სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - თქვენ რომ გქონდეთ რაიმე მორალური კომპასი, მადლობას გადაუხდიდით ბავშვებს, მაგრამ მხოლოდ ის გაიმეტეთ, რომ „ვინა ყრიხართო, ვირები ხართო“

თქვენ რომ გქონდეთ რაიმე მორალური კომპასი, ბოლომდე მოშლილი რომ არ გქონდეთ ეს კომპასი, მადლობას გადაუხდიდით ამ ბავშვებს, მაგრამ მხოლოდ ის გაიმეტეთ, რომ „ვინა ყრიხართო, ვირები ხართო“, ილიას რომ დავესესხო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე 7-9 მარტის აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით განაცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, სწორედ ამ ახალგაზრდებმა გადაარჩინეს „ქართული ოცნება“ საკუთარი თავისგან, როდესაც ე.წ. რუსული კანონის მიღებაზე უარი ათქმევინეს.

„ჩვენ შეიძლება ვერ შევუქმნათ ის მომავალი ახალ თაობებს, რომელსაც იმსახურებენ, მაგრამ შეიძლება შევქმნათ თაობა, რომელიც ამ მომავალს თავად მოიპოვებს“ - ეს სიტყვები ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პრეზიდენტს, ფრანკლინ დელანო რუზველტს ეკუთვნის. იმ ფრანკლინს არა, რომლის სახელობის აკადემიის მოსწავლეებსაც ომი გამოუცხადა თქვენმა ხელისუფლებამ, ის სხვა ფრანკლინი იყო. მაგრამ სამწუხარო რეალობა ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ, დიახ, დღევანდელ საქართველოს არ აღმოაჩნდა ის მომავალი, რომელიც ჩვენ, ჩვენს თაობას სურდა ქვეყნისთვის და დღეს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, კვლავ უწევთ ქართველ ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და რუსეთის დღის წესრიგისთვის ხელის შესაშლელად ქუჩაში ბრძოლა. უკვე მეორედ „ქართული ოცნება“ საკუთარ ახალგაზრდებს უმოწყალოდ არბევს, რუსეთის დავალების შესრულების მიზნით. მე მინდა გითხრათ, თქვენ რომ გქონდათ უმრავლესობაში, ან პოლიტიკური, ან მორალური სისწორის განცდა, მიხვდებოდით, რომ იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც სამარცხვინოდ ლანძღავთ და თავს ესხმით, თქვენ, მათ შორის, უმრავლესობის წევრები, გადაგარჩინათ საკუთარი თავისგან, როდესაც გაიძულეს, რომ სამარცხვინო რუსულ კანონზე მიღებული ხმა, უკან წაგეღოთ, საკუთარ შეუპოვარი ბრძოლით და დღეს მათ მადლობას უნდა უხდიდეთ. განსაკუთრებით მინდა მოგმართოთ, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც აქ შეიყუჟა სამარცხვინოდ საკუთარ კაბინეტში და უარი განაცხადა ოპოზიციასთან შეხვედრაზე, როდესაც ამ ახალგაზრდებს აქ უმოწყალოდ არბევდნენ და როდესაც გუშინ სრულიად უხამსად შეურაცხყოფა მიაყენეთ ამ ბავშვებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ჟურნალისტებისთვის, პაპუაშვილის მხრიდან პროფესიული დღის მილოცვა, იმ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა, ცინიზმია.

„მინდა გითხრათ კიდევ ერთი რამ ბატონო შალვა, თქვენ აქ გახსენით სხდომა და მადლობა გადაუხადეთ ჟურნალისტებს და ნამდვილად მადლობას ვუხდით ჩვენ მათ თავგანწირული ბრძოლისთვის, მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მაგრამ მაინტერესებს, წაიკითხეთ თუ არა ეს ანგარიში, რომელიც გამოსცა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც მთავარ პრობლემად განსაზღვრა დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ატარებს და ხომ არ გეჩვენებათ, რომ დღეს თქვენი მხრიდან ჟურნალისტებთან მისალმება ცინიზმია იმ ყველაფრის ფონზე, რასაც თქვენი ხელისუფლება აკეთებს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის განადგურების მიზნით. დღეს თუ ვინმე საბოტაჟს ეწევა ევროკავშირის დღის წესრიგის, თქვენი ხელისუფლებაა.

მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ - თქვენი ხელები შორს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული დამოუკიდებელი, თავისუფალი თაობისგან და მიხედეთ თქვენს საქმეს, რაც არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, თორემ, რაც ნახეთ, ის მოგენატრებათ, ქართული საზოგადოება ისეთ პასუხს გაგცემთ უახლოეს მომავალში“,- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა