ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების მონაწილეობა მმართველობის პროცესებში. „სამოქალაქო ბიუჯეტი“ კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“ წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული კლუბის წევრების დაჯილდოებაც გაიმართა.
გორის მერის თქმით, ამ პროგრამის მთავარი არსი ისაა, რომ მოსახლეობა თავად ირჩევს განსახორციელებელ პროექტს. მისივე განცხადებით, გასულ წელს, მოქალაქეების ჩართულობის ზრდის მიზნით შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი.
„კლუბის წევრები ეხმარებოდნენ მოსახლეობას საინიციატივო წინადადებების მომზადებაში და შედეგიც ბევრად უკეთესი მივიღეთ. საზოგადოების აქტიური ჩართულობა ზრდის მმართველობის ხარისხს. მე ვისურვებდი საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურებას და ჩართვას თვითმმართველობის პროცესებში. მადლობა ჩვენს მოქალაქეებს და მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას რომელიც ჩართულია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელებისა და განვითარების პროცესში“, - აღნიშნა ხინჩეგაშვილმა.
გორის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახორციელებდნენ საჭიროების კვლევასა და ეხმარებოდნენ მოქალაქეებს საინიციატივო წინადადებების მომზადების პროცესში.
მათივე ცნობით, ახალგაზრდული კლუბი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით შეიქმნა.
„2022 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან წარმოდგენილი იყო 94 საპროექტო ინიციატივა, მათ შორის, განსახორციელებლად 37 პროექტი შეირჩა.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ღონისძიების ორგანიზატორმა, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სტრატეგიული განვითარების სააგენტომ შეხვედრაზე წარმოადგინა პრეზენტაცია 2016 წლიდან დღემდე პროგრამის განვითარების ეტაპებისა და მის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.
ღონისძიებას მერთან ერთად ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.