საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

1-ელი მარტიდან საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. კონკრეტულად რა შეცვალა სააგენტომ სისტემაში ჩართული მოქალაქეებისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე საუბრობს...

- როგორც ვიცით, საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. რაში მდგომარეობს სიახლე?

- საპენსიო სააგენტო მუდმივად ზრუნავს დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობაზე და ამგვარი სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებაზე. შიდა პროცესების მუდმივი დიაგნოსტიკის და ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა სააგენტოს სერვისებზე წვდომის გამარტივების და დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვის საჭიროება. შესაბამისად, იუსტიციის სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში, 1-ელი მარტიდან, საპენსიო სააგენტომ, მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული არეალი გააფართოვა და ბენეფიციარებს შეუქმნა შესაძლებლობა, საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებული მომსახურება ძალიან მარტივად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახლთან ახლოს მიიღონ. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საპენსიო სააგენტომ დაასრულა თანამშრომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ წლების მანძილზე გაწეული მომსახურებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, მონაწილეებს ბუნებრივია, კვლავ აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ საპენსიო სააგენტოს ძირითად ოფისს თბილისში, საჭიროების შემთხვევაში, გამოგზავნონ დამოწმებული დოკუმენტაცია ფოსტით, ან გამოიყენონ პირადი ელექტრონული გვერდი და დისტანციურად მიიღონ მათთვის საინტერესო მომსახურება.

- საპენსიო სააგენტოს კონკრეტულად რა სერვისებია ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლში?

- საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ იუსტიციის სახლებში, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებული ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი. ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა გააკეთონ განაცხადი სერვისებზე, რაც უკავშირდება, მათ შორის, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვას, დაგროვებითი პენსიის დანიშვნას, პირად ელექტრონულ გვერდზე ავტორიზაციის გავლის მიზნით საკუთარი პაროლების მიღებას/აღდგენას და სხვა. უფრო კონკრეტულად, დაინტერესებულ პირებს აქვთ მათთვის სასურველ ყველა მომსახურებაზე გამარტივებული წვდომა.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია უკვე განახორციელა საპენსიო სააგენტომ. რა სიახლეებია ამ მიმართულებით?

- მომსახურების გაციფრულება და მათი დისტანციურად მიწოდება, სააგენტოსთვის მართლაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. როგორც ცნობილია, საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილეს, გააჩნია ინდივიდუალური ელექტრონული გვერდი, სადაც პირად დანაზოგთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია დეტალურად არის წარმოდგენილი. აღნიშნულ ელექტრონულ არხს სულ მალე დაემატება სხვადასხვა ფუნქციონალი, რომლის მეშვეობითაც, ბენეფიციარები სულ მალე შეძლებენ, მათთვის სასურველი მომსახურება დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ. ამ მხრივ მუშაობა თითქმის დასრულებულია და სიახლეც ძალიან მალე ჩაეშვება. ამასთან, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ოფიციალური ვებგვერდის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კერძოდ, ამ ეტაპზე ვებგვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის.

- თქვენ ახსენეთ ბენეფიციარებისთვის ინდივიდუალური ელექტრონული გვერდი. როგორ უნდა გაიაროს რეგისტრაცია პირად გვერდზე სქემის მონაწილემ?

- ინდივიდუალურ ელექტრონულ გვერდზე შესასვლელად მონაწილემ, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, უნდა გაიაროს ერთჯერადი რეგისტრაცია, რომლის შედეგადაც გაეხსნება წვდომა შესაბამის ინფორმაციასა და ფუნქციონალზე.

- რა საკითხებზე მოგმართავენ უფრო ხშირად?

- მომართვიანობის საკითხების შინაარსობრივი მხარე, მეტნაკლებად იცვლება დროთა განმავლობაში. ამ ეტაპზე, პრიორიტეტულ საკითხებად შესაძლებელია განისაზღვროს დაგროვებითი პენსიის დანიშვნა სხვადასხვა საფუძვლით, საპენსიო დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის შეკითხვები, ინდივიდუალურ ელექტრონულ გვერდზე წვდომისთვის განკუთვნილი პარამეტრების შესახებ ინფორმაციის მიღება და სხვა.

- რა სიახლეები იგეგმება სამომავლოდ სერვისების მიწოდების თვალსაზრისით?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს არსებული სერვისების გამარტივება, დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიწოდება და ასევე, საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით, ახალი სერვისების დანერგვა. მინდა აღვნიშნო, რომ USAID/HICD პროექტის ხელშეწყობით, საპენსიო სააგენტომ შეიმუშავა ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერა ყველა ძირითადი პრიორიტეტი, მათ შორის სერვისების მიწოდების ნაწილში. აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, რათა ბენეფიციარებს კიდევ უფრო მარტივი და მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით