ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვშია და მართავს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გასცა, არავის ეგონა, რომ პრეზიდენტი სი მოსკოვში ვიზიტს გადადებდა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თუ შეიძლება ასე ითქვას, კოლექტიურმა დასავლეთმა კრემლში შესვლამდე იგი გააფრთხილა, რომ პეკინი მოლაპარაკებებს აწარმოებდა დასავლეთის მიერ დამნაშავედ აღიარებულ პუტინთან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამ თემაზე განაცხადა - „სი ძინპინის რუსეთში გამგზავრება იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას ანგარიშვალდებული გახადოს კრემლი უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის“.

რა კონკრეტული შედეგით დასრულდება ჩინეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ უკვე ვიცით, მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მოაწერენ ხელს, რომლითაც ქვეყნებს შორის ისედაც საკმაოდ კარგი ურთიერთობები გაღრმავდება.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სიმ თქვა - „ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ,“ ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა თქვა - „რუსეთსა და ჩინეთს ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი აქვს“, ახლა მთავარია რა გაირკვევა სის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში - დაეხმარება პეკინი მოსკოვს სამხედრო ტექნიკით უკრაინაში მიმდინარე ომში თუ არა.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ პეკინი შეეცდება ჩინეთმა რუსეთისაგან მაქსიმალური მოგება ნახოს, მაგრამ რას მიიღებს რუსეთი ჯერ უცნობია. უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით რამდენად სასარგებლო აღმოჩნდება სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში? დაეხმარება ჩინეთი რუსეთს უკრაინის ომში თუ არა? თუ კი, როგორ და რამდენად?

- ჩინეთი, პირველ რიგში, თავისი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მას გარკვეულწილად აწყობს ის, რომ კოლექტიური დასავლეთი დაკავებულია უკრაინაში მიმდინარე ომით და სრულ ყურადღებას ვერ ამახვილებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზზე, სადაც ჩინეთი აქტიურად ცდილობს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის აგებას.

ამიტომაც, ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს.

მოლოდინი, რომ ურთიერთობები ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიძაბება, იქნება ეს ცენტრალური აზიის თუ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო დიდწილად მცდარია.

მოლოდინი, რომ ურთიერთობები ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიძაბება, იქნება ეს ცენტრალური აზიის თუ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო დიდწილად მცდარია

სანამ ამ ორ ევრაზიულ მოთამაშეს საერთო მოწინააღმდეგე ეყოლება, მათ შორის არსებული ფარული წინააღმდეგობები ყოველთვის გადაიფარება საერთო გეოპოლიტიკური მიზნით - წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ის და ზოგადად კოლექტიური დასავლეთის სწრაფვას ლიბერალური მსოფლიო წესრიგი შეინარჩუნონ.

მოსკოვში სი ძინპინის ჩასვლა ზუსტად ამ საერთო გეოპოლიტიკური სურათის აღქმის კარგი დადასტურებაა.

- ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე ჩინურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ონლაინ რეჟიმში დაელაპარაკებოდა.

მას შემდეგ, რაც ჩინურმა მხარემ გამოაქვეყნა უკრაინა-რუსეთს შორის პეკინის სამშვიდობო წინადადებები, მყისიერი იყო პრეზიდენტ ზელენსკის რეაქცია. მან თქვა, რომ იგი მზადაა ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდეს და განიხილოს უკრაინა-რუსეთს შორის არსებული პრობლემები.

კიევში სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებული პოლიტიკურ წრეები არ მალავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვის შემდეგ კიევში არ ჩადის. ამის გამო ბევრი ამბობს, რომ კიევისთვის უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ჩინეთის მოდერატორობა, მიუღებელია.

პრეზიდენტი სი ძინპინი პრეზიდენტ ზელენსკის ონლაინ რეჟიმში მოსკოვიდან დაელაპარაკება თუ პეკინში დაბრუნების შემდეგ?

რას შეიძლება ნიშნავდეს ზელენსკისთან სის ზარი პეკინიდან და არა მოსკოვიდან?

- თუ სი ძინპინის საუბარი ზელენსკისთან შედგება, ეს ალბათ უნდა დავინახოთ როგორც მცდელობა ჩინური მხრიდან რუსეთსა და უკრაინას შორის გარკვეული ბალანსი დაიჭიროს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევი დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან ის დებულებები, რომელიც პეკინის მიერ გამოქვეყნებულ სამშვიდობო გეგმაში იყო ასახული არ პასუხობს უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რეაქცია ჰქონდა კიევს და კოლექტიურ დასავლეთს.

რუსეთში ჩასვლითა და უკრაინის პრეზიდენტთან საუბრით სი შეეცდება ჩინეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლის ამაღლებას მახლობელ აღმოსავლეთში მიღწეული წარმატების შემდეგ. მეტიც, პეკინის მცდელობები ასევე უნდა დავინახოთ „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ ჭრილში, რომლის კონცეფცია პეკინმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.

პეკინში ფიქრობენ, რომ პოტენციურად უკრაინისთვის მხარის დაჭერით აშშ-სა და ჩინეთს შორის გრძელვადიანი წინააღმდეგობები არ შემცირდება – ვაშინგტონი ისევ შეეცდება ევრაზიაში ჩინეთის ამბიციების შეკვეცას. აი, ასეთი მარტივი ლოგიკიდან გამომდინარეობს პეკინის პოლიტიკა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე

ჩინეთის ხედვა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით თავისებურია. პეკინში ნაკლებად ფიქრობენ უკრაინაზე ან თუნდაც რუსეთზე. ჩინელი პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავი აშშ-ია.

ამიტომაც, როდესაც ისმის კითხვა თუ რისი მომცემი იქნება ჩინეთისთვის უკრაინისთვის მხარის დაჭერა, იქნება ეს ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალება, პასუხი ცალსახად უარყოფითია.

პეკინში ფიქრობენ, რომ პოტენციურად უკრაინისთვის მხარის დაჭერით აშშ-სა და ჩინეთს შორის გრძელვადიანი წინააღმდეგობები არ შემცირდება – ვაშინგტონი ისევ შეეცდება ევრაზიაში ჩინეთის ამბიციების შეკვეცას. აი, ასეთი მარტივი ლოგიკიდან გამომდინარეობს პეკინის პოლიტიკა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

- ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები ჩინეთის ჩარევის შემდეგ მეტ-ნაკლებად დალაგდა, რის გამოც ჩინეთის როლი ახლო აღმოსავლეთზე გაიზარდა.

ირანსა და საუდის არაბეთს შორის ჩინეთის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მაგრამ ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დიპლომატიური გზებით კი მოგვარდა, მაგრამ, ირანი კვლავ რჩება კოლექტიური დასავლეთისა და აშშ-ს მტრად, ხოლო, საუდის არაბეთი წარმატებით აგრძელებს ჩინეთთან და აშშ-სთანაც თანამშრომლობას.

ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ აგრძელებენ კონკურენციის რეჟიმში არა მარტო ყოფნას, არამედ საკუთარი პოლიტიკის წარმოებას.

რადგან ახლა იმის გამო, რომ ყველაზე მთავარია თუ რა მოხდება უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე, კითხვას ასე დავსვამდი - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-სა და ჩინეთის კონკურენციამ მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეებში ხელი შეუშალოს ომში ჩართულ უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში წარმატების მისაღწევად?

- ირანისა და საუდის არაბეთის დაახლოება, რომელსაც ხელი შეუწყო ჩინეთმა, საკმაოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროცესს წარმოადგენს. ამით შემცირდება წინააღმდეგობის დონე ელ-რიადსა და თეირანს შორის, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკის განმსაზღვრელი იყო.

ორი მოწინააღმდეგის შერიგებას დიდი გავლენა ექნება სირიის და იემენის კონფლიქტებზე და ზოგადად სპარსეთის ყურის რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე. მეტიც, შერიგებას შეუძლია ჩინეთი მთელ რეგიონში უფრო დიდი როლის შესრულებისკენ მიიყვანოს.

მოლაპარაკებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერაყსა და ომანში მიმდინარეობდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩინეთმა, როგორც ჩანს, მთავარი როლი შეასრულა პეკინში გამართული დასკვნითი ცერემონიით, მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გაიზარდა ამ ქვეყნის გავლენა მახლობელ აღმოსავლეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარაუდობს, რომ ჩინეთმა, შესაძლოა, მახლობელ აღმოსავლეთში აშშ ჩაანაცვლოს, მაგრამ, რეალობა უფრო ნიუანსურია. ირან-საუდის არაბეთის შეთანხმებით რეგიონში ერთგვარი მრავალპოლუსური გეოპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება მიმდინარეობს.

ბევრი ვარაუდობს, რომ ჩინეთმა, შესაძლოა, მახლობელ აღმოსავლეთში აშშ ჩაანაცვლოს, მაგრამ, რეალობა უფრო ნიუანსურია. ირან-საუდის არაბეთის შეთანხმებით რეგიონში ერთგვარი მრავალპოლუსური გეოპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება მიმდინარეობს

საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის აგებას ცდილობენ ჩინეთთან ახლო ურთიერთობების გამყარებით. მათ გეგმებში არ შედის აშშ-სთან მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების გაწყვეტა.

საქმე იმაშია, რომ მახლობელ აღმოსავლეთში ქვეყნების უმეტესობა არ ხედავს მსოფლიო წესრიგს, სადაც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არჩევანის გაკეთებაა საჭირო. ბევრისთვის „გლობალურ სამხრეთში“, ასეთი არჩევანის გაკეთება უბრალოდ მომგებიანი არ არის. ამიტომაც, მახლობელ აღმოსავლეთში მეტ ლავირებას ექნება ადგილი, რაც ერთდროულად ორივე ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობების გამყარებას შეიძლება ნიშნავდეს.

მახლობელ აღმოსავლეთში ქვეყნების უმეტესობა არ ხედავს მსოფლიო წესრიგს, სადაც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არჩევანის გაკეთებაა საჭირო. ბევრისთვის „გლობალურ სამხრეთში“, ასეთი არჩევანის გაკეთება უბრალოდ მომგებიანი არ არის

რა თქმა უნდა, ამ მომენტისთვის არ არის ნათელი როგორ აპირებს ჩინეთი ირანსა და საუდის არაბეთს შორის ახალი ტიპის ურთიერთობების შენარჩუნებას. არსებობს რამე სახის მექანიზმი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ წინააღმდეგობების არსებობის შემთხვევაში?

ჩვენ ამას ახლო მომავალში ვიხილავთ, თუმცა ამ მომენტისთვის როგორც საუდის არაბეთს, ასევე ირანს სურთ უკეთესი ურთიერთობების ქონა. ორივე მოთამაშეს შიდა პრობლემები აქვს და გადაუწყვეტელი საგარეო პოლიტიკური პრობლემების მთელი რიგი, რაც თეირანს და ელ-რიადს შედარებით სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებისკენ უბიძგებს.

კიდევ ერთი განზომილება, რომელსაც ელ-რიადსა და თეირანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შეეხება, ისრაელის ურთიერთობებია არაბ მეზობლებთან და, რაც მთავარია, თელ-ავივის მცდელობები შექმნას ერთგვარი ანტი-ირანული კოალიცია ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. საუდის არაბეთს ამ კოალიციაში გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა, რაც ცალსახად შეიცვლება.

ეს ართულებს ისრაელის გეგმების განხორციელებას და ამ მხრივ საინტერესო იქნება მომავალში რა პოზიციას დაიკავებს ამერიკა, რადგან ე.წ. გეგმა „B“ ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო ხერხით შეჩერებას, სადაც საუდის არაბეთს ცენტრალური როლი უნდა შეესრულებინა.

- ვხედავთ, რომ ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო მეტად ღრმავდება. მათ შორის სამხედრო სფეროში.

ორ ქვეყანას შორის იზრდება ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა. 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა და გასულ წელთან შედარებით 47 მილიარდი შეადგინა.

რა სავარაუდო გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ევრაზიაზე და განსაკუთრებით კავკასიაზე?

- რუსეთსა და ირანს შორის ასეთი ახლო ურთიერთობები „ცივი ომის“ დასრულების შემდგომი პერიოდის არც ერთ მონაკვეთში არ იყო. მიზეზი მარტივია - ორივე ქვეყანა დასავლეთთან მკვეთრ პოლიტიკურ კონკურენციაშია. ორივეს სურს ჯერ კიდევ არსებული ლიბერალური წესრიგის რადიკალური ცვლილება.

ორივე ძალა გარკვეული იმპერიული ნარატივების არსებობითაც ჰგავს ერთმანეთს: გავლენის სფეროები და რეგიონალიზმის პრინციპი, მაგალითად, სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და ირანს შორის დაახლოება უფრო მეტად გაამყარებს მზაობას ხელი შეუშალონ დასავლური გავლენის გავრცელებას. ეს, პირველ რიგში, ეხება რეგიონში ნატოს პოტენციურ გაფართოებას. თეირანის და მოსკოვის თანამშრომლობამ შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს ევრაზიის სავაჭრო გზების განვითარების საკითხშიც.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და ირანს შორის დაახლოება უფრო მეტად გაამყარებს მზაობას ხელი შეუშალონ დასავლური გავლენის გავრცელებას. ეს, პირველ რიგში, ეხება რეგიონში ნატოს პოტენციურ გაფართოებას. თეირანის და მოსკოვის თანამშრომლობამ შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს ევრაზიის სავაჭრო გზების განვითარების საკითხშიც

მაგალითად, ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფანს პოტენციალი აქვს რუსეთი პირდაპირ სპარსეთის ყურეს დააკავშიროს. თუმცა, აღნიშნულ პროექტში ჯერ კიდევ ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორი არსებობს, რომელთა შორის საკუთრივ აზერბაიჯანსა და ირანს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობებია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა.

- ირან-რუსეთს შორის ურთიერთობებზე იმიტომ გკითხეთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ბოლო პერიოდში მოუხშირა ისეთ ქვეყნებში ვიზიტებს, როგორც ერიტრეაა, საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენა ირანის მონაწილეობით 3+3-ის ფორმატის არსებობა.

კერძოდ მან განაცხადა - „თბილისისთვის კარი ღიაა, ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს 3+3-ის ფორმატში გაწევრიანებაზე“.

ლავროვის ამ განცხადების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ოფიციალური თბილისის რეაქცია მყისიერი იქნებოდა. თქვენ როგორ შეაფასებდით ლავროვის ამ განცხადებას, და რომ თურმე „ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე“?

- ვფიქრობ, ამ განცხადებაში რამე განსაკუთრებული არაფერია. მოსკოვი უკვე წლებია აქტიურად ლობირებს აღნიშნული იდეის განხორციელებას. ამ მხრივ მოსკოვი კომფორტულადაა, რადგან ანკარა და თეირანი ცალსახად ამავე პოზიციაზე არიან.

ანკარას და თეირანსაც სურთ რეგიონული ჯგუფის შექმნით ერთი კონკრეტული გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევა - შეამცირონ დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ის გავლენა სამხრეთ კავკასიაში. 3+3-ის ინიციატივა ზუსტად ამ კუთხით უნდა იყოს დანახული.

ანკარას და თეირანსაც სურთ რეგიონული ჯგუფის შექმნით ერთი კონკრეტული გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევა - შეამცირონ დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ის გავლენა სამხრეთ კავკასიაში. 3+3-ის ინიციატივა ზუსტად ამ კუთხით უნდა იყოს დანახული

ამ მომენტისთვის გაუგებარია თუ რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს აღნიშნულ პროექტში საქართველოს პოტენციური ჩართვა. მეტიც, ბევრი პრობლემა არსებობს უშუალოდ აზერბაიჯანსა და ირანს შორის. თურქეთსა და ირანს შორისაც ამბივალენტური ურთიერთობებია, რადგან თეირანი შეშფოთებულია თურქული გავლენის ზრდით მთელს რეგიონში და ეწინააღმდეგება სომხეთზე ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ გაყვანის იდეას.

ასევე არ იქნება რთულად წარმოსადგენი თუ რამდენ წინააღმდეგობას წააწყდება აღნიშნული ინიციატივა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული წინააღმდეგობების ფონზე. ამიტომაც, 3+3-ის მთავარი პრობლემა არა საქართველოს უარია მასში ჩართვაზე, არამედ სხვა ქვეყნებს შორის არსებული ხშირად მწვავე წინააღმდეგობები.

3+3-ის მთავარი პრობლემა არა საქართველოს უარია მასში ჩართვაზე, არამედ სხვა ქვეყნებს შორის არსებული ხშირად მწვავე წინააღმდეგობები

- გასაგებია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე აშშ და ევროპა ამ ომზე არიან კონცენტრირებული. მაგრამ, ლოგიკურია კითხვა ასე დავსვათ - მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, მათ შორის ევრაზიაში, სავარაუდოდ, როგორია აშშ-ს პოლიტიკა მსოფლიოში ახალი წესრიგისთვის ბრძოლაში?

როგორია აშშ-ს კავკასიური პოლიტიკა? ამ გათამაშებაში, სავარაუდოდ, რა როლი ეკისრება კავკასიას?

- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მიმართულია არსებული ლიბერალური წესრიგის შენარჩუნებისკენ. ვაშინგტონს უჭირს ამის გაკეთება და ამის კარგი მაგალითია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ე.წ. „გლობალური სამხრეთის, ინდოეთი, ჩინეთი, მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნები და სხვა უარი რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებში მონაწილეობის მიღებაზე. მეტიც, „გლობალური სამხრეთი“ რიტორიკულად დიდწილად იმეორებს რუსულ ხედვებს უკრაინაში ომის დაწყების მიზეზების თაობაზე.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უკრაინა საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ვაშინგტონში ესმით, რომ თუ უკრაინამ მოახერხა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნება, მაშინ ეს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ომში გამარჯვებას წარმოადგენს, არამედ ზოგადად ლიბერალური წყობის გაძლიერებას. ეს იქნება მკაფიო გზავნილი არამარტო რუსეთისთვის, არამედ პოტენციურად სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც შეეცდება მეზობლების ხარჯზე ტერიტორიულ გაფართოებას.

ამერიკის ხედვაში სამხრეთ კავკასია ისევ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, შეიძლება ითქვას უფრო დიდს, ვიდრე ეს 2022 წლამდე იყო. რეგიონი პირდაპირი და ერთადერთი ხიდია ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას-ჩინეთს შორის. რუსეთზე დაწესებული სანქციების ფონზე შუა დერეფნის როლმა მკვეთრად იმატა. შესაბამისად, დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ის დაინტერესებამ, რომ აღნიშნულმა გზამ წარმატებით იფუნქციონიროს ასევე მოიმატა.

ამერიკის ხედვაში სამხრეთ კავკასია ისევ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, შეიძლება ითქვას უფრო დიდს, ვიდრე ეს 2022 წლამდე იყო. რეგიონი პირდაპირი და ერთადერთი ხიდია ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას-ჩინეთს შორის

სხვა მხრივ, ვფიქრობ, აშშ ახლა საგარეო პოლიტიკის საინტერესო პერიოდში გადადის, როდესაც მეტად მკაფიო ხდება წინააღმდეგობა იდეალისტურ და რეალისტურ საგარეო პოლიტიკურ მიდგომებს შორის.

მართალია ეს დილემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღეს ის უფრო მკვეთრად არის გამოხატული. მაგალითად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის პოტენციურმა დაბრუნებამ შესაძლოა ბაიდენის პოლიტიკის შეცვლა გამოიწვიოს ისეთ საკვანძო საკითხებში როგორიცაა მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერა.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით