ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე

საგარეო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, გასული კვირა ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა მძიმეც და რთულიც. ვგულისხმობ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში და ამის პარალელურად პარლამენტში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას და საგარეო და საშინაო საკითხებზე გამართულ პოლემიკას.

როგორც ჩანს, „აგენტების“ კანონის ჯერ კოლექტიურად მიღებისა და მერე ასევე კოლექტიურად „ჩაგდების“ შემდეგ სახელისუფლებო გუნდს აშკარად ეტყობა რომ აქვს გარკვეული უხერხულობის განცდა, რომლის დაძლევას ცდილობს, მაგრამ, ის, თუ როგორ აკეთებს იგი ამას, ფაქტია, რომ როგორც მინიმუმ, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

სამწუხაროდ, პარლამენტში გამართულმა დებატებმა დატოვა განცდა, რომ ვითარებაში, როცა მსოფლიოში სერიოზული ძვრებია მომხდარი, ქვეყნის მმართველი გუნდი საგარეო და საშინაო საფრთხეებს როგორც მინიმუმ, ან არაადეკვატურად, ანაც იმდენად გაუგებრად აღიქვამს, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება.

ასეა, რადგან ხელისუფლების მისამართით დასმულ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ მოგვისმენია, ხოლო წარსულზე საუბარი იმდენად უადგილოდაც კი გამოიყურება, რომ მასზე 10 წელი საუბარმა აზრიც კი დაკარგა.

ბევრმა პარლამენტში მომხდარს „სანახაობაც“ კი უწოდა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქართულ საზოგადოებას „სანახაობის“ გარდა, ბევრად უფრო კვალიფიციური და აკადემიური მსჯელობის მოსმენა სურს, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ.

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში პრემიერის სტუმრობისას გამართულ პოლემიკას, თუ იმას, რაც ვიხილეთ, პოლემიკა შეიძლება ეწოდოს?

- მე ვიტყოდი, რომ პრემიერის სტუმრობა პარლამენტში და თანდართული დავიდარაბა, ძალიან ქართულია, ძალიან მშობლიურია და იმის დასტურია, რომ 5 000 წლოვანი ცივილიზაციის ერმა ვერ შეძლო სახელმწიფოებრივი ცნობიერების რეანიმირება, რაც საფუძვლიანად იქნა დავიწყებული ბოლო რამდენიმე საუკუნის საქართველოში, თუ ზუსტად გვინდა, გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ ასეთი ცნობიერება, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ერი აგრძელებს არსებობას გმირების და მითების იმედად და ამარა.

დომინირებს ძალიან მშობლიური ქართული სიბრძნე - „უჩემოდ ვინ იმღერეთო“ და „მე ვარ და ჩემი ნაბადი“... ეს არის მაჟორული, რაც ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ჭარბად ახასიათებს, გნებავთ არაფორმალური მმართველის ამალის წევრი იყოს მავანი, და გნებავთ, თავისუფლება აღკვეთილი ყოფილი პრეზიდენტის, ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედის და მიმდევარის, მეხოტბე და ტრუბადური.

ჰოდა, კიდევ, ჩვენთან პირიქითაა, პირიქით - ჯერ ჭეშმარიტება ორთქლდება და მერე ვნებები დუღს...

ამ ფონზე პოლემიკა რაღა საჭიროა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას ამბობს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. როცა წიხლები და პანღურები ხდება ურთიერთობის გარკვევის საშუალება, როცა სოციალური ქსელები და მედია-სივრცე გულისამრევი სკაბრეზითაა გაჯერებული, ეს, სულო ცოდვილო, და სამოქალაქო დაპირისპირების წინადღე, უფრო მეტიც, სუვერენიტეტის დაკარგვამდე ერთი ნაბიჯის დისტანციის დაფიქსირება მგონია.

როცა წიხლები და პანღურები ხდება ურთიერთობის გარკვევის საშუალება, როცა სოციალური ქსელები და მედია-სივრცე გულისამრევი სკაბრეზითაა გაჯერებული, ეს, სულო ცოდვილო, და სამოქალაქო დაპირისპირების წინადღე, უფრო მეტიც, სუვერენიტეტის დაკარგვამდე ერთი ნაბიჯის დისტანციის დაფიქსირება მგონია

სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე.

ახლა, თქვენს, ტრადიციულად ტევად და მრავლისმომცველ კითხვას დავუბრუნდეთ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა, გაუფერულდა თანმდევი აურზაურის ფონზე. გერმანია ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასე იყო 1918-შიც, როცა დამოუკიდებლობა გერმანიის წარმომადგენლობის რჩევით გამოვაცხადეთ, - ასე უფრო მეტად შევძლებთ თქვენს დახმარებასო.

ცხადია, ანალინა ბერბოკი, გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერი, ანგელინა მერკელის დონის პოლიტიკური წონით ვერ დაიკვეხნის, თუნდაც ჯერ-ჯერობით, მაგრამ ის იმ გერმანიას წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირში სადღეისოდ ლამის ყველაზე წონად სიტყვას ამბობს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა და სხვა გერმანელმა დიპლომატებმა, ლამის გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს მიერ.

ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ქალბატონმა ბერბოკმა ჩვენთვის შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა საქართველოში გამოფრენის წინ - ქართველი ხალხი პროევროპულია, მისი მთავრობა კია არაო, ბრძანა ქალბატონმა ბერბოკმა. ყველასთვის ცხადია, რომ დიპლომატიის ენაზე ეს, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავს. მართალია, საქართველოში ჩამოსვლისას მან განცხადებები შეარბილა, მაგრამ ვიზიტი, საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენი მთავრობის საწინააღმდეგო დემარშს უფრო ჰგავდა, ვიდრე საიმედო მეგობრის ვოიაჟს.

ქართველი ხალხი პროევროპულია, მისი მთავრობა კია არაო, ბრძანა ქალბატონმა ბერბოკმა. დიპლომატიის ენაზე ეს, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავს. მართალია, საქართველოში ჩამოსვლისას მან განცხადებები შეარბილა, მაგრამ ვიზიტი, საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენი მთავრობის საწინააღმდეგო დემარშს უფრო ჰგავდა, ვიდრე საიმედო მეგობრის ვოიაჟს

აღარ ვისაუბრებ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე, რომელიც მე როგორც ერთმა მოქალაქემ და ანალიტიკოსმა, პოლიტიკურ შეცდომად შევაფასე. უმარტივესია, - შენ რომ 10 წლის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებ ქვეყნებს, იქიდან დაფინანსებული არასამთავრობოების, ფაქტობრივად, გავლენის აგენტებად და ეროვნული ინტერესების საფრთხედ გამოცხადება, არასწორია. ჯერ, მინიმუმ, სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე საუბარი უნდა შეწყვიტო და მერე ქვეყნის განვითარების სამომავლო ვექტორი მკაფიოდ უნდა გამოკვეთო.

ეს აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, პოლიტიკასთან მიმართებაში, თამაშგარე მდგომარეობაშია და რომელსაც მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მმართველობაზე კვერის დაკვრის ფუნქციაღა დარჩენია არჩევნებად წოდებული პროცედურების მეშვეობით.

შენ რომ 10 წლის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებ ქვეყნებს, იქიდან დაფინანსებული არასამთავრობოების, ფაქტობრივად, გავლენის აგენტებად და ეროვნული ინტერესების საფრთხედ გამოცხადება, არასწორია. ჯერ, მინიმუმ, სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე საუბარი უნდა შეწყვიტო და მერე ქვეყნის განვითარების სამომავლო ვექტორი მკაფიოდ უნდა გამოკვეთო

ეს ვითარება შესაცვლელია და იმ მიზანდასახულობიდან გამომდინარე, რაც 2011-12 წლებში ჰქონდა გაცხადებული ბიძინა ივანიშვილს და“‘ქართულ ოცნებას“, ეს მას უნდა გაეკეთებინა დღემდე, რაც არსებითად არ მომხდარა. თორემ, ჩვენი არასამთავრობო სექტორი რომ „უსიერი ტყეა“, ეს სადაო არავისთვისაა.

ეგრეთ წოდებული NGO-სექტორი ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მისი მიზნები, ამოცანები, დაფინანსების მოცულობა და რეალური მიმართულებები ჩვენთვის უცნობია და ისეთ ეპოქაში, როცა საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ დასავლეთს არ აქვს ინტერესები, ასეთი ინტერესები აქვთ არაკეთილმოსურნეებსაც.

„ალქაიდას“ ტიპის ორგანიზაციებს, ექსტრემისტულ-რელიგიური გაერთიანებების, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა ფლობდეს ინფორმაციას შემოდინებული სახსრების მოცულობაზე, წარმომავლობაზე და ხარჯვის მიზანმიმართულობაზე.

ეს ყოველივე, ოდენ შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის თავის ტკივილი არ უნდა იყოს. თან, ნებისმიერი კანონი გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის, რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდობისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს პერსპექტივას ცალსახად ევროპულ არჩევანს უკავშირებს.

ამ ყველაფრის წინასწარი ანალიზისა და პროგნოზისთვის არსებობს შესაბამისი სახელისუფლო, სამთავრობო ინსტიტუტები და კვლევითი ორგანიზაციები. ასეთ ორგანიზაციებს დასავლური ფონდები უხვად აფინანსებენ.

შესაბამისად, კარგად ფლობენ ინფორმაციას აქ არსებული რეალური ვითარების და განწყობების თაობაზე, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კლასისგან, რომელთაც აგერ უკვე ბევრი წელია, არ აღელვებთ, რომ არასამთავრობო სექტორს, რომლის არსებობა უბრალოდ აუცილებელია, დასავლური ფონდების გარდა არავინ აფინანსებს. არც კერძო პირი და არც სახელმწიფო.

„ოცნების“ ხელისუფლების დასაწყისში, ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, შემდგომში სახეცვლილი სტრუქტურა, გასცემდა გრანტებს, სხვადასხვა მიმართულებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რაც დიდი ხანია აღარ ხდება. როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ ეს ფული წყალში იყრებოდა. დასავლური ფონდები კი ასე არ თვლიდნენ და არ თვლიან...

„ოცნების“ ხელისუფლების დასაწყისში, ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, შემდგომში სახეცვლილი სტრუქტურა, გასცემდა გრანტებს, სხვადასხვა მიმართულებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რაც დიდი ხანია აღარ ხდება. როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ ეს ფული წყალში იყრებოდა. დასავლური ფონდები კი ასე არ თვლიდნენ და არ თვლიან...

ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების, მთავრობის მხრიდან, ზედამხედველებად და კონტროლიორებად აღქმა, მთლად საფუძველს მოკლებული არ არის.

თუმცა, როგორი და რამდენად ეფექტური კონტროლის მექანიზმია NGO-სექტორი, ამას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგებიც ცხადყოფს - დიდი ფული და ბევრი ათეული მილიონი დაიხარჯა ამ მიმართულებით, - სასამართლო რეფორმა რამდენიმე ეტაპად და ტალღად ჩატარდა, იუსტიციის საბჭო შეიქმნა, კონტროლისა და ურთიერთდაზღვევის მექანიზმები ჩამოყალიბდა და ეს ყველაფერი, ძირითადად, დასავლეთმა დააფინანსა.

და რა მივიღეთ შედეგად? პროკურატურის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებების ლამის ნოტარიულად დამმოწმებელი სასამართლო (99,9% გამამტყუნებელი განაჩენით), ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები, განუკითხაობა პენიტენციარულ სფეროში, საკუთრების უფლების ხელყოფის აურაცხელი ფაქტები და ასე შემდეგ.

უნდა ითქვას ობიექტურად, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს არსებითად გამოსწორდა, თუმცა სასამართლო სისტემა მაინც არაფორმალური მმართველის ნებას დაქვემდებარებულად მიიჩნევა.

- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მმართველი გუნდი აცხადებენ, რომ ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი თემაა საქართველომ წლის ბოლომდე მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ძალიან კი გვინდა დავიჯეროთ პრემიერ ღარიბაშვილის ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ, გაუგებარია თუ რატომ უწოდებს იგი ოპოზიციას და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ქუჩაში დაიცვეს ქვეყნის ევროპული მომავალი, „მოღალატეებს“ და მე-5 კოლონას.

„ქართული ოცნების“ გენ.მდივანმა კახა კალაძემ კი ბერლინიდან თბილისისკენ მომავალ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკზე თქვა რომ იგი „აცდენილია რეალობას“. არადა, კანცლერ მერკელისაგან განსხვავებით, ქალბატონმა ბერბოკმა გვითხრა, რომ საქართველოსთვის „ევროკავშირის კარი ფართოდაა ღია და ევროკავშირში ელოდებიან საქართველოს“.

ბერბოკმა ასევე გვითხრა, რომ 12-ვე ევროპული რეკომენდაციები აუცილებლად გვაქვს შესასრულებელი. ამ თემაზე კი პრემიერმა განაცხადა - „თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა უნდა მიანიჭოს“.

თუ პრემიერი განცხადებით ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან ითხოვს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ისეთს, როგორიც ის დღესაა.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერის ეს განცხადება? იმას ხომ არა, რომ ჩვენ 12 რეკომენდაციის შემსრულებლები არ ვართ, თუ გინდათ ისეთები მიგვიღეთ, როგორიც ვართ?

- როგორც აღვნიშნე, ანალენა ბერბოკის განცხადებები მნიშვნელოვანია. მაგრამ იგი ვერ გვიკარნახებს, როგორ უნდა შევქმნათ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, მკაფიო ორიენტირების მქონე სახელმწიფო. ამის გაკეთება ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი აბსურდი გამოიყენება მოწინააღმდეგის დასაკნინებლად და დასამცრობად, ძნელია.

თავზარდამცემია, რომ სოციალური ქსელები ყალყზე იდგა და ერთი ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონის ბავშვობისდროინდელ გვარს, როგორც მიუტევებელ კომპრომატს, აფრიალებდა...

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეთნიკური ქართველების მესამედი მაინც არაქართული წარმომავლობისაა. კერძოდ, ჩვენი მოძმე სომეხი და ოსი ეროვნების წარმომადგენლები, რომელთა წინაპრებმა, ან თვითონ, გადაწყვიტეს, რომ ქართული მოქალაქეობა მიეღოთ. არანაირი განსხვავება ათი თაობის „წმინდა“ ქართველებსა და საქართველოს ამ მოქალაქეებს შორის, არ არსებობს. ხშირად, მათ უფრო უყვართ ჩვენი სამშობლო, საქართველო, ვიდრე ეგრეთ წოდებულ „სუფთა ქართველებს“.

მონტესკიესი არ იყოს, „სტატიკური ერები არ არსებობენ“ და ასეთი მიეთ-მოეთი ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება. ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, როცა გაქართველებული საქართველოს მოქალაქეები კი არ დამალავენ თავიანთ ეთნიკურ ფესვებს, არამედ იამაყებენ მისით. ამიტომ ეს ყოფითი ვულგარული მითქმა-მოთქმა ამა თუ იმ პიროვნების ეთნიკურ წარმომავლობაზე, უნდა შეწყდეს.

დაპყრობილ და დამორჩილებულ საქართველოში ამგვარი მითქმა-მოთქმა, შეიძლება, რაღაც ყოფით დეტალად და სიფრთხილის ფორმად აღქმულიყო, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი მიდგომა, ჩვენს სუვერენიტეტს და ერთიანობას საფრთხეს უქმნის.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორია მხოლოდ მითები და ლეგენდები არ არის... ისტორიას გულდასმით უნდა ჩახედვა. უფრო შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ორ დიდ მოღვაწეს გავიხსენებ არაქართული წარმოშობისას - ზაქარია მხარგრძელს, მხარგრძელების დიდი და დამსახურებული გვარიდან, გამოჩენილ მხედართმთავარს თამარის ეპოქისას, - მრწამსით გრიგორიანელს, ეთნიკური წარმომავლობით ქურთს, რომელიც ღირსეულად ემსახურა საქართველოს და ცხოვრების ბოლოს მართლმადიდებლურ მრწამსზეც გადმოვიდა.

დავით სოსლანი, - თამარ მეფის თანამეცხედრე. უბადლო მხედართმთავარი, შამქორის ომში ქართული ლაშქრის მეთაური, ეთნიკური წარმომავლობით ალან-ოსი გახლდათ, მაგრამ დიდი საქართველოს შექმნაში წონადი წვლილი შეიტანა.

აი, ეს, გაცილებით მნიშვნელოვანია ქართული ცნობიერებისა და საქართველოს მომავლისთვის, ერთიანი სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ვიდრე გაწვეული კანონპროექტი „აგენტების“ შესახებ, ან ქალბატონ ბერბოკის განცხადებები ვიზიტამდე და ვიზიტის შემდეგ.

აუცილებელია, ზოგჯერ მაინც, კრიტიკულად და გვერდიდან შევხედოთ ჩვენს რეალობას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ვოცნებობთ, არც წევრობაზე ვიტყოდით უარს და ამ დროს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, არ მაგონდება მთავრობის წევრი არც ერთი აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, აფხაზური ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქე. არადა, დამეთანხმებით, ჩვენი აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, აფხაზი და სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები არაფრით ჩამოგვივარდებიან ეთნიკურ ქართველებს.

თითქოსდა, უფლებრივადაც და კონსტიტუციურადაც, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ რეალობა არასახარბიელოა და ამაზე ჩვენი პოლიტიკური ელიტა უნდა ფიქრობდეს.

თითქოსდა, უფლებრივადაც და კონსტიტუციურადაც, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ რეალობა არასახარბიელოა და ამაზე ჩვენი პოლიტიკური ელიტა უნდა ფიქრობდეს

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ჩვენმა ძირძველმა ერმა ის არ უნდა აქციოს შორს, ჰორიზონტზე მდებარე სატყუარად, რომელიც რაც უფრო უახლოვდები, უფრო შორს მიიწევს. ჩასახედია წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების გამოცდილებაში.

სხვა ამბავია ბალტიის ქვეყნების თავგადასავალი, სხვაა ბალკანეთის ქვეყნების პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილება - მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, კოსოვო. კიდევ უფრო სხვა ისტორიაა თურქეთის მაგალითი, რომელიც ორი ათეული წელია კანდიდატია და წევრობას უახლოეს პერსპექტივაშიც არ ელის, რასაც საკმაოდ რთული და მრავალპლასტიანი რეალობა განაპირობებს.

ჩვენს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა...

კი, საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავრობა ევროკავშირს ეუბნება, მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართო. მაგრამ ეს 12 რეკომენდაცია სულ ზედმიწევნით რომ შევასრულოთ და ბიძინა ივანიშვილმა ექსორია თვითონ მოუწყოს თავს, შეიძლება, მაინც არ მიგვიღონ წევრობის კანდიდატად, წევრობაზე ლაპარაკი ჯერ ხომ ძალიან ნაადრევია.

რატომ? - საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გულახდილად გვითხრა, - სამხრეთ კავკასია „სხვა გეოგრაფიააო“... ფრანგებს აქვთ მიმდინარეობა, რომელსაც გეოგრაფიული პოსიბილიზმი ჰქვია და რომლის თანახმადაც ისტორიის ყველა სუბიექტს ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო თავისი ბედის და მომავლის მჭედლად აქცევს.

მაგრამ ეს მიმართულებაც კი ვერ იძლევა რეალურ ორიენტირებს პოლიტიკური პოსიბილიზმის თვალსაზრისით, რაც შესაძლებელს შეუძლებლად აქცევს.

- მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გამართული პოლემიკა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ბევრი თვალსაზრისით არ იყო არც საინტერესო და არც კონკრეტული, გვერდს ვერ ავუვლით პრემიერის პასუხს იმაზე, თუ რატომ არ აქვს ქვეყანას უსაფრთხოების ახალი დოქტრინა.

გარდა იმისა, რომ ამ თემაზე პასუხი დამაჯერებელი არ იყო, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ჩვენი ხელისუფლება უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებას ელოდება.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „ხელისუფლებას უჭირს იმის დაჯერება და გაცნობიერება, რომ რუსეთი კი არ იმარჯვებს უკრაინაში, არამედ მარცხდება“.

რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ამგვარი მტკიცება?

- თავისთავად ცხადია, რომ ასეთი დოქტრინა, თუ იგი საჯარო გახდება, უსაფრთხოების კი არა, შეიძლება სერიოზული საფრთხის მატარებელი გახდეს. ძნელია, ამ ხელისუფლებას და ამ ოპოზიციას ქვეყნის საფრთხეებზე ერთიანი ხედვა ჰქონდეს. დროსა და სივრცეში აცდენილები არიან და აქ მხოლოდ მთავრობას არ ვგულისხმობ, უფრორე და შეიძლება მეტადაც, შესაძლოა, ჩვენი ჭრელი ოპოზიცია იყოს ამ სიტუაციის განმაპირობებელი.

ძნელია, ამ ხელისუფლებას და ამ ოპოზიციას ქვეყნის საფრთხეებზე ერთიანი ხედვა ჰქონდეს. დროსა და სივრცეში აცდენილები არიან და აქ მხოლოდ მთავრობას არ ვგულისხმობ, უფრორე და შეიძლება მეტადაც, შესაძლოა, ჩვენი ჭრელი ოპოზიცია იყოს ამ სიტუაციის განმაპირობებელი

ძნელია ერთიანი მიდგომების შემუშავება უსაფრთხოების სფეროში, როცა ერთი მხარე ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს და ამაზე აგებს თავის საგარეო პოლიტიკას და მეორე რუსეთთან კონფრონტაციის და ღია დაპირისპირების მომხრეა, ძირითადად და უფრორე შეერთებული შტატების და დასავლეთის იმედად.

აქ საპოვნელია ოქროს შუალედი. სხვა შემთხვევაში, ერთი ან მეორე მხარის დომინირებისას, ვგულისხმობ ამ სფეროში, ქვეყანა მხოლოდ დაზიანდება.

- მას შემდეგ, რაც ქუჩის აქციების ფონზე მმართველმა გუნდმა „აგენტების“ კანონი ჯერ მიიღო და შემდეგ „ჩააგდო“, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი რეალურად ფუნქციონირებს, იგი აშკარად „კოჭლ“ პარლამენტს ჰყავს.

უპირველესად, პარლამენტის შერყეულ რეპუტაციას ვგულისხმობ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარლამენტის უმრავლესობა იმ 4 დეპუტატმა, „დატოვა,“ რომლებმაც ავადსახსენებელ კანონს ხმა არ მისცეს. დარწმუნებული ვარ, ეს ესმით უმრავლესობაშიც.

ალბათ სწორედ ამის გამოძახილი იყო უმრავლესობიდან დეპუტატ ოდიშარიას განცხადება ოპოზიციის მიმართ - „ევროპის დროშას არ მოგცემთ“.

ამ პროცესების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დიდი აქციის გამართვას გეგმავს. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის მიერ შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური ბრძოლის ამგვარი გზის არჩევა?

- ჩვენი პარლამენტი არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენი პარლამენტი ჩვენი ქვეყნის და ხალხის აბსოლუტური ალი-კვალია და ამაზე კამათს აზრი არ აქვს. საქართველოს პარლამენტი არც არასდროს ყოფილა უმანკო და უმწიკვლო რეპუტაციის. არასდროს ყოფილა მხოლოდ თავისი მთავარი საქმით - კანონშემოქმედებით დაკავებული. ოთხი დეპუტატის გასვლაც აბსოლუტურად ლოგიკურია.

