ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კომპანიას, შპს „გზას“ 26 მილიონი ლარი გადასცეს უკვე რეაბილიტირებული ქუჩებისთვის,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა.
ხარაზის თქმით, ბათუმის მერია დანაშაულებრივ ქმედებას სჩადის, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კომპანიას, შპს „გზას“ 26 მილიონი ლარი მისცეს. ეს კომპანია სამუშაოების არაკეთილსინდისიერად შესრულებით არის ცნობილი, ასევე „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ასე აქცია კომპანია ბიძინა ივანიშვილმა და არჩილ ჩიქოვანმა ბიუჯეტის ფულის მფლანგველად.
არამარტო შპს “გზა”, მერიაში ზოგადად დიდი კორუფცია, ნეპოტიზმი და დანაშაულებრივი ქმედებები იმალება ბატონი ჩიქოვანის და მისი ჯგუფის უკან. ეს არის დანაშაული და პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. კომპანიას მილიონებს აძლევენ უკვე რეაბილიტირებული ქუჩების თავიდან გადათხრისა და გაკეთებისთვის. საუბარია სამ ქუჩაზე, ამ ქუჩებს გასულ წლებში ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ახლა ამბობენ სანიაღვრე და წყლის სისტემაა მოსაწესრიგებელიო“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.