ხელისუფლებას გაქებენ პრინციპულობისთვის სიმონიანები, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.
როგორც მან აღნიშნა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის მხრიდან შექებას მხოლოდ „გამორჩეულები“ იმსახურებენ.
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პასუხი არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის კონტექსტში. კიდევ ერთხელ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას მსგავსი უსამართლობის და ბოროტების აღმოფხვრის პროცესში. მაშინ, როდესაც პუტინი, რუსეთის ოკუპანტი რეჟიმი საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავე და დეკლარირებული მტერია, „ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს რუსული მიზნების მქონე კანონის სხვადასხვა პოლიტტექნოლოგიური "ტრიუკებით" პოპულარიზაციას, საქართველოს პარლამენტის წინ აორგანიზებს პრორუსულ ე.წ. საპროტესტო აქციას, წვავს ევროკავშირის დროშას, აგრძელებს იმ უზარმაზარი საპროტესტო მუხტის მუქარის, ზეწოლით, მათ შორის სტუდენტების დამუშავებით და „გაშავებით“ ჩახშობას, რომელიც სამართლიანად გაჩნდა ამ ქვეყნის მომავალ თაობაში. იშორებთ ყველას, მათ შორის საკუთარი რიგებიდან, მათ შორის ყველას, ვინც მხარი არ დაუჭირა ამ კანონს და დაემორჩილა საკუთარ მორალს და ღირებულებებს. ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ, ბატონებო, გაკრიტიკებთ ყველა სტრატეგიული პარტნიორი, ვნახეთ ძალიან მწვავე შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომელიც არის უპრეცედენტოდ მძიმე ყველა მიმართულებით. სამაგიეროდ, ხელისუფლებას გაქებენ პრინციპულობისთვის სიმონიანები. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ შექებას მხოლოდ „გამორჩეულები“ იმსახურებენ, როგორც წესი. როგორ შეიძლება ამ შექებას იმსახურებდე ეროვნული საქმის გამო, ეს უბრალოდ შეუძლებელია“,-განაცხადა ლილუაშვილმა.