დავით სერგეენკო კარგი მენეჯერია და პრინციპული პიროვნება. მას და ბევრ სხვას, სახელისუფლო გუნდში, ბევრს არავინ არაფერს ეკითხება და რამ უნდა შეაჩეროს პარლამენტში - კარგმა ხელფასმა?.. შიდაპარტიული დემოკრატია არც საპარლამენტო უმრავლესობაში და არც ოპოზიციაში, ფაქტობრივად, არ არსებობს.

არც მმართველი გუნდის მიერ ამ დროშის დაჩემება გამოვა და არც ოპოზიციის თავგამოდება - დასავლეთს ჩვენ და მხოლოდ ჩვენ განვასახიერებთო

ან, ვთქვათ, რამდენი წელი შეიძლება იყოს დაკავებული, თავისი პროფესიული ინტერესების მიმართულებით, პარლამენტში, კარგი პროფესიონალი, ირაკლი კოვზანაძე. ორი წელი, - შეიძლება. ოთხიც, - მაგრამ ათი?.. მას ხომ გაცილებით მეტი ანაზღაურება ექნებოდა ნებისმიერ სამუშაო ადგილზე, თავისი პროფესიის მიხედვით.

ან რა უნდა კარგ პროფესიონალს და სამხედრო ჩინით გენერალს, პარლამენტში, თუ რაღაც მნიშვნელოვან რეფორმას არ უწევს საკანონმდებლო უზრუნველყოფას.

დროშას რაც შეეხება, იგი არც „ოცნებისაა“ და არც ოპოზიციის. ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების გამომხატველია განვითარების ვექტორის თვალსაზრისით. არც მმართველი გუნდის მიერ ამ დროშის დაჩემება გამოვა და არც ოპოზიციის თავგამოდება - დასავლეთს ჩვენ და მხოლოდ ჩვენ განვასახიერებთო.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკური ბრძოლის გზას, ის, უგზოობის პირობებში, სოფლის ორღობეში მონჯღრეულ გზაზე მიმავალი ურმიდან ნამღერ ჰარი-ჰარალეს უფრო ჰგავს

არც ევროკავშირის ამოჩემება გამოიყურება ლოგიკურად - მიგიღებთ ევროკავშირში (კანდიდატად), თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ და მისი მოკავშირეები (სატელიტები) დაბრუნდებიანო. ამ უკანასკნელ მიდგომას დავეთანხმებოდი, რომ არ მახსოვდეს „ის ცხრა წელი“, ავტორიტარული რეჟიმი მთელი თავისი „ხიბლით“.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკური ბრძოლის გზას, ის, უგზოობის პირობებში, სოფლის ორღობეში მონჯღრეულ გზაზე მიმავალი ურმიდან ნამღერ ჰარი-ჰარალეს უფრო ჰგავს.

- კვალიფიციურ დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ იმ ვითარებაში რაც ახლა მსოფლიოში ხდება, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში, იმ გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით რომელიც ქვეყანას აქვს, მნიშვნელოვანია ქვეყნის საზოგადოებაში არსებობდეს კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით.

მესმის, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში აბსოლუტურად სრული კონსენსუსი ვერასდროს ვერ იქნება, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში რომ საზოგადოება საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებში კონსოლიდირებული უნდა იყოს საზოგადოება, ფაქტია. მმართველი გუნდი კარგა ხანია ხელისუფლებაშია და არა მგონია მათ ეს გაცნობიერებული არ ჰქონდეთ და არ ესმოდეთ.

მეტიც, საფრთხეების წინაშე საზოგადოების გაერთიანების და არა დაყოფის ავტორი ხელისუფლება უნდა იყოს.

როგორც ამბობენ, ამჯერად ევროკავშირის დროშები ხელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ეჭირებათ. ევროკავშირის დროშების ფრიალი კარგია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ახლა ევროპისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული საქმის კეთების დრო უფროა.

ვითარებაში, როცა რუსეთი პიარტექნოლოგიების საშუალებით კარგა ხანია ცდილობს ქართულ საზოგადოებაში არ იყოს კონსენსუსი ლამის არც ერთ საკითხში, განსაკუთრებით საგარეო კურსთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, რამდენად მართებული იქნება მმართველი გუნდის, ან მათი მხარდამჭერების მიერ ამგვარი აქციის გამართვა?

- ეს საცოდავი რუსეთი, თავის პიარტექნოლოგიებიანად რომ არ არსებობდა, განა მაშინ ქართულ საზოგადოებაში რაიმე საკითხზე კონსენსუსი ყოფილა? ადრე შუა-საუკუნეებს, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ.

რუსული სპეცსამსახურები ჩვენი ეროვნული ხასიათის ამ თავისებურებით ყოველთვის სარგებლობდნენ და დღესაც სარგებლობენ. ცოტა გაუჭირდათ, როცა წარმომავლობით ქართველები ედგნენ სათავეში საბჭოთა იმპერიას. ამიტომ, მთლად და მხოლოდ მათი ბრალი ჩვენში კონსენსუსის არარსებობა არ უნდა იყოს.

და კიდევ ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს ჩვენი მკითხველის საყურადღებოდ - ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, უნდა გვახსოვდეს ბრძენკაცის ნათქვამი: რომ გავერთიანდეთ, აუცილებელია, გავიმიჯნოთ.

რუსული სპეცსამსახურები ჩვენი ეროვნული ხასიათის ამ თავისებურებით ყოველთვის სარგებლობდნენ და დღესაც სარგებლობენ. ცოტა გაუჭირდათ, როცა წარმომავლობით ქართველები ედგნენ სათავეში საბჭოთა იმპერიას. ამიტომ, მთლად და მხოლოდ მათი ბრალი ჩვენში კონსენსუსის არარსებობა არ უნდა იყოს

ვერავინ იტყვის, სად არის მიჯნა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ამ ორ უკანასკნელსა და პრორუსულ მიმდინარეობებს შორის, რომელთაც საკმაო დასაყრდენი აქვთ, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში.

ისიც ვთქვათ, რომ რატომღაც, გაერთიანებისკენ მოწოდება ჩვენთან ნიშნავს: შენი უარყავი და ჩემს პრინციპებზე გავერთიანდეთ. ეს კი არ გამოდის.

როცა მიჯნა გამოიკვეთება, გაერთიანების კონტურებიც გამოჩნდება. აქციის გამართვა კი მმართველი ძალის მომხრეების მიერ არათუ მართებულია, არამედ აუცილებელიც კია.

პირადად მე ამ აქციაზე არ წავალ, რადგან აქციის მიზნები და ამოცანები ფორმულირებულია ჩემთვის საკმაოდ ბუნდოვნად, ისე, რომ მისი სხვადასხვანაირად ინტერპრეტირება შეიძლება. უნდა გავითვალისწინოთ და ვაღიაროთ ერთი ნიშანდობლივი რეალობა -მმართველ ძალას და მის ღია თუ ფარულ მოკავშირეებს, საქართველოს, მინიმუმ, ორჯერ მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე ოპოზიციას.

უნდა გავითვალისწინოთ და ვაღიაროთ ერთი ნიშანდობლივი რეალობა - მმართველ ძალას და მის ღია თუ ფარულ მოკავშირეებს, საქართველოს, მინიმუმ, ორჯერ მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე ოპოზიციას

შესაბამისად, აქციებით გაჯიბრება შედეგს არც ერთ მხარეს არ მისცემს, მაგრამ ყველა მხარისთვის იმას ნათელყოფს, რომ როცა ხელისუფლებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის პრეტენზიების მიუხედავად, მას მთავარ ოპოზიციურ ძალასთან მიმართებაში, ორგზის აღმატებული ელექტორატი ჰყავს.

რადიკალური ოპოზიციური მოძრაობა ვერ შეძლებს იმ დონის დესტაბილიზაციის ორგანიზებას, რომელიც ინიციატივას „ოცნებას“ დააკარგვინებს და 2024 წლის არჩევნების წინ დაძაბულობის იმ ხარისხს შექმნის, რომელიც აიძულებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოპოზიციისთვის მისაღები და ხელსაყრელი შედეგები დადოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო