თაზო დათუნაშვილის განცხადებით, აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესები „პროცედურული დარღვევებითა და აბსურდული ჩვენებების მოსმენით მიმდინარეობს“

პარტია „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, 9 მარტის შემდეგ დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესები პროცედურული დარღვევებითა და აბსურდული ჩვენებების მოსმენით მიმდინარეობს და საპროტესტო აქციებში მომაწილე მოქალაქეების სამაგალითო დასჯას ისახავს მიზნად.

როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, პროცესები არღვევს ადამიანის უფლებებს, პირდაპირ ატარებს სახელმწიფოს მხრიდან დევნის ხასიათს, ამიტომ ღარიბაშვილს, კობახიძესა და „ოცნების“ სხვა ლიდერებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ „ეს უპრეცედენტოდ ბინძური და უკიდურესად სახიფათო კამპანია“.

მისივე თქმით, „ლელო“ და მისი იურისტთა ჯგუფი მზად არის, ყველას, ვისაც სჭირდება, სრულფასოვანი იურიდიული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

„9 მარტის შემდეგ, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მებრძოლი, მიტინგის მონაწილე ახალგაზრდები „ქართულ ოცნებას“ სამიზნედ ჰყავს ამოღებული.

ჩვენი ინფორმაციით, სუს-ის მხრიდან ხდება მიზანმიმართული ტარგეტირება „ფრანკლინის კლუბსა“ და სხვადასხვა ახალგაზრდულ ჯგუფებზე. მიმდინარეობს მათი მორალური გატეხისა და დაშინების კამპანია. ხელისუფლებას აქვს მცდელობები, რომ ახალგაზრდები დაატეროროს. კამპანია საჯაროდ პროპაგანდისტული არხების, ტროლებისა და „ოცნების ცოცხალი ტროლ დეპუტატების” ხელით, ხოლო არასაჯაროდ სუს-ის სპეცოპერაციის სახით მიმდინარეობს.

რეჟიმის მთავარ სამიზნეს ახალგაზრდებთან ერთად ჟურნალისტები წარმოადგენენ. სასამართლოში პროცესები მიდის პროცედურული დარღვევებითა და აბსურდული ჩვენებების მოსმენით. არც ახალგაზრდების და არც ჟურნალისტების საქმეში არ არსებობს ნივთმტკიცებები და არ ეფუძნება არავითარ მტკიცებულებებს. საქმეები იკერება პოლიციელთა ჩვენებებით და მიზნად ისახავს საპროტესტო აქციებში მომაწილე მოქალაქეების სამაგალითო დასჯას.

მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ღარიბაშვილს, კობახიძესა და „ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს უპრეცედენტოდ ბინძური და უკიდურესად სახიფათო კამპანია. პროცესები არღვევს ადამიანის უფლებებს, პირდაპირ ატარებს სახელმწიფოს მხრიდან დევნის ხასიათს და სადამსჯელო ოპერაციაა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ლელო“ და ჩვენი იურისტთა ჯგუფი მზად ვართ ყველას ვისაც სჭირდება, სრულფასოვანი იურიდიული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ყველა საქმეს გავყვებით ბოლომდე. არ მივცემთ სისტემას უფლებას დაჩაგროს თავისუფლებისთვის და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი თაობა.

დღეს როდესაც სახალხო დამცველის ინსტიტუტიც კი უზურპირებულია და აღარ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. მივმართავ ყველას, ჩვენ მზად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ ბოროტების მანქანასთან გამკლავებაში!

მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე, მობრძანდით ჩვენს ოფისებში, დაგვირეკეთ!“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა