ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ.

პარტნიორები უკვე შეხვდნენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებს - „გირჩს“ და „რეფორმების ჯგუფს“.

შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხო კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მათთან შეხვედრაზე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხზე, ასევე 12 პუნქტით გათვალისწინებულ რეფორმებზე.

„დეპოლარიზაცია წარმოუდგენელია მოხდეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხების სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე. ასევე, 12 პუნქტიანი გეგმის ის საკითხები, რაც განსაზღვრულია, მნიშვნელოვანია შესრულდეს იმ სულისკვეთებით, იმ საფუძვლებით, რაც მიღებული იქნა ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებებში და არა ისე, როგორც ეს წარმოუდგენია კოსმეტიკურად „ქართულ ოცნებას“ და ამ მიმართულებით ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

„რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, 12 პუნქტის გარდა, ისაუბრეს იმ პოლიტიკურ პროცესზე, რაც ქვეყანაშია.

სამნიძის თქმით, საჭიროა პროცესები ევროპული და დემოკრატიისკენ მიმართული იყოს.

„მთავარი შეკითხვა იყო როგორ ვაფასებთ ვითარებას და ჩვენი ჯგუფი მხარს უჭერს თუ კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ღიად და დამარცვლით ვთქვით, რომ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, ჩვენი პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს ვუჭერთ რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, მიუხედავად ურთულესი პოლიტიკური პროცესებისა, რათა ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთთან და იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი“,- განაცხადა სამნიძემ.

რაც შეეხება პარტნიორების შეფასებას რომ „რაც პარლამენტში ხდება, შოკისმომგვრელია", სამნიძის თქმით, „რა თქმა უნდა, ევროპელი პარტნიორებისთვის შოკისმომგვრელია, როცა საკომიტეტო მოსმენაზე და პლენარულ სხდომაზე ფიზიკური თავდასხმებია, ჩვენთვის ეს არის ძალადობის მუდმივი კერა.

„მათთვის წარმოუდგენელია, როცა ხედავენ ყველა სხდომაზე ფიზიკურ თავდასხმას ოპოზიციაზე“, - განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე და ამის როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან აგრძელებენ. რის შემდეგაც შეხვდებიან ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს. დღესვე დაგეგმილია ასევე შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოსთან," „მოქალაქეებთან“, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან. დღის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებს შეხვდებიან.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი