მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არავითარი სასპეკულაციო სივრცე არ არსებობს და ყველაფერი ხელის გულზე დევს - ერთადერთი, რაც სააკაშვილმა უნდა გააკეთოს, საკვების მიღების შესახებ რეკომენდაციის შესრულებაა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
ოხანაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს.
"პატიმარმა შეიძლება უფლებრივი სტანდარტის გაუმჯობესება მოითხოვოს, მაგრამ სააკაშვილი ამას კი არ ითხოვს და იმაზე კი არ საუბრობს, რომ მისი უფლებრივი მდგომარეობა რაიმე ფორმით შელახულია, არამედ გადასულია თვითდაზიანების რეჟიმზე.
ის უზრუნველყოფილია ვიზიტორებით, მისი უფლებები არის გარანტირებული და დაცული. ერთადერთი, რაც პირადად მასზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფოზე, არის საკვების მიღება.
თუ ოჯახს უცხოელი ექიმების ჩართვა სურს, ესეც უზრუნველყოფილი იქნება - ამიტომ გაუგებარია, სად რჩება სივრცე სპეკულაციისთვის, რადგან არავითარი სასპეკულაციო სივრცე აღარ არსებობს და ყველაფერი ხელის გულზე დევს", - განაცხადა ოხანაშვილმა.