ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ნასარიძესთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა თენგიზ ნასარიძესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„ღონისძიებაზე აღინიშნა, რეგიონში 9000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია 20 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყება.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 15,7 მლნ ლარის ღირებულების 9 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება და სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება. მძლავრი ეკონომიკური განვითარების საფუძველს თანამედროვე, სარწყავი სისტემების ფართო მასშტაბით მოწყობა-რეაბილიტაცია და ახალი წყალსაცავების მშენებლობა წარმოადგენს.
შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერი, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი, საქართველოს მელიორაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები და სერვისცენტრის უფროსები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.