პრეზიდენტი - უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ემიგრანტებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და რუსეთიდან დაბრუნებულებისთვის, ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა

ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისთვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ისაუბრა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.

პრეზიდენტის თქმით, ხალხის ნების და მისწრაფების დაცვა მისი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა.

„როგორც ამბობენ, „საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“ და ამდენად, ახლა გადავალ რეალურ საქმეზე. ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა ჩემს მოტივაციას ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას და ეს მიზანი მიღწეული იქნა ჩემი დეპუტატობის დროს. ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არცერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა თუნდაც 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა.

თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი უწყვეტი მცდელობების მიუხედავად ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მოითხოვს მიდგომის შეცვლას, ეროვნული ინტერესის გააზრებას, მითუმეტეს დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში. აქვე, მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და კატეგორიულად გამოვაცხადო, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს მოქალაქეობის კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ხალხი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, თითქოსდა პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება.

ჩვენი ხალხის ნების და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, რაც გამყარებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის დღიდან, იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, იმისთვის, რომ დაიცვას და გაამყაროს ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები.

„უფრო დეტალურად, 2021 წლის მარტს საქართველოში, ჩემი ძალისხმევით განხორციელდა შარლ მიშელის ვიზიტი და მისი ანუ, ევროკავშირის, ისტორიული ჩართულობა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადასაჭრელად. შედეგი, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მიღწეული იქნა, სადაც მსოფლიომ ნახა, დემოკრატიული, ერთად მდგარი ქვეყნის სურათი - ოპოზიცია, უმრავლესობა, პრეზიდენტი და ევროკავშირი. დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები.

2021 წლის 23 ივნისს, ჩემი ძალისხმევით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, 15 წლის შემდეგ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, დიპლომატიური ურთიერთობები უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს და მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა წარუმატებელი ყოფილიყო ან საერთოდ არ შემდგარიყო ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე.

2021 წლის 19 ივლისს, საქართველოში ჩემი ძალისხმევით, განხორციელდა ისტორიული უმაღლესი დონის პეტრას სამიტი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირი. სადაც მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არის ლიდერი, ინიციატორი და მოწინავე. სამიტის ბოლოს საამაყო, საზეიმო იყო ჩვენი ერთობა: პრეზიდენტი, პრემიერი და ჩვენი მეგობრები ერთად და იმედიანად ვუყურებდით ჩვენს ევროპულ მომავალს. დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო