მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში ოპერირებულ ფარმაცევტული დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 15 მარტიდან, სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართულმა დაწესებულებებმა, ჯანდაცვის სამინისტროს, პროდუქტების ბრუნვის შესახებ მონაცემები ელექტრონულად უნდა გაუზიარონ.
„სიახლე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას უკავშირდება და მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.
იმ აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ აქვთ, სამინისტრომ, ელექტრონული სისტემა შექმნა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეძლებენ ისინი პროდუქტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის განთავსებას.
აღნიშნულ დაწესებულებების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ ტრენინგებზე გადაამზადებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული მარაგების შესახებ განაცხადის შევსების ფორმა და პროცედურები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.