„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და წევრი გიორგი ბოტკოველი პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობას შეხვდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კარდაკარ შეხვედრის პრინციპით პარტიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოსაწვევი ფლაერები დაურიგეს, ასევე 25 მარტს, 15:00 საათზე, ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან დაგეგმილ შემაჯამებელ აქციაზე მიიწვიეს.
ამასთან, პარტიის განმარტებით, ადგილობრივებმა ხაბეიშვილთან საუბრისას ყურადღება ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილეს.
„სოფელ თამაკონში, სასმელი წყლის, გაზიფიკაციისა და გზის პრობლემებია. ასევე, სოფელში არსებული საფეხმავლო ორი ხიდიდან ერთი წყალმა წაიღო, ხოლო მეორე ნახევრად ჩანგრეულია“, - აცხადებენ პარტიაში.
ხაბეიშვილის განცხადებით, სწორედ ეს ჩამონგრეული ხიდი წარმოადგენს “რუსული ოცნების” რეალურ სახეს.
„ვიმყოფებით მარტვილის რაიონში, სადაც უსერიოზულესი პრობლემაა გაზთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, რაიონში 80%-ს გაზი არ აქვს 21-ე საუკუნეში, არ აქვთ წყალი და იგივე პრობლემა აქვს 70%-ზე მეტ მაცხოვრებელს. ასევე, ჩვენ ვნახეთ განადგურებული ინფრასტრუქტურა და ახლა ვართ ე.წ „ხიდთან“, „ქოცურ ხიდთან“ - დროშა ხომ ვერ დაკიდეს, ხიდიც ვერ გააკეთეს და ეს ხიდი ევროპაში ვერ მივა და ევროკავშირის სტატუსს ასეთი ხიდებით, შეჭმული ფულებით არ მოგვცემენ. ვნახეთ ერთი ხიდი, რომელიც წყალმა წაიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ათი ათასობით ლარის ოდენობით ხალხის ფული წაიღო. მეორე ხიდი ვნახეთ, რომელიც მორყეულია ისე, როგორც „რუსული ოცნება“ და ვნახეთ უამრავი პრობლემა, რომელიც აქვს რაიონს. პარალელურად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებენ, ჩვენ ვხედავთ, რომ სოფლებს, ადგილობრივებს აქვთ უამრავი პრობლემა, განსაკუთრებით ხიდთან დაკავშირებით ეხება თამაკონს, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს ცენტრალურ მაგისტრალთან. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქურდობა, რუსობა ქვეყნის ღალატი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„გზებიდან დაწყებული, გაზის და წყლის პრობლემებით დამთავრებული, ყველანაირი პრობლემა აწუხებს ამ სოფელს“, - თავის მხრივ აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ , სოფელ თამაკონის საკრებულოს წევრმა, პაატა პირტახიამ.