ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ამასთან, სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. სხდომას ბრალდებული ბადრი ესებუაც ესწრება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოს დამატებითი, ახალი მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, დაცვის მხარემ განმეორებითი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა.
„,დაცვის მხარეს ბადრი ესებუას ხმის ნიმუში გადმოგვეცა 2023 წლის 28 თებერვალს, ეს ნიმუში გადატანილ იქნა სიდი დისკზე და დაილუქა. მიმდინარე წლის 22 მარტს დაცვის მხარის მიერ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, ვინაიდან აღნიშნული ხმის ნიმუშის მოპოვება შეუძლებელი იყო წინა სასამართლო პროცესამდე. გთხოვთ, დასაშვებად ცნოთ დაცვის მხარის მოთხოვნა განმეორებით ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ“,- განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ჯანაშიამ.
ბრალდების მხარის განმარტებით, დაცვის მხარეს აქამდე ჰქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაეყენებინა.
მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, აღნიშნული შუამდგომლობა არ ჯდება სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.