ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ძირითადად იმ ინფორმაციებს ეყრდნობა, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც მთავრობის მეთაურს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასება სთხოვა, სადაც ჟურნალისტის თქმით წერია, რომ „იდევნებიან კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, ბიძინა ივანიშვილმა გაატაცებინა აფგან მუხთარლი, ნახსენებია 5 ივლისიც“.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პრემიერმა აღნიშნა, რომ მის მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს და ეს მხოლოდ სპეკულაციებია, რომელიც ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერაა მოყვანილი ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობით.

ღარიბაშვილის თქმით, ეს მისთვის არ არის საინტერესო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა.

„მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა. არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა, მათი ინფორმაციის 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაციები. ასევე ის ფაქტი, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედიას ყველგან“, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე: რაში გამოიხატება ეს თავისუფლება? - ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ტყუილებს სიმართლეს უპირისპირებენ.

„აი, მაგალითად, თქვენ წარმოადგენთ „ტვ პირველს“, რომელიც არის ძალიან კრიტიკული. ხშირად თქვენ არ ეყრდნობით, არ ამოწმებთ ფაქტებს და ჩვენ საზოგადოებას ესაუბრებით ტყუილებით. მაგრამ ეს ნორმალურია, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენ ამის წინააღმდეგნი არ ვართ, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერცერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო