აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია და ტურნირის მთავარი სიმბოლო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს.
მათივე ცნობით, დღეიდან, უეფას ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს, ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება კი 26 მარტს ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება.
„26 მარტს, თასი ბათუმის ქუჩებს „კოკა-კოლას“ ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის და ბათუმის ევროპის მოედანს მიადგება, სადაც მასპინძელ ქალაქში თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონცერტში მონაწილეობას მომღერლები და ბენდები, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სოფო ხალვაში მიიღებენ.
ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა. ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს მოედანზე ტურნირის ელჩი - ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანს.
საქართველოს მასშტაბით, თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, "კოკა-კოლას" ჯადოსნური ქარავნით იმოგზაურებს. ბათუმის შემდეგ, თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს, ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება. გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.