პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე, „რეალური ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებში ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა შეიქმნას 12 რეკომენდაციის შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, ასევე შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია მინიმუმ სამ საკითხზე, კერძოდ - მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსული კანონის მიღების შედეგად, ხელისუფლებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ჩვენს პარტნიორებში დადასტურდა ხელისუფლების მიერ, ანტი-ქართული, ანტიეროვნული ნაბიჯების მიზანმიმართულად გადადგმის აღქმა.
ამ მოცემულობის საპასუხოდ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოების მეორე, რეალური ეტაპი, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითობის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა.
ამისთვის საჭიროა ორივე მხარემ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ყველამ გადაინაწილოს პასუხისმგებლობა და ერთად წარმართოს პროცესი. ეს იქნება, მათ შორის პირველი რეკომენდაციის შესრულების შესაძლებლობა და პოლარიზაციის შემცირება. გაერთიანებული პასუხისმგებლობის ფარგლებში - შეიქმნას რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს, ევროკომისიის შეფასების და მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას და მათთან იმუშავებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგების მიმართულებით.
მეორე რაუნდის დღის წესრიგში, სრულად იქნას გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მინიმუმ 3 საკითხზე: მართლმსაჯულება - იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტური რეფორმით; საარჩევნო რეფორმა - ერთიანი, სრულფასოვანი მათ შორის, ყველა წინა რეკომენდაციის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული სააგენტოს რეფორმა - მარეგულირებელი ჩარჩოს სისტემური გადახედვა მისი დამოუკიდებელი, საგამოძიებო ფუნქციის უზრუნველყოფით და ასევე დეოლიგარქიზაციის საკითხი - სისტემური მიდგომის და არა ინდივიდუალური მიდგომის შესაბამისად.
უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური სუბიექტების ჩართულობა, რისთვისაც სამუშაო პროცესის წარმართვა უნდა განხორციელდეს პარლამენტის რეგლამენტით, მკაფიოდ რეგულირებული მექანიზმების საშუალებით,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ამ შეთავაზებაზე "ქართული ოცნება" უარს იტყვის, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ არ აპირებენ რეკომენდაციების შესრულებას. ლილუაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ყველა დემოკრატიულ ზომას, რომ "ოცნების არალეგიტიმური მმართველობა დასრულდეს".
"ჯერ კიდევ არსებობს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, რომელიც პრო-ევროპელი, ქართველი ხალხის ბრძოლამ შეინარჩუნა. მოვუწოდებთ მათ აქტიურობის შენარჩუნებისკენ.
ასევე მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს გააძლიერონ წნეხი ხელისუფლებაზე 12 პუნქტის შესასრულებლად.
თუ "ოცნება" უარს იტყვის აღნიშნულზე, ჩაითვლება, რომ "ოცნების" ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, არალეგიტიმურია და მათ არ სურთ ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრული გზით განვითარება.
შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ ყველა დემოკრატიულ ზომას, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მმართველობის დონეზე, იმისთვის, რომ "ოცნების" არალეგიტიმური მმართველობა დასრულდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ევროპისკენ,"- განაცხადა ლილუაშვილმა.