ლევან ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

დღეს, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის ინიციატივით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საუბრის თემა შეეხებოდა 9 აპრილის აქციას, ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და „მთავრი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას.

„ევროკავშირის ელჩს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვუმასპინძლეთ. ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა, მათ შორის „რუსულ კანონთან“ მიმართებაში, რაც „რუსულმა ოცნებამ“ შემოიტანა და სახალხო პროტესტის შემდეგ ხალხმა დააღეჭვინა ეს კანონპროექტი.

ამასობაში, დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბატონი ელჩის ინიციატივით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიმართა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, თუ როგორ ხედავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამ რეკომენდაციების შესრულების პერსპექტივას და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და ასევე ვისაუბრეთ პოლიტპატიმრების შესახებ, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას, როგორც 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პუნქტს და ეს არის დეპოლარიზაცია და წარმოუდგენელია პოლიტპატიმრების გარეშე დეპოლარიზაციის მიღწევა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ელჩი მხარს უჭერს საქართველოს, ქართველ ხალხს.

„ელჩი ღიად, მკაფიოდ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და წარმოუდგენელია ეს მთავრობამ არ გამოიყენოს, თუ ძალით და მიზანმიმართულად არ ეწევა ევროპული პერსპექტივის საბოტაჟს, რადგან აბსოლუტურად ყველა მოწადინებულია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და „რუსული ოცნებისა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ევროკავშირის ელჩს, ლევან ხაბეიშვილმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, რომ ეს აქცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აიძულონ 12 პუნქტის შესრულება და ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია ევროკავშირის ელჩს არ მოსწონდეს ევროპის მხარდამჭერი აქციები.

„მათთვის მნიშვნელოვანია 9 აპრილის აქცია თუ რა შინაარსის იქნება და მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომ ეს აქცია ეხება სწორედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის მიღების ფორსირებას „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ეს 12 პუნქტი შეასრულოს და არა მხოლოდ ისაუბროს, რომ რამე გააკეთეს, არამედ საქმით შეასრულონ და 9 აპრილის აქცია იმისთვის ტარდება, რომ ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ცხადია, ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია და წარმოუდგენელია ევროკავშირის ელჩს არ მოსწორდეს ჩვენს ქვეყანაში ევროპის მხარდამჭერი აქციები, მშვიდობიანი აქციები, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს