართველ გუნდში დათმობაზე წასვლა ლაჩრობასთან და კაპიტულაციასთან ასოცირდება.

ჩვენ სტატუსს მივიღებთ, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია რამდენიმე საკითხზე მაინც შეძლებენ კომპრომისზე წასვლასა და ელემენტარული კონსენსუსის მიღწევას. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუ პოლიტიკური ძალები უარს იტყვიან ე.წ. „ნულოვანჯამიან თამაშზე“

შესაბამისად, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასის გარჯის წყალობით სტატუსის მიღებას შევძლებთ.

- ახალ რეალობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის ქცევა. განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიცაა წლის ბოლომდე ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

ფაქტია, რომ ჩვენი ოპოზიცია არც ერთგვაროვანია და არც ერთიანი. ხშირ შემთხვევაში გაუგებარია მის დიდ ნაწილს რეალურად უნდა თუ არა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ახლა იმაზეა ორიენტირებული, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესის აქტორი. ეს გასაგებიცაა, რადგან ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქუჩის აქციებში ისინი მონაწილეობდნენ, მაგრამ ამ პროცესების ავანგარდში ახალგაზრდობა იყო და არა ოპოზიცია.

რადგან ასეა, კითხვას ასე დავსვამდი - ოპოზიციური სპექტრიდან რომელ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს მეტი შანსი, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესში ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა?

- მოდით, ოპოზიციაში არსებულ რამდენიმე პრობლემაზე გავამახვილოთ ყურადღება.

ბოლო ოცდაათწლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა დრამატულად შემცირდა. სამმილიონიან საზოგადოებას არ აქვს რესურსი იმისა, რომ ასობით პოლიტიკური პარტიის გამართული ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი. საქართველოს მხოლოდ 4-5 პოლიტიკური ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა შეუძლია.

ჩემი აზრით, ოპოზიციონერები არ უნდა ფიქრობდნენ სრულ კონსოლიდაციაზე, ეს შეუძლებელია და თავიდანვე მკვდრადშობილი იდეაა. თუ მათ წარმატების მიღწევა სურთ რამდენიმე ბანაკად უნდა დაჯგუფდნენ, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამ ბანაკებს შორის საზღვრის აღმოჩენა, თითოეულ ტენდენციას კარგად ჩამოყალიბებული სახე უნდა ჰქონდეს.

ოპოზიციას აწყობს კანდიდატის სტატუსის არმიღება... „ქართულ ოცნებას“ კი ძალაუფლების ერთი მისხალის სხვებისთვის განაწილებაც კი არ სურს, მმართველ გუნდში დათმობაზე წასვლა ლაჩრობასთან და კაპიტულაციასთან ასოცირდება

ამგვარი წესრიგის ნაცვლად ოპოზიციურ ფლანგზე სრული ქაოსია, ადამიანებს ვერ გაურკვევიათ - სად მთავრდება „ნაცმოძრაობა“ და სად იწყება „ევროპული საქართველო“, რა განსხვავებაა „ლელოსა“ და ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის „სამთა კავშირს“ შორის.

კიდევ ერთი სირთულე გახლავთ ის, რომ ოპოზიციონერებს ზედმეტად ნაივური, ზედაპირული წარმოდგენა აქვთ პოლიტიკურ საქმიანობაზე. მათ ჰგონიათ, რომ ყოველ სეზონზე ერთი ხმაური დემონსტრაციის ორგანიზება და სეზონებს შორის სატელევიზიო თოკ-შოუებში მონაწილეობა საკმარისია დასახული მიზნის მისაღწევად.

ოპოზიციონერები არ უნდა ფიქრობდნენ სრულ კონსოლიდაციაზე, ეს შეუძლებელია და თავიდანვე მკვდრადშობილი იდეაა. თუ მათ წარმატების მიღწევა სურთ რამდენიმე ბანაკად უნდა დაჯგუფდნენ, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამ ბანაკებს შორის საზღვრის აღმოჩენა, თითოეულ ტენდენციას კარგად ჩამოყალიბებული სახე უნდა ჰქონდეს

შედეგიანი პოლიტიკის საწარმოებლად აუცილებელია პარტიებმა თავიანთი რეგიონული სტრუქტურებისა და ქსელის მშენებლობას მიჰყონ ხელი, გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო ფრაქციათა შესაძლებლობები, არჩევნებამდე მოამზადონ ორი-სამი პროექტი, რომელთა საფუძველზეც მოსახლეობას თავიანთ მკაფიო პოლიტიკურ პრიორიტეტებს დაანახებდნენ.

როგორც ჩანს, სერიოზული და რუტინული საქმიანობის, გამარჯვებაზე ორიენტირებული საარჩევნო მანქანის მშენებლობის რესურსი ოპოზიციონერებს არ აქვთ.

და რაც მთავარია, ოპოზიციურ ფლანგს განახლება სჭირდება. განახლება მხოლოდ „ახალი სახეების“ გააქტიურებას არ გულისხმობს. აუცილებელია, რომ ასპარეზზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვთ, რომლებიც უფრო პატიოსან „თამაშის წესებს“ გამოიყენებენ.

ასეთი ადამიანების გარეშე ოპოზიციას საარჩევნო წარმატების მოპოვების შანსი არ აქვს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა