მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მოქალაქეების არალეგალური გზით ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ყოფნა აზიანებს მათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სახელმწიფოს ინტერესებს - გამოსავალი არის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა

საქართველოს მოქალაქეების არალეგალური გზით ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ყოფნა აზიანებს როგორც მათ ინტერესებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს - ამის ერთადერთი გამოსავალი არის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, ლეგალური გზების ძიება და ათვისება ევროკავშირის შრომით ბაზარზე, - აღნიშნული განცხადება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც პირველი მოსმენით “შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები განიხილეს.

კანონპროექტი საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო სერტიფიცირებას ითვალისწინებს. სერტიფიცირება უფასო იქნება და პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. სერტიფიცირებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ე.წ. ცირკულარული მიგრაციის სქემებში ჩაერთონ.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემების სავალდებულო რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ-სისტემაში და ამ მონაცემების ბაზაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის (D1) გაცემას.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახური.

სერტიფიკატის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარი იქნება, ხოლო საშუამავლო კომპანია ჯანდაცვის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშის წარუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმდება ათასი ლარით.

“საქართველოს მოქალაქეების არალეგალური გზით ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ყოფნას აზიანებს როგორც მათ ინტერესებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. თუმცა, ამის ერთადერთი გამოსავალი არის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, ლეგალური გზების ძიება და ათვისება ევროკავშირის შრომით ბაზარზე. ამ მიმართულებით გამოწვევა არის ბევრი. ჩვენ ამ საკითხს სხვადასხვა კუთხით შევხედეთ და სწორედ, ამას მიეძღვნა ჩვენი კომიტეტის შარშანდელი კვლევა და რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების შესრულება ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება იმისათვის, რომ ლეგალურ მიგრაციას ისე შევუწყოთ ხელი, რომ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და ეს უნდა იყოს ჩვენი პირველი ინტერესი და მთავარი მიზანი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება